NBA: ლამარ ოდომი "დალასს" დაშორდა

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონ "დალას მავერიქსს" ერთი კალათბურთელი გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლამარ ოდომი D-ლიგაში გაგზავნეს, მაგრამ სწრაფად დააბრუნეს გუნდში. მაგრამ გუშინ გახდა ცნობილი, რომ მიმდინარე სეზონში "ლეიკერსის" ყოფილი ფორვარდი აღარ ითამაშებს "მავერიქსის" რიგებში.

"მე და "დალასის" ხელმძღვანელობამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნება, თუ დავტოვებ გუნდს. ეს საუკეთესო გამოსავალია ორივე მხარისთვის. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ აეწყო, როგორც ორივეს გვსურდა.

"დალასსა" და ჩემს პარტნიორეის შარშანდელი ტიტულის წარმატებით დაცვას ვუსურვებ", - განაცხადა ოდომმა.

ასევე იტყობინებიან, რომ ოდომს არ გაუშვებენ
შემადგენლობიდან. უბრალოდ, "დალასი" მას არ გამოიყენებს, სეზონის დასრულების შემდეგ კი მის გაცვლას შეეცდება.

ტრავმები გახშირდა
"ნიუ იორკ ნიქსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ამარე სტაუდმაიერმა ზურგის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაიკ ვუდსონის თქმით, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

"ამ მომენტში ამარეს დაბრუნების იმედი არ მაქვს. ექიმები სიტუაციას უკეთ აფასებენ. ამიტომაც გარკვეული ხანი მის გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა", - განაცხადა "ნიქსის" დამრიგებელმა.

რეგულარული ჩემპიონატის 43 მატჩში 29 წლის მძიმე ფორვარდმა საშუალოდ 17.6 ქულა და 8.0 მოხსნა დააგროვა.

ასევე გაირკვა, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსის სწრაფი ტემპების მიუხედავად, "ნიუ იორკის" გამთამაშებელი ჯერემი ლინი ვერ მოასწრებს პლეი ოფის პირველი რაუნდისთვის მოედანზე დაბრუნებას.

* * *
ასევე პლეი ოფის მატჩებისთვის არის დაგეგმილი "ორლანდოს" თურქი ლეგიონერის, ჰედო თურქოგლუს დაბრუნება.

"მეჯიქის" ფორვარდმა ორი დღის წინ სახის ძვალზე ოპერაცია გაიკეთა და რეგულარულ ჩემპიონატში მინიმუმ სამი კვირის გამოტოვება მოუწევს.

ჰედომ სახის ძვალი "ნიუ იორკთან" მატჩის მეორე მეოთხედში გაიტეხა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

მიმდინარე სეზონში თურქმა "ორლანდოს" რიგებში 52 მატჩი ჩაატარა და 10.7 ქულით, 3.8 მოხსნითა და 4.5 შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.

ვან განდი სეზონის ბოლომდე
როგორც ჩანს, დასრულდა აჟიოტაჟი "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელის - სტენ ვან განდის გარშემო. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ოტის სმიტმა უარყო ყველანაირი ჭორი "მეჯიქის" დამრიგებლის უახლოეს პერიოდში განთავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გავრცელდა ჭორი, თითქოს "ორლანდოს" ლიდერი დუაიტ ჰოვარდი ითხოვდა სტენ ვან განდის გადაყენებას. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია თავად მწვრთნელმა დაადასტურა.

მაგრამ სიტუაციას ნათელი მოჰფინა კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

"ჰოვარდს ჩემთვის ასეთი თხოვნით არასოდეს მოუმართავს. ამის შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ოტის სმიტმა. ამ უკანასკნელის თქმით, სტენ ვან განდი, მინიმუმ, ამ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს ჯადოქრებს.

* * *

გაირკვა, რომ კიდევ ერთი მწვრთნელი ინარჩუნებს თანამდებობას - "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ხელმძღვანელობა არ აპირებს მარკ ჯექსონის შეცვლას და მომავალი სეზონისთვის "მეომრებს" სწორედ ეს სპეციალისტი მოამზადებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ წელს "გოლდენ სტეიტი" ვერ აჩვენებს მაღალ შედეგებს.

ჯექსონმა, რომელმაც "უორიორზთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გუნდს 55 მატჩში 22-ჯერ მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული