ბოსტონში გამართულ მატჩში "ფილადელფიამ" სწრაფ გარღვევებზე გააკეთა აქცენტი და ამით დიდი პრობლემები შეუქმნა "სელტიქსს".
უფრო ახალგაზრდა და სწრაფი "სიქსერზი" ერთიმეორის მიყოლებით ახერხებდა გაქცევას და უკვე პირველ მეოთხედში სტუმრების უპირატესობამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია, ტაიმის ეკვატორისთვის კი "ფილადელფია" 13 ქულას იგებდა.
მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებს 6:0 სპურტი გამოუვიდათ და დიდ შესვენებაზე იმედიანად გავიდნენ.
ამ იმედს საფუძველი აღმოაჩნდა, რადგან მესამე მეოთხედის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ "სელტიქსი" წინ გავიდა.
შესაბამისად, მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე უილიამსის სამქულიანით სტუმარი რვა ქულით გავიდა წინ. ეს სხვაობა ბოლო მეოთხედის სტარტზეც შენარჩუნებული იყო, იქამდე, სანამ "ბოსტონი" 19:5 არ გაიქცა.
ამ გაქცევის დროს მხოლოდ სამ შეტევაში არ მიუღია უშუალო მონაწილეობა რაჟონ რონდოს. პლეიმეიკერმა მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა და კვლავ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება.
ამ პლეი ოფში ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია, რონდოსთვის კი ეს უკვე მეორე ტრიპლ-დაბლი გახლავთ. უფრო მეტიც, პლეი ოფში სამმაგი დუბლების რაოდენობით (8) "ბოსტონის" მცველი ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა.
"ფილადელფიამ" სცადა მიღებული შოკიდან გამოსვლა. ჰოლიდეის ზედიზედ ოთხი ქულით სტუმრების ჩამორჩენა ხუთიდან ერთ ქულამდე დავიდა. სათამაშო სამი წამი რჩებოდა, მაგრამ "ბოსტონმა" ტაიმ-აუტის შემდეგ იმდენად წარმატებით შემოიტანა ბურთი თამაშში, რომ სტუმრებმა რონდოზე ჯარიმის აღება ვერ მოასწრეს.
ბოსტონი-ფილადელფია 92:91
18:28, 24:19, 25:24, 25:20
ბ: გარნეტი (29+11 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (14+6 პასი+6 მოხსნა+2 დაფარება), რონდო (13+17 პასი+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), ალენი (12), ბასი (10), ბრედლი (8), დულინგი (4), ჰოლინზი (2).
ფ: იგუოდალა (19+6 პასი+6 მოხსნა), ტერნერი (16+10 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), ჰეიესი (15+8 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ალენი (12+6 მოხსნა), უილიამსი (9), ჰოლიდეი (8+6 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), იანგი (5), ბრენდი (4+2 დაფარება), მიქსი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.9/43.9), სამქულიანები (11.1/35.7), საჯარიმოები (94.7/70).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"