თითოეულ მოთამაშეს ანალიტიკოსების მცირე დახასიათება მოსდევს, რაც, წესით, საინტერესო უნდა იყოს კალათბურთის მოყვარულისთვის.
ენტონი დევისი
ცენტრი, 19 წლის
დრაფტის უეჭველი პირველი ნომერი, "მარტის საგიჟეთის" ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე. მიჩნეულია, რომ დევისს შეუძლია გახდეს თავისი მომავალი გუნდის მრავალწლიანი ლიდერი.
უკვე დღეს მას NBA-ს ვარსკვლავად აღიქვამენ - სატელევიზიო შოუებისა და ფოტოსესიების სია, რომელშიც ენტონიმ ბოლო თვეებში მონაწილეობა მიიღო, ჰოლივუდის ნებისმიერ ვარსკვლავს შეშურდებოდა.
გარდა ამისა, მისი
ამასთან, ახალგაზრდა მოთამაშის აქტიური პიარი არანაირ უხერხულობას არ ქმნის და ყველა დარწმუნებულია, რომ ეს ხელს არ შეუშლის მას NBA-ში თავის გამოჩენაში.
უპირატესობა: ასეთი თვისებების მქონე მოთამაშეს ამერიკაში high motor-ს უწოდებენ - კალათბურთელი, რომელიც ერთი წუთით არ ჩერდება და შეუძლია თავისი ენერგია და განწყობა პარტნიორებს გადასცეს.
სათამაშო თვისებებიდან გამოარჩევენ დაცვას, მოხსნებზე თამაშსა და დაყენებულ ტყორცნას.
ნაკლი: თავის პოზიციაზე, სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, სიმაღლისა და წონის ნაკლებობა.
ტომას რობინსონი
მძიმე ფორვარდი, 21 წლის
თუ "შარლოტი" არ მოისურვებს თავისი მეორე პიკის გაცვლას, მაშინ გუნდის არჩევანი სწორედ ამ კანზასელ ბიჭზე შეჩერდება. გასაგები მიზეზების გამო ის ამ დრაფტზე მეორე "ბიგმენად" მიიჩნევა. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია სოლიდურ ფიზიკურ მონაცემებზე.
იმავე დევისისგან განსხვავებით, რომელსაც კუნთის მასის მომატება სჭირდება, ორი წლით უფროსი ტომასი საჭიროებს არა ათლეტური, არამედ სათამაშო თვისებების დახვეწას. ამასთან, ყველას ახსოვს კენეტ ფარიდის შარშანდელი მაგალითი, როცა ეს კალათბურთელი ფონს არა თავისი სათამაშო ინტელექტით, არამედ სწრაფი ფეხებით, მაღალი ნახტომითა და აქტიურობით გადიოდა ფონს.
თუმცა დადის ჭორი იმის შესახებ, რომ მაიკლ ჯორდანმა, შესაძლოა, რობინსონს ჰარისონ ბარნსი ამჯობინოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ კალათბურთელების სიას, რომელშიც ჯორდანი პოტენციალს ხედავს, ალბათ, ღირს მიენდოს ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებებს და კანზასელი მოთამაშე აირჩიოს.
უპირატესობა: ფიზიკური მონაცემების გარდა, მას გამოარჩევს მოხსნებისთვის ბრძოლა, აგრეთვე, სწავლის სურვილი. ESPN წერს, რომ რობინსონს კარგი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც მას როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშს ასწავლის, მით უმეტეს, რომ ამისთვის ყველა მონაცემი აქვს.
ნაკლი: მისი პოზიციისთვის არასაკმარისი სიმაღლე, არ აქვს დაყენებული სროლა.
ბრედლი ბილი
შემტევი მცველი, 19 წლის
მოთამაშე, რომელიც ერთნაირად კარგად თამაშობს სროლისა და გარღვევების დროს, NBA-ს ნებისმიერ გუნდს სჭირდება, განსაკუთრებით, საშინელი შეტევის მქონე "ვაშინგტონს". ამიტომაც ეს გუნდი თავის მესამე არჩევანზე ბილს ხელიდან არ გაუშვებს.
თუმცა მხოლოდ დედაქალაქელები არ არიან დაინტერესებულნი ამ მცველით და სავსებით შესაძლებელია, რომ "კლივლენდი" "შარლოტისთვის" მეორე არჩევანის გამორთმევას სწორედ ამ კალათბურთელისთვის აპირებს.
უპირატესობა: დაყენებული სროლა, ფარქვეშ შესვლა, საკუთარ თავში დაჯერებულობა.
ნაკლი: არასტაბილურობა, საკუთარი თავისთვის სასროლი სიტუაციის შექმნის პრობლემა, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, დასახვეწია ბურთის კონტროლი.
ჰარისონ ბარნსი
მსუბუქი ფორვარდი, 20 წლის
ახალბედა ჯერ არ გადასულა NBA-ში და უკვე შეიგრძნო საყოველთაო ყურადღების მთელი სიმძიმე. ორი წლის წინ სწორედ ბარნსი იყო დრაფტის სავარაუდო პირველი ნომერი, პრესა კი მას ლებრონ ჯეიმსს ადარებდა.
მაგრამ ეს ბიჭი "გადაიწვა" მოლოდინის ტვირთით და ძალიან მოკრძალებული სეზონი ჩაატარა კაროლინაში.
ამიტომაც გადადო მან დრაფტზე გასვლა. როგორც აღმოჩნდა, მისი ათლეტიზმი ახლოსაც ვერ მივიდოდა იმასთან, რასაც ლებრონი ლიგაში მოსვლამდე აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, ბარნსი მოხვდება დრაფტის ტოპ-ხუთეულში - ძირითადად, თავისი სროლის წყალობით, რომელიც დრაფტზე გასულ ნებისმიერ ტალანტს შეშურდება.
უპირატესობა: უკვე ნახსენები ტყორცნა ნებისმიერი დისტანციიდან, კარგი დაცვა.
ნაკლი: ძალიან ენდობა საკუთარ სროლას. სუსტი ფიზიკური ფორმა არ აძლევს საშუალებას, გარღვევებზე გააკეთოს აქცენტი. ამასთან, არის შანსი, რომ ზედმეტი მოლოდინისგან ისევ "გადაიწვას" და ვერ გაიზარდოს სტაბილურ მოთამაშედ.
მაიკლ კიდ-გილჩირსტი
მსუბუქი ფორვარდი, 18 წლის
მომავალი დრაფტის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე და ბევრის აზრით, ყველაზე ენერგიულიც, რომელსაც შეუძლია საჭირო მომენტში აიყოლიოს გუნდი და გარდატეხა შეიტანოს თამაშში.
სხვა საქმეა, რომ, როცა სტაბილურობაა საჭირო ქულების დაგროვების მხრივ, მისი ნდობა ნაკლებად შეიძლება, რადგან დიდი პრობლემები აქვს სროლასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ის იდეალური მეორე ნომერი იქნება (როგორც უესტბრუკია დურანტის ჩრდილში), მაგრამ მისგან მრავალწლიან ლიდერობას არ უნდა ველოდოთ.
უპირატესობა: სისწრაფე, ათლეტიზმი, კონტრშეტევებისას შესვლებზე თამაში, ენერგიულობა.
ნაკლი: ცუდი ტყორცნა, უნდა გაუმჯობესდეს ბურთზე კონტროლი.
ანდრე დრამონდი
ცენტრი, 18 წლის
ძალიან ჰგავს "იუტას" შარშანდელ დებიუტანტს დერეკ ფეივორსს: შთამბეჭდავი ფიზიკური კონდიციები, კარგი ნახტომი და ბლოკი, მოხსნების შესრულება. თუმცა აბსოლუტურად "შეუხედავია" საკალათბურთო თვისებების მხრივ.
ფეივორსი, შესაძლოა, ნანობს, რომ კიდევ ერთი წელი არ დარჩა კოლეჯში. შარშან ის "იუტაში" ჯეფერსონისა და მილსეპის ჩრდილში მოექცა.
შესაძლოა, ასეთივე ბედი ელის დრამონდსაც. იმის გათვალისწინებით, რომ დრაფტიდან განაცხადის გატანა უკვე შეუძლებელია, რჩება იმედი, რომ მოთამაშე მოხვდება ისეთ მწვრთნელთან, რომელიც ამ ფორვარდში ნიჭს დაინახავს და საკმარის დროს დაუთმობს მისგან ღირსეული მოთამაშის შექმნას.
უპირატესობა: ათლეტიზმი, მოხსნებზე ბრძოლა, სიმაღლე, მაღალი პოტენციალი.
ნაკლი: არასტაბილურობა, შეტევაში სუსტი თამაში, ცუდი სროლა, საჯარიმოების გამოყენების დაბალი პროცენტი. მასში ხედავენ ცუდ თვისებას - იმისთვის, რომ მაღალი დონის მოთამაშე გახდეს, არასაკმარისად ბევრს მუშაობს.
დემიენ ლილარდი
გამთამაშებელი, 21 წელი
დრაფტის საუკეთესო გამთამაშებელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ლილარდი აუცილებლად მოხვდება ტოპ-ათეულში, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი კონკურენტი არ ჰყავს. ხოლო ისეთი გუნდები, რომლებსაც კვალიფიციური პირველი ნომერი სჭირდებათ, საკმაოდ ბევრია.
თუ დემიენი მოხვდება ისეთ გუნდში, რომელიც მას სასტარტო ხუთეულში ჩასვამს, სავსებით შესაძლებელია, პირველივე სეზონში გაიხსნას.
უპირატესობა: ათლეტიზმი, დაყენებული სროლა, სისწრაფე, სიმაღლე, შრომისმოყვარეობა.
ნაკლი: კოლეჯში სუსტ დივიზიონში თამაშობდა, უფრო სუსტ მეტოქეებთან კი ხშირად ვერ აჩვენებდა მაღალ კლასს. საჭიროებს ბურთზე კონტროლის გაუმჯობესებას.
ოსტინ რივერსი
შემტევი მცველი, 19 წლის
"ბოსტონის" მცველის, დოკ რივერსის ვაჟი საკალათბურთო ოჯახში გაიზარდა და ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ უკეთებია - ეს არის კალათბურთი. და მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ჩემპიონი მწვრთნელია, ახალგაზრდა მცველი ხშირად ვერ დაიკვეხნის სწორი გადაწყვეტილებების მიღებით და ხანდახან ზედმეტს იღებს თავის თავზე.
მიუხედავად ამისა, ოსტინი საკმაოდ ქარიზმატულია და ექსპერტთა აზრით, კლუბი, რომელიც მას დრაფტზე აირჩევს, თავის გადაწყვეტილებას არ ინანებს.
უპირატესობა: დაყენებული სროლა, ქარიზმატულობა, აქტიურობა, სროლის შექმნა თავისთვის და პარტნიორებისთვის.
ნაკლი: არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, დაცვაში სუსტი თამაში, ბევრი შეცდომა. ასევე მიუთითებენ მის ეგოისტობაზე.
ჯერემი ლემბი
შემტევი მცველი, 20 წლის
მცველი, რომელიც ქულების მოხვეჭისთვის არის შექმნილი. თავისი სიმაღლის წყალობით, მას შეუძლია მეორე და მესამე ნომრად თამაში. ამასთან, თუ უნარიანი მწვრთნელი მოიძებნება, სავსებით შესაძლებელია, ლემბისგან კარგი მცველი გაზარდოს. მიუხედავად ამისა, მას ჯერ ძალიან აკლია ფიზიკური ძალა იმისთვის, რომ თანაბრად ებრძოლოს NBA-ში თავის კონკურენტებს.
უპირატესობა: ცუდი ტყორცნა, შეუძლია შესვლებზე თამაში, სიმაღლე, ბრძოლისთვის მომართული.
ნაკლი: არასაკმარისად ათლეტური, ბევრ შეცდომას უშვებს. გარდა ამისა, უკვე არაერთხელ მიიღო შენიშვნა იმის გამო, რომ ბოლომდე არ იხარჯება ვარჯიშებზე.
ჯონ ჰენსონი
მძიმე ფორვარდი, 21 წლის
ამ ფორვარდით დაინტერესებულნი იქნებიან ის გუნდები, რომლებსაც გასაუმჯობესებელი აქვთ საკუთარ სამწამიანში დაცვაში თამაში. ESPN გვაფრთხილებს, რომ ჰენსონს არ შეიძლება ვუწოდოთ ახალი დიკემბე მუტომბო, მაგრამ მისგან შეიძლება კარგი მცველის გაზრდა.
ამისთვის მას ბევრი ფიზიკური ვარჯიში დასჭირდება, მაგრამ ამგვარი პრობლემები NBA-ს ყველა ახალბედას აქვს. მეორე მხრივ, მეტოქის ნახევარზე მისგან სარგებელს მხოლოდ შეტევაში მოხსნების მხრივ თუ ნახავენ - მას არ აქვს დაყენებული სროლა და არც ჯარიმების გამოყენების მაღალი პროცენტით გამოირჩევა.
უპირატესობა: სიმაღლე, დაცვაში თამაშის კარგი თვისებები, მოხსნებისთვის ბრძოლა.
ნაკლი: საჭიროა ფიზიკური მომზადების მომატება; სუსტი თამაში შეტევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"