- იქნებ აგვიხსნათ, საიდან პოულობთ დროს იმისთვის, რომ მსოფლიო სპორტის სამყაროში განვითარებულ მოვლენებს ადევნოთ თვალი?
- ჯერ ერთი, არ ვუყურებ ახალ ამბებსა და საკაბელო ტელევიზიას. ამიტომაც დილით, როცა მიშელთან ერთად ვარ, SportsCenter-ს ვრთავ. ეს ერთადერთია, რის უფლებასაც ის მაძლევს. იქ წინა დღეს მომხდარ ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე ლაპარაკობენ. თანაც მე
- წარმომიდგენია, როგორ აჩვენებთ თავს ოჯახის წევრებს, რომ თითქოს მუშაობთ, ამ დროს კი საწოლში League Pass-ის დახმარებით საკუთარ iPad-ზე რომელიმე საკალათბურთო მატჩს უყურებთ...
- სხვათა შორის, მართლაც ვიყენებ საკუთარ iPad-ზე League Pass-ს.
- ამაში თქვენ იხდით ფულს თუ თეთრი სახლი?
- არა, გადახდა მე მეკუთვნის (იცინის).
- იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჰარვარდის კურსდამთავრებულებს შორის პოპულარობით ერთმა ბიჭმა გაგასწროთ?
- ჯერემი ლინმა. ის კარგია. მე ვიცოდი ჯერემი ლინის შესახებ იქამდე, სანამ ის ფართო პუბლიკისთვის გახდებოდა ცნობილი. განათლების მინისტრი არნე დუნკანი ჰარვარდის გუნდის კაპიტანი იყო და ერთხელ საკალათბურთო მოედანზე იგი მომიყვა განსაცვიფრებელ მცველზე, ჯერემი ლინზე, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. შემდეგ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მე ის საქმეში ვნახე. ასე რომ, ამ კალათბურთელის წარმატება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
- გაკვირვებული ვარ, რომ ლინს არ დაეხმარეთ "ბულზში" გადასვლაში, როცა ის ჯერ კიდევ უგუნდოდ იყო დარჩენილი...
- "ბულზს" უკვე ჰყავს ბრწყინვალე გამთამაშებელი. ასე რომ, ლინი ილინიოსში ვერ შეძლებდა თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. საერთოდ, ეს დიდი ისტორიაა - როგორ გახდა ყველასთვის უცნობი ადამიანი ამერიკის გმირი. ეს განსაცვიფრებელია. ეს ყველაფერი დიდ პროპაგანდას უწევს სპორტის ამ სახეობას მთელ მსოფლიოში. შეხედეთ კალათბურთის რეიტინგებს ჩინეთში.
- მაგრამ, როგორც "ჩიკაგოს" ფანი, ალბათ, ნერვიულობთ, რომ ლინი აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობს...
- არა. შეხედეთ რა ხდება "ჩიკაგოს" თავს. როუზისა და დენგის გარეშეც ის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
- რას ემყარება თქვენი ოპტიმიზმი? რით განსხვავდება წლევანდელი გუნდი შარშანდელისგან, როცა "ბულზი" მატჩებს მხოლოდ როუზის ოსტატობის ხარჯზე იგებდა?
- დენგი თავის თავში უფრო დარწმუნებული გახდა, ბუზერი კარგ ფორმაში იმყოფება, დერიკ როუზი საბოლოოდ გაიზარდა. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ ის დასვენებისთვის ცოტა დროს იღებს. არადა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მაგრამ მიმაჩნია, რომ "ჩიკაგო" ჩემპიონობისთვის მზად არის - გუნდს კარგი შანსები აქვს წლევანდელი ტიტულისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, "მაიამი" ამჟამად ბრწყინვალედ გამოიყურება. "ჰიტს" გაქცევის და თავისუფალი მოქმედების საშუალება რომ მისცე, შეუძლებელი იქნება მისი გაჩერება, მაგრამ პლეი ოფში რიტმი ოდნავ იკლებს და არა მხოლოდ სირბილი, არამედ ფიქრიც არის საჭირო.
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენჯერ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საყვარელ კლუბს თეთრ სახლში მასპინძლობთ?
- ყოველ წელს. სამწუხაროდ, ოცნება ჯერ არ სრულდება, მაგრამ აუცილებლად ასრულდება.
- დარწმუნებული ხართ?
- მე ხომ აქ კიდევ ხუთი წელი უნდა ვიყო (იცინის).
- NBA-ში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლოკაუტი, რომლის დროსაც ამბობდით, რომ კონფლიქტში ჩარევის უფლება არ გქონდათ...
- მართალია.
- ოდნავი ბიძგის მიცემა არ შეგეძლოთ? სეზონის გაუქმებამდე არა დღეები, არამედ საათები რჩებოდა...
- მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ რაღაც მომენტში მხარეები კომპრომისამდე მივიდოდნენ. როცა ერთ მხარეს მილიარდერები არიან, მეორე მხარეს კი მილიონერები, ისინი მაინც იპოვნიან ფულის გაყოფის გზებს, რაც საბოლოოდ გააკეთეს კიდეც და ეს სწორი საქციელი იყო.
ყველაზე დიდ იმედს მაძლევს ის ტემპი, რომლითაც სპორტის ეს სახეობა კალაპოტში დგება. ჯერემი ლინი, "მაიამი" და ყველა ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ახლა ლიგაშია - მათ ერთად აჰყავთ ლიგა პოპულარობის ძველ დონეზე.
მაგრამ ვფიქრობ, რომ პროფესიონალ სპორტსმენებსა და მფლობელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის ქმნიან შოუს - იმათთვის, რომლებიც მათ გუნდებში დებენ ფულს. სწორედ ისინი აქცევენ ამ ბიჭებს მილიონერებად. როცა პროფესიულ სპორტში ხარ, უნდა იცოდე, რომ შენს გრანდიოზულ კონტრაქტს ჩვეულებრივი შრომისმოყვარე ადამიანები უზრუნველყოფენ.
- მართალია, რომ თქვენ დაბლოკეთ კრის პოლის ტრეიდი, რადგან არ გინდოდათ, რომ ის "ლეიკერსში" გადასულიყო (იცინის)?
- მე მიყვარს კრის პოლი. ის შესანიშნავი ბიჭია. ამ ბიჭების შესახებ ბევრი რამ გავიგე ჩემს 49-ე დაბადების დღეზე. შინ პატარა "ოლ-სტარი" მოვაწყვე. კრისი ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა. მის წინ პატარ "კროსოვერი" გავაკეთე. ის ამტკიცებს, რომ ბურთი მომპარა. მაგრამ ყველამ, ვინც იქ იყო, იცის, რომ ეს ასე არ არის. მეორე ჯერზე, შესაძლოა, წამართვა ბურთი, მაგრამ პირველად ვერც იფიქრებდა, რომ მე ასეთი ილეთი შემეძლო.
- შეამჩნიეთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდით, თქვენ წინააღმდეგ მთელი ძალით არ თამაშობენ?
- ასეთი რამ არ ხდება. რეჯი ლავი - ჩემი ყოფილი თანაშემწე, რომელიც "დიუკში" თამაშობდა და ახლა ამ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხს იღებს, ყოველთვის ამბობდა, რომ ჩემ წინააღმდეგ ასეთი რამ არ გავა. თუ ვინმე სრულად არ იხარჯება, ის ჩემ გვერდით ვერ იქნება. და ეს სიმართლეა. მხოლოდ იმათთან ვთამაშობ, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ მთელი ძალით იმოქმედებს.
- ხშირად დადიხართ თქვენი ქალიშვილის საკალათბურთო მატჩებზე? როგორ ახერხებთ ამას?
- ისინი, ძირითადად, შაბათს დილით თამაშობენ. ამ დღესაც მიწევს მუშაობა, მაგრამ შემიძლია ჩემი განრიგი ისე შევადგინო, რომ თავისუფალი დრო გამოვნახო. მართლაც ძალიან მიყვარს ქალიშვილის მატჩებზე დასწრება, იმაზე დაკვირვება, როგორ თამაშობენ 10 წლის გოგონები კალათბურთს და რა ემოციებია ამ დროს მოედანზე. ეს შესანიშნავია. შარშან ცოტა ხანი მწვრთნელის რანგში ვიყავი.
- მართლა?
- დიახ. ჩვენი გუნდის მწვრთნელი შესანიშნავი ქალბატონია. ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს და კალათბურთი არასოდეს უთამაშია, მაგრამ უხელფასოდ დათანხმდა ამ სამუშაოს. ერთ კვირა დღეს გოგონები ადგილობრივ სპორტდარბაზში წავიყვანეთ და რამდენიმე ილეთი ვაჩვენეთ. გასაკვირი ის არის, რომ ეს სამუშაო უფრო მომქანცველი ყოფილა, ვიდრე უშუალოდ კალათბურთის თამაში.
- რატომ?
- როცა თამაში იწყება და ხედავ, რომ შენმა შრომამ შედეგი გამოიღო, შესანიშნავად გრძნობ თავს. მაგრამ იქვე ამას რამდენიმე შეცდომა მოჰყვება - თავს საშინლად გრძნობ. მაგრამ, საერთო ჯამში, შესანიშნავია, რომ ბევრი გოგონა მთელ მსოფლიოში დაკავებულია ფიზკულტურით.
მე უკვე 50 წლის ვარ, საშუალო სკოლაში 70-იან წლებში დავდიოდი. ჩვენს სკოლაში სპორტული გოგონები მრავლად იყვნენ, მაგრამ, საერთო ჯამში, სპორტი ნორმად არ ითვლებოდა.
ახლა კი უმრავლესობისთვის ფიტნესი ბუნებრივ პროცესად მიიჩნევა. გოგონები კონკურენციას სწავლობენ. ისინი იგებენ, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს. მათ მიბაძვის ბევრი მაგალითი აქვთ, ამიტომაც გვყავს ბევრი ბრწყინვალე ქალი სპორტსმენი. გოგონებმა იციან, რომ შეიძლება ერთდროულად იყვნენ ძლიერები და ამტანები და ამასთან, ლამაზები და საკუთარ თავში დარწმუნებულები.
- თქვენი მეუღლე საკმაოდ მაღალია...
- დაახლოებით 180 სანტიმეტრი. მისი ძმა კი, რომელიც ორეგონის შტატში მწვრთნელად მუშაობს, ორი მეტრია. ის პრინსტონში თამაშობდა, შემდეგ საზღვარგარეთ იყო. ისინი პოტენციურად კარგი სპორტსმენები არიან. თუმცა ამ განხრით ჩვენს ოჯახში ყველაზე ძლიერი ჩემი ნათესავი გოგონაა, რომელიც ორეგონის შტატის ქალაქ კორვალისში ცხოვრობს. ახლა ის რთული არჩევანის წინაშე დგას. უნდა გადაწყვიტოს, რომელ სახეობას გაჰყვეს - სოფტბოლს, ფრენბურთს თუ კალათბურთს.
- ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო კალათბურთელად?
- მაიკლ ჯორდანი.
- ახლა "ჩიკაგოს" გულისხმობთ თუ მთელ NBA-ს?
- NBA-ს. კარგად გამიგეთ, მე ჯერ არ მინახავს ნიჭის, გამარჯვებისადმი სწრაფვის, ამტანობისა და სრულყოფისკენ სწრაფვის ასეთი შერწყმა. არიან კალათბურთელები, რომლებიც ნიჭის მხრივ შეიძლება მის გვერდით დავაყენოთ. ვფიქრობ, ლებრონს ისეთივე ტალანტი აქვს, როგორიც მაიკლს. იყვნენ მოთამაშეები, მაგალითად, ბერდი ან მეჯიქი, რომლებსაც ასეთივე სწრაფვა ჰქონდათ გამარჯვებისკენ, მაგრამ ამ თვისებების საუკეთესო ნაზავი მხოლოდ ჯორდანს გააჩნდა.
- მე არ მესმის, როცა ხალხი რომელიმე კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს ადარებს. ჯერ მოიგონ ექვსი საჩემპიონო ბეჭედი, ლიგა ააღორძინონ და შემდეგ ილაპარაკონ!..
- და ის ქარიზმა არ დაგავიწყდეთ, რომლითაც ის თამაშობდა. შეუძლებელი იყო თვალი მოგეშორებინა მისთვის, როცა ბურთს მიიღებდა.
- რაღაც მომენტში თქვენი გზები გადაიკვეთა?
- როცა მაიკლი კარიერას ასრულებდა, მე უბრალო გულშემატკივარი ვიყავი; მაგრამ როცა კენჭს ვიყრიდი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ჩვენ ერთობლივი მეგობრები გამოგვიჩნდნენ. და მას შემდეგ მეგობრები ვართ.
- ალბათ, იცით, რომ ბევრი ცნობილი კალათბურთელი გამოხატავდა დიდ ინტერესს 2008 წელს თქვენი საპრეზიდენტო კამპანიის მიმართ...
- დიახ, მათ იციან, რომ მე კალათბურთით ვარ გატაცებული და შესანიშნავად ესმით, რას ნიშნავს დაძაბული კონკურენცია. ვფიქრობ, ბევრმა მათგანმა სიამაყით და სიამოვნებით მიიღო ქვეყანაში პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი, რომელსაც მათთან კალათბურთზე საუბარი შეუძლია. სხვათა შორის, ამასწინათ ფლორიდაში, ვინს კარტერის სახლში გამართულ საღამოს ვსტუმრობდი. იქ იყო მეჯიქი, კრის პოლიც მოვიდა. ეს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ მოხდა. ასე რომ, ბევრი ვარსკვლავი იყო ქალაქში.
მე ადრე უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ წასვლამდე პოლთან კალათბურთზე და ამ სეზონში "კლიპერსის" პროგრესზე ვილაპარაკეთ. მას ვუთხარი, რომ მისი და გრიფინის წყვილი ბრწყინვალეა. ისიც აღვნიშნე, რომ თუ ბლეიკი ისევე ხშირად მოახვედრებს კალათში, როგორც ამას კარლ მელოუნი აკეთებდა, მათი წყვილის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ კრისმა მითხრა: "სერ, ახლახან დავურეკე. ის აქ ორ წუთში იქნება. იქნებ დაელოდოთ?" მე ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა და შეეძლო თავად გადაეცა მისთვის ჩემი სიტყვები.
- გადასცა?
- არ ვიცი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უკვე დღეს არის რთული სამწამიანში გრიფინის შეჩერება, ხოლო თუ ის თავის ტყორცნაზე იმუშავებს, შეუძლია ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი გახდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"