დუაიტ ჰოვარდი და თორნიკე შენგელია გუნდელები?

AutoSharing Option
თუ ამერიკულ პრესას ვერწმუნებით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარი ცენტრი, "ორლანდო მეჯიქის" ლიდერი დუაიტ ჰოვარდი, 10 ივლისს შესაძლოა, "ბრუკლინ ნეტსის" წევრი გახდეს. როგორც იტყობინებიან, მომავალ ტრეიდში 11 მოთამაშე იქნება ჩართული.

"ორლანდომ" და "ბრუკლინმა" იპოვნეს მესამე გუნდი, რომელიც ამ გაცვლაში მიიღებს მონაწილეობას. ეს გუნდია "კლივლენდი".

ამ უკანასკნელის რიგებში გადავა "ნეტსის" ფორვარდი კრის ჰემფრიზი, "ორლანდო" კი მიიღებს ცენტრს ბრუკ ლოპესს და მომავალი დრაფტების პირველ რაუნდში მინიმუმ სამი კალათბურთელის არჩევის უფლებას.

* * *
ამასობაში "ორლანდოს" ფორვარდი რაიან ანდერსონი "ნიუ ორლეანში" გადავიდა - წერს
Yahoo!Sports.

ხელშეკრულება ოთხწლიანია, რომლის მიხედვითაც, 24 წლის კალათბურთელი 36 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

2011-12 წლების სეზონში ანდერსონმა 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გუნდს 16.1 ქულა და 7.7 მოხსნა შესძინა.

ვენესუელაში დასრულდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი. ლონდონის თამაშების ბოლო საგზური მოიპოვა ნიგერიის ნაკრებმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში 15 ქულის სხვაობით დაამარცხა დომინიკის რესპუბლიკის ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელები ამ ტურნირის მთავარი სენსაციის ავტორები გახდნენ, როცა მეოთხედფინალიდან გამოთიშეს ბრძოლას საბერძნეთის ნაკრები.

ასე რომ, ნიგერია შეუერთდა რუსეთისა და ლიტვის ნაკრებებს, რომლებმაც უფრო ადრე მოიპოვეს ლონდონში თამაშის უფლება.

მე-3 ადგილისთვის

ნიგერია-დომინიკა 88:73
24:18, 23:21, 12:18, 29:16
ნ: დიოგუ (25+10 მოხსნა), ამინუ (14+7 მოხსნა), ობასოჰანი (11).
დ: გარსია (17), მარტინესი (16+9 მოხსნა), ბაესი (13+8 მოხსნა).

* * *
საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ ვენესუელაში გაიმართა წილისყრა, რომლის მიხედვითაც, ლიტვის, რუსეთისა და ნიგერიის ნაკრებები ძირითადი ტურნირის ჯგუფებში გაანაწილეს: ლიტვა და ნიგერია A ჯგუფში მოხვდნენ, რუსეთი - B ჯგუფში.

წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: ლიტვა, ტუნისი, აშშ, საფრანგეთი, ნიგერია, არგენტინა;
B ჯგუფი: ჩინეთი, ბრიტანეთი, ბრაზილია, ავსტრალია, რუსეთი, ესპანეთი.

თითო ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გუნდი გადის.

* * *
აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების გამთამაშებელი კრის პოლი იძულებულია, გამოტოვოს თავისი გუნდის უახლოესი რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა. "კლიპერსის" გამთამაშებელმა ორი დღის წინ, ვარჯიშის დროს, მარჯვენა ხელის თითი დაიზიანა.

"ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. იმედია, გარკვეული დროის შემდეგ ტკივილგამაყუჩებლებით შევძლებ თამაშს", - ამბობს პოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული