NBA. პლეი ოფი. 1/4 ფინალი: ბოსტონში მოგებას ცოდნა უნდა

AutoSharing Option
პირველად 30 წლის განმავლობაში, "ფილადელფიამ" პლეი ოფის მატჩი მოუგო სტუმრად "ბოსტონს".

ზედიზედ მეორე შეხვედრაში "სიქსერზი" სოლიდურ თამაშს აჩვენებს მოწინააღმდეგის მოედანზე, შესანიშნავ დაცვას თამაშობს და ბოლომდე იბრძვის. სტუმრებმა გააკეთეს ის, რაც იშვიათად ვინმეს გამოუვიდეს: 10-ქულიანი უპირატესობის დაკარგვის შემდეგ, ბოლო წუთებზე არ შეწყვიტეს წინააღმდეგობა.

პლეი ოფში ნაკლები გამოცდილების მქონე ფილადელფიელებმა ფსიქოლოგიურად მოუგეს NBA-ის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს. შესაძლოა, სწორედ ასეთმა სიმტკიცემ და ცოტა იღბალმა მოაგებინა "ფილადელფიას" მატჩი ბოლო წუთზე.

რა თქმა უნდა, შეიძლება კითხვის ნიშანი გააჩინა შეტევაში ჯარიმამ, რომელიც მსაჯებმა "ბოსტონის" ბოლო შეტევისას
დაინახეს, მაგრამ სირენამდე ათი წამით ადრე საკუთარ მოედანზე "სელტიქსის" სამქულიანი ჩამორჩენა, "ფილადელფიას" სერიოზულ მიზნებსა და დონეზე ლაპარაკობს.

უკვე ტრადიციულად, "ბოსტონმა" წააგო მოხსნებში, აჩვენა არასტაბილური თამაში, მოდუნდა მესამე მეოთხედში... უნივერსალი რონდო ისევ სასარგებლო იყო, მაგრამ დოკ რივერსის გუნდის შეტევითი პოტენციალი აშკარად მოიკოჭლებდა.

პირსმა ცხრიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო, თანაც გვაკვირვებს არა ტყორცნების საშინელი პროცენტი, არამედ ის, რომ გუნდის კაპიტანმა რონდონზე ორით ნაკლები ტყორცნა შეასრულა.

ფაქტობრივად, დღეისთვის რივერსის არსენალში რჩება გარნეტი, რომელსაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ხუმრობით უწოდა "პლეი ოფის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე". მაგრამ ბოლო ორი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, ამ შეხვედრაში კევინმა ოდნავ დათმო, რამაც შესამჩნევად შეასუსტა "ბოსტონის" შეტევა. რეზერვისტი რეი ალენის 17 ქულამ გუნდს არ უშველა.

სტუმრებს დამაჯერებლობა შესძინა მესამე მეოთხედმა. "ფილადელფიამ" ამ მონაკვეთის ბოლოს ზედიზედ 14 ქულა დააგროვა, მთლიანად კი მეტოქეს თამაშიდან მხოლოდ ოთხი ბურთის ჩაგდების საშუალება მისცა და შვიდი შეცდომა დააშვებინა.

ბოლო მეოთხედში გარნეტის გამოფხიზლებით, ალენისა და პიეტრუსის სამქულიანებით "ბოსტონმა" თამაში და ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ პირსს ისევ არაფერი გამოსდიოდა, "ფილადელფია" კი ხანდახან ფანტასტიკურ ბურთებს აგდებდა, რაც უარყოფითად მოქმედებდა "კელტების" განწყობაზე.

მასპინძლებმა ვერ შეძლეს ბოლო მეოთხედში ჰოლიდეისა და იგუოდოლას შეჩერება. არადა, მატჩი სერიის ფავორიტისთვის ძალიან ცოცხლად და ოპტიმისტურად იწყებოდა. "კელტებმა" ჩააგდეს პირველი ათი ქულა და მეტად დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

სხვათა შორის "ფილადელფია" ამ შემთხვევაშიც არ აჰყოლია პანიკას და თანდანთან გააბათილა ჩამორჩენა.

თანაბარი ბრძოლა მესამე მეოთხედის შუამდე მიდიოდა, რის შემდეგაც "კელტებმა" ჩააგდეს თამაში.

"ბოსტონმა" დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა, სერია კი ფილადელფიაში გადადის. სავსებით სავარაუდოა, რომ "სელტიქსი" მინიმუმ ერთ გასვლით შეხვედრას მოიგებს, მაგრამ ფაქტია, რომ კოლინზმა და კომპანიამ გვარიანად გაუფუჭა ხასიათი მეტოქეს.

ბოსტონი-ფილადელფია 81:82
25:21, 13:15, 11:21, 32:25
ბ: ალენი (17+3 ჩაჭრა), გარნეტი (15+12 მოხსნა), ბასი (12+5 მოხსნა), რონდო (8+13 პასი+7 მოხსნა), პიეტრუსი (8+2 დაფარება), ბრედლი (8), პირსი (7+5 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), ჰოლინზი (4), სტიმსმა (2).
ფ: ჰოლიდეი (18+3 პასი), იგუოდალა (13+7 პასი+6 მოხსნა), ალენი (10+8 მოხსნა+2 დაფარება), ტერნერი (10+6 მოხსნა), უილიამსი (8+7 მოხსნა+3 პასი), ჰეიესი (8+10 მოხსნა+2 დაფარება), ბრენდი (7), მიქსი (4), იანგი (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.8/40.8), სამქულიანები (44.4/35.7), საჯარიმოები (77.8/71.4).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული