ნოას, ბუზერისა და დენგის ტრიოს ძალა, რომელიც ტრადიციულად გუნდის საერთო ქულებისა და მოხსნების ნახევარს იღებს, საკმარისი აღმოჩნდა მოკრძალებული "დეტროიტის" დასამარცხებლად, მაგრამ არასაკმარისი "როკეტსის" წინააღმდეგ. მასპინძლებს არ უშველა ჰემილტონის ასე
სტუმრები კი იშვიათად კარგავდნენ ბურთს. თანაც, ბევრ კალათბურთელს წაუვიდა თამაში. სკოლამ და კემბიმ ორმაგი დუბლი შეასრულეს, დრაგიჩი ბრწყინავდა პირველ ნახევარში (20 ქულა)... მატჩის მთავარი გმირი კი რეზერვისტი ჩეიზ ბადინგერი გახდა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სწორედ მისმა ზედიზედ სამმა სამქულიანმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მეტოქეს. "ჰიუსტონი" 10 ქულით გავიდა წინ, რომელიც გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა "ჩიკაგოსთვის". დიდი ძალისხმევით მასპინძლებმა ოთხ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ საკუთარმა შეცდომებმა და აცილებულმა ტყორცნებმა, აგრეთვე, "როკეტსის" გამოყენებულმა საჯარიმოებმა "ჩიკაგოს" შანსი არ დაუტოვეს.
* * *
დასავლეთის ლიდერმა "ოკლაჰომამ" ერთი დღის წინ საკუთარ მოედანზე გაანადგურა აღმოსავლეთის ლიდერი "ჩიკაგო", მაგრამ ამჯერად, ასევე საშინაო მატჩში, ვერაფერი მოუხერხა "მემფისს".
პირველ ტაიმში "ოკლაჰომას" მცირე უპირატესობა შეინიშნებოდა. მასპინძლებმა ერთნაირი ანგარიშით - 22:21 მოიგეს პირველი ორი მეოთხედი და დიდი შესვენებისთვის ორი ქულით გავიდნენ წინ.
თამაშის სურათი მესამე მეოთხედში შეიცვალა. "მემფისმა" სათამაშო ინიციატივა მოიპოვა და ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხა. ეს 12-წუთეული "გრიზლისმა" ექვსი ქულის სხვაობით მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ ოთხი ქულით დაწინაურდა. ყველაფერი ბოლო მეოთხედში უნდა გადაწყვეტილიყო.
"მემფისის" რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო რეზერვისტი ო ჯეი მაიო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. სწორედ მისმა სამქულიანმა გადაწყვიტა მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე. ამ ტყორცნის შემდეგ ანგარიში 93:86 გახდა "მემფისის" სასარგებლოდ და მატჩის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
"მემფისმა" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო და დასავლეთის ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო "დალასს". "ოკლაჰომამ" კი შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ლიდერობს თავის კონფერენციას; თუმცა რეგულარულ ჩემპიონატში ჩამორჩება აღმოსავლეთის ლიდერ "ჩიკაგოს".
ჩააგდეს შეხვედრა "ოკლაჰომას" ლიდერებმა - დურანტმა, მართალია, 21 ქულა დააგროვა, მაგრამ თამაშისას 20-იდან 8 ტყორცნა მოათავსა კალათში. უესტბრუკის ანგარიშზე კი 19 ქულა მოდის.
* * *
"კლიპერსმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ეს ისტორიული მომენტია ლოს ანჯელესის მუდმივად მეორე გუნდისთვის. ასეთი სერია "კლიპერსს" 20(!) წელია, არ ჰქონია. ყველაზე დასაფასებელი ის არის, რომ კალიფორნიელებმა ამ ნიშნულს NBA-ს მოქმედი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ მიაღწიეს - თანაც ტექსასში მოიგეს ისე, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს "დალასისგან". არადა, აქამდე "კლიპერსს" დალასში ზედიზედ ათი მატჩი არ მოეგო.
ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ამ მატჩის გმირი არა კრის პოლი ან ბლეიკ გრიფინი, არამედ რენდი ფოიე გახდა. მცველმა მეტოქის კალათში რვა სამქულიანი მოათავსა - საუკეთესო შედეგი კარიერაში და საკლუბო რეკორდის გამეორება. ყოველთვის, როცა "მავერიქსი" გაქცეული მეტოქის დაწევას ცდილობდა, ფოიე მაშინვე ზუსტი შორეული ტყორცნით პასუხობდა.
მასპინძლები ტრავმირებული ჯეისონ კიდისა და ლამარ ოდომის გარეშე თამაშობდნენ, მაგრამ ეს არ ამართლებს "დალასის" უინიციატივობას.
ცნობისთვის, კიდს საზარდული აწუხებს და ერთი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. არადა, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში "მავერიქსს" ორჯერ უწევს შეხვედრა პირდაპირ კონკურენტ "მემფისთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"