NBA: დიდი გაცვლები დაიწყო

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მასშტაბური გაცვლა მოხდა. "ვაშინგტონსა" და "ნიუ ორლეანს" შორის დადებული გარიგების თანახმად, "ჰორნეტსმა" მიიღო ფორვარდი რაშარდ ლუისი და დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება, სანაცვლოდ კი დედაქალაქურ კლუბში გაემგზავრნენ ცენტრი ემეკა ოკაფორი და ფორვარდი ტრევორ არიზა.

შეგახსენებთ, რომ "ჰორნეტსში" სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას აპირებდნენ და ამისთვის სწორედ ოკაფორისა და არიზას გაშვება ჰქონდათ დაგეგმილი, რაც განახორციელეს კიდეც. გარდა ამისა, კლუბი 13.7 მილიონ დოლარად გამოისყიდის რაშარდ ლუისის კონტრაქტს.

ოკაფორისა და არიზას კონტრაქტები კიდევ ორი წელია ძალაში და "ვაშინგტონი" მომავალი ორი წლის განმავლობაში
ამ კალათბურთელებს ჯამში 43 მილიონ დოლარს გადაუხდის.

30 წლის მენეჯერი
ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს "ორლანდო მეჯიქს". კლუბის ხელმძღვანელობამ ამ პოსტზე 30 წლის რობ ჰენინგენი დანიშნა, რომელიც მანამდე "ოკლაჰომა-სიტი თანდერში" გენერალური მენეჯერის - სემ პრესტის ასისტენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჰენინგენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მენეჯერი გახდა.

"იმედი გვაქვს, სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როცა რობი ასეთ მაღალ თანამდებობაზე დავნიშნეთ. ის კარგად არის ორიენტირებული NBA-ს თანამედროვე რეალობაში და შეუძლია, ჩვენს გუნდს დიდი სარგებლობა მოუტანოს", - ამბობს "როიტერთან" კომენტარში "მეჯიქის" პრეზიდენტი ალექს მარტინი.

ბოსტონი ლიდერებს დაიტოვებს
"ბოსტონ სელტიქსი" ახალი სეზონისთვის თავისი ყველა ლიდერის შენარჩუნებას აპირებს. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დენი ეინჯმა განაცხადა, რომ კლუბს განზრახული აქვს ახალი კონტრაქტის გაფორმება კევინ გარნეტთან, რეი ალენთან, ბრენდონ ბასთან და ჯეფ გრინთან. ეს კალათბურთელები პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებენ.

როგორც ეინჯი ამბობს, კლუბს თავისი ლიდერების შენარჩუნება სურს, რადგან ამ ზაფხულს ბაზარზე შემადგენლობის გაძლიერების არც ისე ბევრი ვარიანტია.

თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია სიტუაცია კევინ გარნეტთან დაკავშირებით. იგივე ეინჯი არ გამორიცხავს, რომ ვარსკვლავური ფორვარდი უახლოეს ხანში დაასრულებს კარიერას. მაისში კევინს 36 წელი შეუსრულდა.

"ბოლო დროს ინტენსიური ურთიერთობა მქონდა გარნეტთან და შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.

მოსაფიქრებლად დრო საკმარისი აქვს და ჩვენც არ ვაჩქარებთ. მას მოსწონს "ბოსტონი" და დოკ რივერსი, მაგრამ მე დარწმუნებული არ ვარ, საერთოდ სურს თუ არა კარიერის გაგრძელება.

ერთი რამ ცხადია - თუ ის გადაწყვეტს თამაშის გაგრძელებას, მაშინ "სელტიქსში" დარჩება", - ამბობს ESPN-თან კომენტარში ეინჯი.

ნეში ნიქსზე თანახმაა
"ფინიქსის" 38 წლის გამთამაშებელმა სტივ ნეშმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გააგრძელებდა კარიერას "ნიუ იორკ ნიქსში".

"ნიუ იორკი" ბრწყინვალე გუნდია. სეზონებს შორის შესვენებისას სწორედ ამ ქალაქში ვცხოვრობ. ასე რომ, სიამოვნებით განვიხილავ "ნიქსის" წინადადებას, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მოხდება. მე მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის", - ამბობს ნეში ამერიკულ პრესასთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული