NBA. პლეი ოფი. 1/2-ფინალი: ერთი ნაბიჯი ფინალამდე

AutoSharing Option
გუშინდელი მატჩის მეორე მეოთხედში ცხადი გახდა, რომ შეიძლებოდა დარღვეულიყო კონფერენციების ფინალების ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებას მხოლოდ მასპინძელი გუნდები აღწევენ.

დიდ შესვენებამდე ორი წუთით ადრე "ოკლაჰომას" უპირატესობა 14 ქულას უდრიდა. 9:0 გაქცევის შემდეგ, რომლის ინიციატორი სერჟ იბაკა გახდა, პოპოვიჩის გუნდის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა.

ზედიზედ 20 მოგების შემდეგ "სან ანტონიოს" ცუდი სერია დაეწყო და "სპურსის" გამოცდილ დამრიგებელს რაღაც უნდა მოეფიქრებინა.

მით უმეტეს, რომ "სან ანტონიოში" არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ რთულ სიტუაციაში პარტნიორების აყოლიება.

ეს გახლავთ მანუ ჯინობილი. სხვათა შორის, დიდხნიანი შესვენების
შემდეგ (მარტიდან მოყოლებული) პოპოვიჩმა არგენტინელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

ეს იმიტომ, რომ ამ სერიაში დენი გრინმა საშინელი თამაში აჩვენა, კერძოდ, 28 ტყორცნიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს. შესაბამისად, მცველი "დაისაჯა" და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ სამი წუთით გამოჩნდა მოედანზე.

ჯინობილიმ კი მწვრთნელს მადლობა იმით გადაუხადა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას შეეძლო შეხვედრის გმირიც გამხდარიყო.

სირენამდე 15 წამით ადრე, სეფოლოშას შეცდომის შემდეგ, მასპინძლებს ოვერტაიმამდე მიღწევის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ არგენტინელის ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია. სამწუხაროა, რადგან ლათინოამერიკელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "სან ანტონიოს" წარმატების შანსი ჰქონოდა.

მაგალითად, მესამე მეოთხედში მანუს მიერ ორ წუთში ჩაგდებულმა სამმა სამქულიანმა მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა, რომელიც ბოლოს სასტარტო 12-წუთეულში ჰქონდა.

სულ კი მესამე მეოთხედში არგენტინელმა 13 ქულა ჩააგდო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა კომფორტული უპირატესობის მოსაპოვებლად. უფრო მეტიც, ბოლო მეოთხედს "სპურსი" ისევ მდევრის როლში შეხვდა.

ჯინობილის მორიგი სამქულიანის შემდეგ "სპურსის" უპირატესობა უკვე ექვს ქულას შეადგენდა. თუმცა პოპოვიჩისთვის დამღუპველი აღმოჩნდა დიაოსა და დანკანის სათადარიგოთა სკამზე დასმა.

განსაკუთრებით ეს ტიმს ეხება, რომელმაც მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ცხრიდან შვიდი ბურთი ჩააგდო, გუნდის ლიდერი იყო დაფარებებისა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით. მის გარეშე მასპინძლებმა მორიგი სათამაშო მონაკვეთი ჩააგდეს - "ოკლაჰომას" 15:3 სპურტი გამოეპარათ.

საბოლოოდ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, დურანტის სამქულიანის შემდეგ, "თანდერის" უპირატესობა 12 ქულას შეადგენდა.

"სპურსი" ჩამორჩენის გაბათილებას თავისი "დიდ ტრიოს" მეშვეობით ცდილობდა, თუმცა ამ სამეულის ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნულ შეხვედრას თავის აქტივში ვერ შეიტანს. მართალია, ტონი პარკერმა 12-იდან 10 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ თამაშიდან მხოლოდ 5 ზუსტი ტყორცნა (14 ცდიდან) ძალიან ცუდი მაჩვენებელია MVP-ის ტიტულის პრეტენდენტისთვის.

"სან ანტონიოს" სულზე მოუსწრო ჯექსონის ორმა სამქულიანმა, აგრეთვე, მეტოქის ოთხწუთიანმა "მშრალმა" სერიამ.

შედეგად, სირენამდე 50 წამით ადრე დანკანის ზუსტმა ტყორცნამ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა. საპასუხო შეტევაში ინიციატივა არა დურანტს, არამედ ჰარდენს გადაეცა, რომელიც პასუხისმგებლობას შესანიშნავად გაუმკლავდა - წინააღმდეგობის მიუხედავად, სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

"შეტევისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა და რაღაც უნდა გამეკეთებინა. ლეონარდმა დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მე საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი", - განაცხადა მოგვიანებით ეპიზოდის გმირმა. სწორედ ეს ტყორცნა გახდა გადამწყვეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯინობილის ჰქონდა მატჩის გადარჩენის შანსი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

ასე რომ, "თანდერს" ერთი ნაბიჯი აშორებს ფინალამდე, სადაც ეს გუნდი 16 წელია, არ ყოფილა. მაშინ გუნდი სიეტლში იყო დაბანაკებული და სხვა სახელწოდება ჰქონდა.

ახლა დურანტსა და კომპანიას აქვთ კარგი შანსი, სიეტლელთა შედეგი გაიმეორონ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პლეი ოფში ბრუქსის შეგირდები შინ ჯერ არ დამარცხებულან.

სან ანტონიო-ოკლაჰომა 103:108
21:26, 23:26, 28:29, 31:27
ს-ა: ჯინობილი (34+7 პასი+6 მოხსნა), პარკერი (20+4 პასი), დანკანი (18+12 მოხსნა+3 პასი), ჯექსონი (13+3 პასი), დიაო (5+3 პასი), სპლიტერი (5), ლეონარდი (4+10 მოხსნა), ბლეირი (2), ნილი (2).
ო: დურანტი (27+5 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (23+12 პასი+4 ჩაჭრა), ჰარდენი (20+3 პასი), იბაკა (9+5 მოხსნა+2 დაფარება), კუკი (8), კოლისონი (6), ფიშერი (6), სეფოლოშა (5), პერკინსი (4+10 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.9/50), სამქულიანი (37.5/38.1), საჯარიმოები (83.9/87).
სერია: 2-3

პრიზი ქველმოქმედებისთვის
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიური პრემიის ლაურეატი გახდა.

მთელი გასული სეზონის განმავლობაში ყოველთვე ეს ჯილდო რომელიმე კალათბურთელს გადაეცემოდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის. ამ მხრივ, ყველაზე მეტად სწორედ ესპანელმა კალათბურთელმა გამოიჩინა თავი.

გასოლი მუდმივად მხარში უდგას და ეხმარება ლოს ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს, ხშირი ურთიერთობა აქვს პაციენტებთან და მათ "ლეიკერსის" მატჩებზე პატიჟებს.

ბინუმი ლეიკერსში დარჩა
"ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ გამოიყენა ძირითადი ცენტრის, ენდრიუ ბინუმის კონტრაქტში არსებული პუნქტი და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობაში შეინარჩუნა ეს კალათბურთელი. მსგავსი გეგმის შესახებ კლუბმა ჯერ კიდევ გასულ თვეში გამოაცხადა.

გასულ სეზონში ბინუმი საშუალოდ მატჩში 18.7 ქულას, 11.8 მოხსნასა და 1.9 დაფარებას აგროვებდა.

ნეშს ჩემპიონობა მოუნდა
"ფინიქსის" ვეტერანი გამთამაშებლის - სტივ ნეშის მომავალი კარიერის შესახებ ყოველდღე ახალი ჭორი ვრცელდება. ESPN-ის ჟურნალისტებმა სანდო წყაროსგან გაარკვიეს, რომ 38 წლის პლეიმეიკერს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს კლუბთან, რომელსაც ჩემპიონობაზე ექნება პრეტენზია. შესაბამისად, კანადელს "ნიუ იორკში" ან "მაიამიში" უწინასწარმეტყველებენ კარიერის გაგრძელებას.

გარდა ამისა, ნეშის ხელში ჩაგდების სურვილს გამოთქვამენ "ჩიკაგო", "ტორონტო", "პორტლენდი" და "ბრუკლინი".

ილიასოვა ნეტსში მიდის
"მილუოკის" ფორვარდმა ერსან ილიასოვამ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, შესაძლოა, "ბრუკლინ ნეტსში" გააგრძელოს კარიერა.

ამერიკული პრესის ცნობით, "ნეტსს" წინა ხაზის გაძლიერება სურს და მზად არის, თურქ კალათბურთელს შესთავაზოს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ის წელიწადში 8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

2011-12 წლების სეზონში ილიასოვას სტატისტიკა 13 ქულასა და 8.8 მოხსნას უდრიდა.

ვაშინგტონმა მწვრთნელი დაამტკიცა
"ვაშინგტონის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა რენდი უიტმენთან ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ეს სპეციალისტი 2012 წლის იანვრიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ასრულებდა ფლიპ სონდერსის გადაყენების შემდეგ.

რეგულარულ ჩემპიონატში დედაქალაქელებმა 66 მატჩში 20 გამარჯვება მოიპოვეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავეს. 52 წლის სპეციალისტი ადრე "მინესოტასა" და "კლივლენდს" ხელმძღვანელობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული