NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნიუიორკული ბომბები

AutoSharing Option
თითქოს "ფილადელფიასა" და "ინდიანას" მატჩში უფრო მოტივირებული მასპინძლები უნდა ყოფილიყვნენ - მათ რთული ბრძოლა აქვთ გაჩაღებული პლეი ოფში მოსახვედრად, იმ დროს, როცა "ინდიანას" თითქმის განაღდებული აქვს აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი.

თუმცა "სიქსერზს" ბრძოლის სურვილი ნამდვილად ჰქონდა. მესამე მეოთხედში მან 11:0 გაქცევა მოაწყო და ბოლო 12-წუთეულისთვის ანგარიში თანაბარი იყო - 70:70. მეოთხე მეოთხედში კი ფორტუნა "პეისერსს" სწყალობდა. თავიდან ჰენსბრომ გაიბრწყინა, რომელმაც ზედიზედ შვიდი ქულა ჩააგდო. შემდეგ კი საქმეს მიხედეს აღიარებულმა სნაიპერებმა - გრეინჯერისა და ჯორჯის სამი სამქულიანით სხვაობა უკვე 7 ქულას
შეადგენდა.

"ფილადელფიამ" სამჯერ შეძლო მატჩის ბედი შემოტრიალება და მეტოქეს სამი ქულის მანძილზე მიუახლოვდა. მასპინძლებს გადარჩენის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ სირენამდე 17 წამით ადრე უილიამსმა სამქულიანი ააცილა.

"პეისერსს" რეგულარულის ბოლო ოთხი მატჩის ჩატარება შინ უწევს. ამიტომაც არ უნდა გაუჭირდეს მესამე ადგილის შენარჩუნება. "ფილადელფია" კი მერვე ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ ორი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარ "მილუოკის". არადა, "სიქსერზმა" სეზონი 20 მოგებითა და 9 წაგებით დაიწყო.

* * *

"მილუოკიზე" სამით მეტი მოგება აქვს "ნიუ იორკს" და ის ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებს. გუშინ "ნიქსმა" "ბოსტონის" დამარცხება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონში სარეკორდო 43 ქულა დააგროვა პოლ პირსმა.

ვეტერანს მხარში არ ამოუდგნენ რეზერვისტები და "კელტების" წაგებაც ამის ბრალია - სათადარიგოთა სკამის მონაგარმა მხოლოდ 20 ქულა შეადგინა.

შედარებისთვის, "ნიუ იორკის" ორმა რეზერვისტმა - სმიტმა და ნოვაკმა 25-25 ქულა მიითვალეს. ამ დუეტის დახმარებით "ნიუ იორკმა"19 სამქულიანი ჩააგდო - რეკორდამდე მასპინძლებს 4 შორეული ტყორცნა არ ეყოთ. გარდა ამისა, აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას კარმელო ენტონი. ამჯერად ფორვარდმა სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა - 35 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი.

მძიმე ტრავმას გადაურჩა რაჟონ რონდო - მან რატომღაც ჩენდელთან მოხსნისთვის ბრძოლა განიზრახა და ცუდად დაეცა. გამთამაშებელი მოგვიანებით დაბრუნდა თამაშში და გააგრძელა პირადი სერია - ამჯერადაც დააგროვა მინიმუმ 10 შედეგიანი პასი.

* * *
ერთგვარად შეუმჩნევლად ჩაიარა დღის მთავარმა მატჩმა - "სან ანტონიომ" გაანადგურა "ლეიკერსი". "სპურსმა" თამაშიდან ტყორცნების 59.5 პროცენტი გამოიყენა და მხოლოდ 12 შეცდომა დაუშვა.

კალიფორნიელთა "მინუს 21" გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ "ლეიკერსმა" მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო. სეშენსმა მხოლოდ ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ხოლო კობი ბრაიანტი ისევ არ თამაშობდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე მეოთხედში "სან ანტონიოს" 18:0 გაქცევა, რისთვისაც სტუმრებს 250 წამი დასჭირდათ.

ამ დროის განმავლობაში კალიფორნიელებმა შვიდი შეტევა გააფუჭეს. აქედან ხუთი ბურთის დაკარგვაზე მოდის. "სპურსმა" დაიბრუნა დასავლეთში პირველი ადგილი.

* * *
თავისი წამყვანი მოთამაშეების ტრავმების გამო კატასტროფულ თამაშს აჩვენებს "მინესოტა", რომელმაც ზედიზედ მე-11 მარცხი იწვნია. "მგლებს" ვერ უშველა ბარეას 28 ქულამ და რვა პასმა, პეკოვიჩის დუბლმა და 30-იდან 25-მა ზუსტმა საჯარიმომ. მატჩის ბედი "მემფისის" ლიდერმა რუდი გეიმ გადაწყვიტა, რომელმაც 82:82-ზე ჯერ ფარქვეშითად ჩააგდო, შემდეგ კი შორიდან გაისროლა.

დღის ყველაზე უცნაური მატჩი დეტროიტში გაიმართა. მესამე მეოთხედის ბოლოს ტაბლოზე ფანტასტიკური რიცხვები ეწერა: 100:50. მეოთხე 12-წუთეულში "კლივლენდმა" ოდნავ გამოასწორა სიტუაცია და "მხოლოდ" 39 ქულა წააგო. სხვათა შორის, "დეტროიტს" ასეთი ანგარიშით 2007 წლის შემდეგ არ მოუგია.

ფილადელფია-ინდიანა 97:102
21:23, 21:24, 28:23, 27:32
ფ: იგუოდალა (23+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (19+6 მოხსნა), უილიამსი (18), ჰაუსი (12+8 მოხსნა), ბრენდი (11+8 მოხსნა+3 დაფარება).
ი: გრეინჯერი (24+6 მოხსნა), ჰიბერტი (15+13 მოხსნა), უესტი (13), ჰილი (12+7 პასი).

მინესოტა-მემფისი 84:91
22:32, 34:23, 13:22, 15:14
მინ: ბარეა (28+5 მოხსნა+8 პასი), პეკოვიჩი (16+11 მოხსნა).
მემ: გეი (28+9 მოხსნა), რენდოლფი (16+11 მოხსნა), კონლი (16+5 მოხსნა+8 პასი), სპეიტსი (12).

ლეიკერსი-სან ანტონიო 91:112
28:27, 19:36, 23:28, 21:21
ლ: ბინუმი (21+7 მოხსნა), გასოლი (16+7 მოხსნა+5 პასი), ბარნსი (16+6 მოხსნა), უორლდ პისი (11+3 ჩაჭრა), სეშენსი (10).
ს-ა: პარკერი (29+13 პასი), დანკანი (19+8 მოხსნა), ჯინობილი (15+6 მოხსნა), გრინი (11), ნილი (10).

დეტროიტი-კლივლენდი 116:77
27:16, 34:22, 39:12, 16:27
დ: ნაითი (28+7 პასი), პრინსი (15), ჟერებკო (14), მონრო (12+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), მაქსიელი (11), ვილანუევა (10+8 მოხსნა).
კ: ჰარისი (18), ტომპსონი (12+13 მოხსნა), კასპი (11+3 ჩაჭრა), პარკერი (10).

ნიუ იორკი-ბოსტონი 118:110
32:26, 40:27, 24:31, 22:26
ნ-ი: ენტონი (35+12 მოხსნა+10 პასი), სმიტი (25+6 პასი), ნოვაკი (25), ჩენდლერი (20+7 მოხსნა).
ბ: პირსი (43), გარნეტი (20+5 მოხსნა), ბრედლი (17), ბასი (15+6 მოხსნა), რონდო (13+6 მოხსნა+13 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული