სერიის მეორე მატჩში, რონდოს ფანტასტიკური შედეგიანობის მიუხედავად, "სელტიქსი" დამარცხებული დარჩა. ამიტომაც გამთამაშებელი ერთგვარი დილემის წინაშე დადგა - ისევ მთლიანად თავის თავზე აეღო თამაში თუ გუნდის შეტევების დირიჟორი გამხდარიყო. რონდომ მეორე ვარიანტი აირჩია, თუმცა თავადაც არ ივიწყებდა შეტევას.
პირველ მეოთხედში მან გაიხსენა წინა მატჩის ბოლო ნაწილი და ამჯერადაც გაბედა სამქულიანის სროლა, თუმცა ბურთმა ფარამდეც ვერ მიაღწია. ამის შემდეგ რაჟონს აღარც უცდია გამხდარიყო მატჩის ყველაზე შედეგიანი
მით უმეტეს, რომ მთავარი ბომბარდირის ადგილი დაკავებული აღმოჩნდა - ლებრონ ჯეიმსის მიერ. უკვე საწყის მეოთხედში ლებრონმა 16 ქულა დააგროვა - ცხრიდან ექვსი ბურთი მოათავსა კალათში.
შეხვედრის სტარტზე გუნდები ორმხრივ სწრაფ იერიშებში ჩაებნენ, რაც "ბოსტონისგან" გასაკვირი იყო. დოკ რივერსის ადრეულმა ტაიმ-აუტმა ჩაახშო მასპინძლების ეს მონდომება, რის შემდეგაც თამაში ნაცნობ პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა.
აქ კი ბოსტონელები შესანიშნავად გრძნობენ თავს. პირველი მეოთხედის ბოლოსა და მეორე მეოთხედის საწყის მონაკვეთში "ჰიტმა" ცხრა (!) წუთის განმავლობაში თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო. შესაბამისად, მეტოქისგან 17:2 გაქცევა და 9-ქულიანი დეფიციტი მიიღო.
არადა, სწორედ ამ მონაკვეთში ხუთი წუთი დაასვენეს რონდო. შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელმა წინა მატჩში 53 წუთი შეუცვლელად ითამაშა.
ამ გაქცევის დროს "სელტიქსის" შეტევების ლიდერი იყო კევინ გარნეტი, რომელიც ამჯერად უფრო ხშირად ფარქვეშ მოქმედებდა. შედეგმაც არ დააყოვნა. მოხსნების რაოდენობით "ბოსტონმა" მნიშვნელოვნად აჯობა მეტოქეს - 44:32. იგივე ითქმის სამწამიანი ზონიდან მოპოვებულ ქულებზე - 58:46. ასე უხვად ქულები ამ ზონიდან "ბოსტონს" 2008 წლის შემდეგ არ დაუგროვებია.
"მაიამიზე" უარყოფითად იმოქმედა იმანაც, რომ დუეინ უეიდი დიდი ხანი ვერ შევიდა თამაშში. პირველ ნახევარში მან მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა.
გასაკვირი არ არის, რომ რეი ალენის სამქულიანის შემდეგ დიდი შესვენებისთვის "სელტიქსს" ორნიშნა უპირატესობა ჰქონდა - 55:42. სხვათა შორის, ალენს თანდათან ნორმაში მოჰყავს თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი - ამჯერად სნაიპერმა რვიდან ოთხი ბურთი მოათავსა კალათში.
"ჰიტის" პრობლემები მესამე მეოთხედში გაგრძელდა და გუნდი განადგურების წინაშე დადგა. ბოლო მეოთხედს ფლორიდელები 22-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. სპოელსტრამ გადაწყვიტა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ტაქტიკურ ექსპერიმენტებს მიმართა. მაგალითად, მოედანზე გამოიყვანა მსუბუქი ხუთეული, რომელშიც ცენტრის პოზიციაზე ვიხილეთ... ლებრონ ჯეიმსი! ლოგიკა გასაგები იყო - თუ ვერ ჯაბნი მეტოქეს პოზიციურ ბრძოლაში, სირბილში უნდა მოუგო მას.
ამ სტრატეგიამ გაამართლა - "ჰიტი" თანდათან ამცირებდა სხვაობას და სირენამდე ორი წუთით ადრე რვა ქულამდე მიუახლოვდა "ბოსტონს", მაგრამ ინიციატივის განვრცობა სტუმრებმა ვეღარ შეძლეს. ერთ წუთში მათ სამი შეცდომის დაშვება მოასწრეს და თან თავის გამოჩენის საშუალება მისცეს რონდოს.
მცველმა თავის მოედანზე მიიღო ბურთი და ისევ შევიდა მეტოქის ფარქვეშ, მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. "მაიამისთვის" ასეთი უპასუხისმგებლობა, ლოგიკურად, სერიაში პირველ მარცხში გამოიხატა.
ბოსტონი-მაიამი 101:91
30:28, 25:14, 30:21, 16:28
ბ: გარნეტი (24+11 მოხსნა), პირსი (23+4 პასი+2 დაფარება), რონდო (21+10 პასი+6 მოხსნა), ალენი (10+5 მოხსნა), დენიელსი (9+5 მოხსნა), დულინგი (7), ბასი (4), პიეტრუსი (2), სტიმსმა (1).
მ: ჯეიმსი (34+8 მოხსნა+5 პასი+2 დაფარება), უეიდი (18+4 პასი+2 დაფარება), ჩელმერსი (14+6 პასი), მილერი (11+6 მოხსნა), ჯონსი (4), ენტონი (4), ჰასლემი (3+6 მოხსნა), ტურიაფი (3), ბატიე (0+4 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/49.4), სამქულიანი (29.4/29.4), საჯარიმოები (76.9/50).
სერია: 1-2