ჰოვარდი: დურანტი ლებრონს მირჩევნია

AutoSharing Option

"ორლანდო მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ESPN-ს. ლიგის უძლიერესი ცენტრი დღევანდელ აქტუალურ თემებზე ლაპარაკობს.

"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს ყველამ დაივიწყა "ლეიკერსი", არადა, ამ გუნდმა ზედიზედ ორი ტიტული მოიგო. გასაგებია, რომ ახლა ყველანი გატაცებულნი არიან "მაიამითა" და მისი სამი ვარსკვლავით. რა თქმა უნდა, დუეინის, კრისისა და ლებრონის ერთად ხილვა საინტერესო იქნება, მაგრამ "ლეიკერსის" უფრო უნდა გვეშინოდეს".

კარმელო ენტონის გაჭიანურებულ ტრანსფერზე ჰოვარდმა შემდეგი თქვა: "კარმელოს ძალიან მოუხდებოდა "ორლანდოს" ფორმა".
მსოფლიოს ჩემპიონატის გმირის კევინ დურანტისა და ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშის

ლებრონ ჯეიმსის შედარება: "მე უპირატესობას დურანტს მივანიჭებდი".

დუაიტმა თეთრკანიან კალათბურთელებს შორის ჩატენვების კონკურსის ჩატარების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ორი მოთამაშის გვარი გაიხსენა. მისი აზრით, ღირსეული კანდიდატები არიან - ჯო ალექსანდერი და კრის ანდერსონი.


დამპიემ მაიამი აირჩია
ვეტერანმა ცენტრმა ერიკ დამპიემ "მაიამი ჰიტში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ 35 წლის თავისუფალ აგენტზე პრეტენზიას "ფინიქსი" და "ჰიუსტონიც" აცხადებდნენ.
საბოლოოდ, "დალასის" ყოფილმა მოთამაშემ არჩევანი "მაიამიზე" გააკეთა და კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ.


ლეიკერსის ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა
81 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი მწვრთნელი ფრენკ ო'ნილი, რომელიც კალიფორნიულ კლუბს 1960-74 წლებში ავარჯიშებდა. ო'ნილს "ლეიკერსის" საწვრთნელ ბაზასთან ახლოს, საკუთარ სახლში მოუვიდა გულის შეტევა.
"ლეიკერსამდე" ეს მწვრთნელი "ლოს ანჯელეს რემსში", "ფილადელფია იგლზსა" და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში მუშაობდა.


ნოას ჩიკაგო ურჩევნია
როგორც უკვე ვწერდით, "ჩიკაგო ბულზი" არ აპირებს თავისი ცენტრის ჟოაკიმ ნოას კარმელო ენტონიში გაცვლას, თუმცა ფრანგთან არც მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობს. თავად კალათბურთელი ამ ფაქტს გაგებით ეკიდება.
"კარგად მესმის, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი კალათბურელი ყოფილა. ეს ბიზნესია და არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ბევრი ჭორი მოვისმინე ჩემი შესაძლო გაცვლის თაობაზე, მაგრამ მირჩევნია "ჩიკაგოში" დავრჩე. კარმელო მაღალი დონის მოთამაშეა, თუმცა ისედაც შესანიშნავი გუნდი გვყავს და ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია", - ამბობს ნოა, რომელიც მომავალ სეზონში 3.12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.


იუტას ახალწვეული ჰყავს
"იუტა ჯაზმა" არაგარანტირებული კონტრაქტი გააფორმა მცველ რაიან ტომპსონთან. "ძალიან მინდა მთელი სეზონით დავრჩე გუნდში", - ამბობს კალათბურთელი.
NCAA-ის შარშანდელ ჩემპიონატში ტომპსონი საშუალოდ მატჩში 17.2 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებდა, მაგრამ ამ სტატისტიკის მიუხედავად, 2010 წლის დრაფტზე ის არც ერთმა კლუბმა არ აიყვანა.


ბინუმი სპარინგებს არ ითამაშებს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრი ენდრიუ ბინუმი, რომელმაც მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, წინასასეზონო მატჩებს გამოტოვებს. კალათბურთელი გუნდთან ერთად იმოგზაურებს, მაგრამ მოედანზე გასვლის უფლება არ ექნება
ბინუმმა ტრავმა პლეი ოფის პირველ წრეში, "ოკლაჰომასთან" მეექვე მატჩის დროს მიიღო, თუმცა ბოლომდე ითამაშა პლეი ოფში და გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მისი საშუალო სტატისტიკა 8.6 ქულას, 6.9 მოხსნასა და 1.57 დაფარებას უდრიდა.


ნეში რეჟისორი გახდა
"ფინიქს სანზის" ვარსკვლავ გამთამაშებელს სტივ ნეშს დებიუტი ჰქონდა რეჟისორის ამპლუაში. მის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი - "ქარის საწინააღმდეგოდ" ESPN-ის ეთერში გუშინ აჩვენეს. მანამდე ფილმი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი.

ნეშის ნამუშევარი კანადელ ეროვნულ გმირს ტერი ფოქსს ეხება, რომელმაც 1980 წელს ე. წ. "იმედი მარათონი" გაირბინა. 21 წლის ფოქსს კიბოს გამო ფეხი მოაჭრეს, რის შემდეგაც მან სირბილით შემოიარა მთელი კანადა, რათა შემოწირულობა შეეგროვებინა ონკოლოგიური დაავადების მიზეზების გამოსაკვლევად.


პენი სპურსში ისინჯება
"სან ანტონიო სპურსმა" საწვრთნელ ბანაკში მიიწვია ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერი კირკ პენი. 29 წლის მცველი მეორედ ეცდება მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დამკვიდრებას. 2004-05 წლებში სეზონში კირკი "კლიპერსში" თამაშობდა, მაგრამ სულ ოთხჯერ მოუწია მოედანზე გასვლა. მანამდე პენიმ "მაიამიში" ორი მატჩი ჩაატარა.

შარშან, პენი D-ლიგაში თამაშობდა, სადაც საშუალოდ 22.7 ქულასა და 4.1 მოხსნას აგროვებდა. ეს კალათბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი იყო - მისი მონაგარი საშუალოდ 24.7 ქულას შეადგენდა.


არტესტს კლიპერსის წასვლა უნდა
"ლეიკერსის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის რონ არტესტის აზრით, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" სხვა ქალაქში უნდა გააგრძელოს თამაში.

"კლიპერსს" დიდი პატივისცემით ვეპყრობი და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს გუნდი სხვა ქალაქში უნდა გადავიდეს სათამაშოდ. მაგალითად, სან დიეგოში არის ამერიკული ფეხბურთის შესანიშნავი გუნდი - "სან დიეგო ჩარჯესი". კარგი იქნებოდა, თუ "ჩარჯესი" ლოს ანჯელესში გადმოვიდოდა, ხოლო "კლიპერსი" - სან დიეგოში დაიმკვიდრებდა ადგილს", - ამბობს არტესტი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული