დუაიტ ჰოვარდი: არც პლეი ოფი, არც ოლიმპიადა!

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ცენტრმა, "ორლანდო მეჯიქის" ლიდერმა დუაიტ ჰოვარდმა სეზონის დარჩენილი ნაწილისა და ოლიმპიური თამაშების გამოტოვება გადაწყვიტა.

"სუპერმენმა" უახლოესი პერიოდისთვის გადმოიტანა ზურგზე ოპერაცია, რასაც ხანგრძლივი სარეალიბიტაციო კურსი მოჰყვება.

"ვცდილობდი ტკივილგამაყუჩებლებით მეთამაშა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გავართულე ზურგის ტრავმა. ოპერაციის დასრულების შემდეგ დავიწყებ აღდგენით კურსს და უკვე ოთხი თვის თავზე სრულფასოვან ვარჯიშებს შევუდგები", - ამბობს ჰოვარდი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

მიმდინარე სეზონში დუაიტმა 54 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 20.6 ქულა, 14.5 მოხსნა და 1.9 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყველაზე საინტერესო ის არის,
რომ "სუპერმენს" ზურგზე ოპერაციაც რომ არ დასჭირვებოდა, შესაძლოა, მაინც გამოეტოვებინა რეგულარულის დარჩენილი ნაწილი და პლეი ოფის ეტაპი. ამერიკული პრესის ცნობით, ჰოვარდი დაუკავშირდა "ორლანდოს" მფლობელ რიკ დევოსს და განუცხადა მას, რომ არ აპირებს მოედანზე გასვლას იქამდე, სანამ "მეჯიქს" სათავეში სტენ ვან განდი უდგას.

თუმცა დუაიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოგვიანებით გამოვიდა პრესის წინაშე და განაცხადა, რომ ეს ისტორია 100 პროცენტით ჟურნალისტების მიერ არის მოგონილი. კიდევ რამდენიმე წყარომ დაწერა იმის შესახებ, რომ ჰოვარდს არ წამოუჭრია რიკ დევოსთან ვან განდის თემა.

ჰოვარდის ტრავმის შემდეგ აქტუალური გახდა ოლიმპიურ ნაკრებში მისი შემცვლელის საკითხი. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ “სუპერმენის" ნაცვლად ლონდონში “მაიამის" ფორვარდი კრის ბოში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული