NBA: გილბერტ არენასი მემფისში წავიდა

AutoSharing Option
ამერიკული პრესის ინფორმაციით, სკანდალურად ცნობილი მცველი გილბერტ არენასი სეზონის ბოლომდე "მემფისთან" გააფორმებს კონტრაქტს.

ბოლო ორი დღეა, "ვაშინგტონის" ყოფილი ვარსკვლავი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ კალათბურთელთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

არენასის კარიერული მონაგარი 21.2 ქულას, 5.4 შედეგიან გადაცემასა და 4.0 მოხსნას უდრის.

* * *
"ბოსტონ სელტიქსის" ცენტრი ჯერმეინ ო'ნილი უახლოეს ხანში მაჯაზე ოპერაციას გაიკეთებს და ამ მიზეზით ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს. სწორედ ამ დაზიანების გამო ო'ნილმა უკვე გამოტოვა მიმდინარე რეგულარულში 13 შეხვედრა.

წლევანდელ სეზონში ვეტერანის ანგარიშზე 25
მატჩია, რომელშიც ის საშუალოდ 5.0 ქულასა და 5.4 მოხსნას აგროვებდა.

* * *
"ნიუ ჯერსი ნეტსის" მცველი ჯორდან ფარმარი სლოვენიაში 2013 წლის ევრობასკეტზე ისრაელის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. როგორც იტყობინებიან, 25 წლის კალათბურთელმა უკვე მიაღწია ზეპირ შეთანხმებას ისრაელის კალათბურთის ფედერაციასთან.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ებრაელმა ფარმარმა ლოკაუტის პერიოდში ისრაელის ჩემპიონის "მაკაბის" შემადგენლობაში ითამაშა. რაც შეეხება "ნიუ ჯერსიში" მის სტატისტიკას, 37 მატჩში ფარმარის მონაგარი საშუალოდ 10.7 ქულას, 3.4 შედეგიან გადაცემასა და 1.6 მოხსნას უდრის.

* * *
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრმა ბრედ მილერმა სეზონის დასრულების შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. წლევანდელ ჩემპიონატში 35 წლის კალათბურთელმა მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 1.1 ქულა და 0.6 მოხსნა დააგროვა.

NBA-ში მილერს "შარლოტის", "ჩიკაგოს", "ინდიანას", "საკრამენტოს", "ჰიუსტონისა" და "მინესოტას" რიგებში 860 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საშუალო სტატისტიკა ასეთია: 11.3 ქულა, 7.2 მოხსნა და 2.9 შედეგიანი პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული