ლებრონი სამხედრო ბაზაზე ივარჯიშებს

AutoSharing Option

"მაიამი ჰიტი" სამხედრო ბაზაზე აპირებს წინასასეზონო საწვრთნელი ბანაკის მოწყობას. ფლორიდული კლუბი ჰელბერტ-ფილდში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ივარჯიშებს. ჩვეულებრივ, "მაიამი" შეკრებებს ყოველთვის საშინაო არენაზე ატარებდა, მაგრამ ამ ზაფხულს განხორციელებული ხმაურიანი ტრანსფერებისა და გუნდის ლიდერების მიმართ ზედმეტი აჟიოტაჟის გამო, "ჰიტმა" ბანაკი სულ სხვა ადგილას გადაიტანა.
"ჰელბერტ-ფილში ჩვენ ვამაყობთ სრულყოფის ტრადიციებით, თავდადებითა და საერთო საქმისადმი ერთგულებით. ჩვენი სპორტული კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ვიცით, რომ "მაიამიში" ჩვენსავით სრულყოფისკენ ისწრაფვიან. ამიტომაც სიამოვნებით დავუთმობთ მათ ვარჯიშებისთვის ჩვენს კუთვნილ ბაზას",

- ამბობს ჰელბერტ-ფილდის ბაზის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მიკლ პლენი.

"ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივია იმ ბაზაზე ვარჯიში, სადაც სამშობლოსათვის სამსახური ნორმად არის ქცეული. ვიცი, რომ ჩემს მოთამაშეებს მოეწონებათ ასეთი ატმოსფეროს გაზიარება. ისინი მხარში დაუდგებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის", - თავის მხრივ განაცხადა "მაიამის" პრეზიდენტმა პატ რაილიმ.

ამასობაში, ბოლო ორი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი ამერიკის ექვსი ყველაზე არაპოპულარული სპორტსმენის სიაში მოხვდა. როგორც Fox Sports იუწყება, კალათბურთელის იმიჯზე ცუდად იმოქმედა "კლივლენდ კავალიერზიდან" "მაიამიში" გადასვლამ.

გამოკვლევის თანახმად, ახალგაზრდა ამერიკელთა მხოლოდ 14 პროცენტს მიაჩნია ლებრონი პოპულარულ ადამიანად, არადა, იანვარში ანალოგიური მაჩვენებელი 10 პროცენტით მაღალი იყო. ჯეიმსმა რესპოდენტთა 39 პროცენტისგან დაიმსახურა კრიტიკა, რაც საშუალო მაჩვენებელს 15 პროცენტით აღემატება.

დღეისთვის "მაიამი ჰიტის" ახალწვეული მეექვსე ადგილს იკავებს ყველაზე საძულველი სპორტსმენების სიაში, რომელშიც გოლფისტი ტაიგერ ვუდსი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტიც მოხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული