ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე. ღმერთები ბავშვების წინააღმდეგ
"ეცადე, საღამოს ღრმად დაიძინო, რადგან ხვალ დაგცინებთ და ეს მთელი კვირა არ დაგავიწყდება"
ივლისის ბოლოს მოთამაშეები პირველად შეიკრიბნენ ლაჯოლის (კალიფორნია) მდიდრულ სასტუმროში, სან დიეგოსთან ახლოს, რათა რამდენიმე დღის განმავლობაში საწვრთნელი შეხვედრები ჩაეტარებინათ ამერიკის საუკეთესო სტუდენტების წინააღმდეგ.
მაიკ კჟიჟევსკი (აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): "მწვრთნელთა შტაბის პირველ
კრის უებერი (სტუდენტური გუნდის მოთამაშე): "აეროპორტიდან ლიმუზინით ლარი ბერდთან ერთად ვიმგზავრე და ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. ჩვენ ვილაპარაკეთ "პისტონსის" წინააღმდეგ მატჩზე, სხვადასხვა საკალათბურთო მოძრაობაზე და ბევრ სხვა თემაზე, რაც კალათბურთს უკავშირდება. ის კარგ ადამიანად მეჩვენა. შემდეგ, როცა მანქანიდან გადმოვედი და ჩემი ჩანთები ავიღე, მან მითხრა: "ეცადე, საღამოს ღრმად დაიძინო, რადგან ხვალ დაგცინებთ და ეს მთელი კვირა არ დაგავიწყდება".
ალან ჰიუსტონი (სტუდენტური გუნდის მოთამაშე): "დარბაზში მისულები აივანზე მოვხვდით, საიდანაც კარგად ჩანდა მთელი მოედანი. ეს შთამბეჭდავი სანახაობა იყო. ვხედავდით, როგორ ტენიდა ჩარლზ ბარკლი, როგორ იგებდა ბურთს ჯორდანი, ფარისკენ მიჰქროდა და ჰაერში დაფრინავდა. ყოველ ჩვენგანს გონებაში მხოლოდ ერთი აზრი გვიტრიალებდა: "ნუთუ ვარჯიშებზეც აკეთებენ ამას?"
კრისტიან ლეიტნერი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): მახსოვს ის მომენტი, როცა ზემოთ ავიხედე და კოლეჯის ამხანაგები დავინახე. იმ წამს ბარკლიმ მელოუნს თავზე გადაატენა ბურთი და ყველა მათგანს ყბა იატაკამდე ჩამოუვარდა".
* * *
პირველი საწვრთნელი მატჩი "დრიმ თიმსა" და უნივერსიტეტის ვარსკვლავებს შორის 24 ივნისს გაიმართა და ის რამდენიმე მიზეზით ლეგენდარული გახდა.
კრეიგ მილერი (აშშ-ის საკალათბურთო ასოციაციის PR-დირექტორი): "დეილიმ უნივერსიტეტის მწვრთნელებს უთხრა - სტუდენტებს ისე ეთამაშათ, როგორც ამას უცხოელი კალათბურთელები აკეთებენ, ანუ მას სურდა, მატჩის დიდი ნაწილი მეტოქის სამწამიანის ხაზთან ახლოს ემოქმედათ".
ჰიუსტონი: "იმ სტილით უნდა გვეთამაშა, რომელსაც ნაჩვევი არ ვიყავით. გვესმოდა, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა. ასე რომ, თამაში დავიწყეთ და პენიმ ორჯერ ჩატენა ბურთი. მე მგონი, მეც ჩავაგდე რამდენჯერმე. თითოეული ჩვენგანი თავს ლაღად გრძნობდა".
პენი ჰარდუეი (სტუდენტური გუნდის მოთამაშე): "მათ გაიფიქრეს: "შესანიშნავია, ჩვენს წინააღმდეგ ახალგაზრდა ბიჭები დააყენეს - ცოტას გავხურდებით. ჩვენ მათ უმნიშვნელო სხვაობით მოვუგებთ, რამდენიმე ავტოგრაფს დავარიგებთ, ყველა ბედნიერი იქნება". მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად ნიჭიერები ვიყავით".
ბრაიან მაკინტაირი (NBA-ს ვიცე-პრეზიდენტი): "პენიმ ცენტრში რამდენჯერმე ჩაჭრა ბურთი და ყველამ ერთხმად ამოიოხრა. იმ მომენტში მოედანზე დაძაბულობა წარმოიქმნა. დღემდე მახსოვს ის გრძნობა. ეს პირველი დღე იყო!"
ჩარლზ ბარკლი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): "როცა ისინი პირველად დავინახეთ, ბავშვებად აღვიქვით. ერთმანეთს ვეუბნებოდით: "მოდით, ნუ დავამცირებთ ამ პატარა ბიჭებს". მათ კი ისე დაიწყეს თამაში, თითქოს ეს პლეი ოფის სერიის მეშვიდე შეხვედრა იყო. სანამ ჩვენ ეს გავაცნობიერეთ, დავმარცხდით".
ჰიუსტონი: "დრო გავიდა - 20-20-წუთიან ორ ტაიმს ვთამაშობდით. ისევ წინ ვიყავით. თამაში შეწყვიტეს. ჩვენ მორცხვად შევბრუნდით და გულში ვამბობდით: "ეს არ უნდა მომხდარიყო". რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვა არავის უთქვამს".
კარლ მელოუნი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): "ჩვენ მათ მიმართ ლმობიერები ვიყავით, მათ კი არ დაგვინდეს. დეილის ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს უნდოდა ხმამაღლა ეთქვა: "შესანიშნავია, ეს სწორედ ის იყო, რაზეც გელაპარაკებოდით, ბიჭებო. თქვენ მზად უნდა იყოთ". იმავე დღეს გვინდოდა მათთან კიდევ ერთხელ თამაში, მაგრამ დეილიმ არ მოგვცა ამის უფლება. ჩაკს უნდოდა, გვეგრძნო ეს წაგება, რომ ის ღრმად ჩაგვბეჭდოდა გონებაში".
უებერი: "მათი დამარცხების შემდეგ არავის უთქვამს: "ბიჭებო, ჩვენ უბრალოდ მოგაგებინეთ". ეს ჯადოსნური ღამე იყო. მახსოვს, ბობი ჰიორლისთან ერთად რამდენჯერმე ვესტუმრეთ იმ ღამით გოლფის მოედანს - იმდენად ვიყავით აღფრთოვანებულები".
ჰიუსტონი: "სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ერთ ესკალატორზე აღმოვჩნდი ბერდთან და უებერთან. კრისი რაღაცაზე აღელვებით ლაპარაკობდა. ბერდი შემობრუნდა და გვითხრა: "ნუ ნერვიულობთ, ხვალ სულ სხვა დღე დადგება". მან ამ აზრთან მარტო დაგვტოვა. მართლაც, როცა მოედანზე დავბრუნდით, ახალი დღე დადგა" (იცინის).
ბარკლი: "ჩვენ მათ მცირე შეტყობინება დავუტოვეთ".
უებერი: "ერთი ქულაც ვერ დავაგროვეთ. არცერთი. ვერც საჯარიმოს ხაზიდან ჩავაგდეთ და ვერც თამაშიდან. წინა დღეს შესანიშნავი სამუშაო ჩავატარეთ და ისინი გამოვაღვიძეთ. ამის შემდეგ მზად იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ და ნებისმიერ მეტოქესთან სერიოზული თამაშისთვის".
მაკინტაირი: "როცა სირენის ხმა გაისმა, ბარკლიმ მათი სკამის გვერდით ჩაიარა და უთხრა: "ბიჭებო, ძალიან გაგიმართლათ, რადგან კარგად ვერ განვეწყვეთ დღევანდელი მატჩისთვის".
ჰარდუეი: "ჯორდანთან გასახდელში მივედით, ჩვეულებრივი სტუდენტებივით ვიქცეოდით და ვეუბნებოდით: "შეიძლება თქვენი ფეხსაცმელი? მომეცი, წამოვიღებ, რაც ამ ოთახში გაქვს!"
უებერი: "პენის არ უთქვამს, რომ ჩვენ ერთგვარ საიდუმლო დავალებაზე ვიყავით. მე წინდები და სპორტული ფეხსაცმელები ავიღე.
ჯორდანს მისი საყურეებიც ვთხოვე. ზოგიერთ ნივთს, რაც იმ დღიდან შემომრჩა, მხოლოდ ჩემი შვილიშვილები წაიღებენ დიდების დარბაზში, რადგან არ ვაპირებ სიცოცხლის ბოლომდე მათთან გამოთხოვებას. ეს ფანტასტიკური დღე იყო. ეს იყო საუკეთესო დრო ჩემს ცხოვრებაში. საუკეთესო".
* * *
ფორმალურად, აშშ-ის ნაკრებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად შესარჩევი ტურნირი უნდა გაევლო. ამიტომაც მოთამაშეები პორტლენდში ჩაფრინდნენ, სადაც 28 ივნისს პირველი ოფიციალური მატჩი ელოდათ ამერიკის პირველობაზე.
მარვ ალბერტი (NBC-ის კომენტატორი): "მახსოვს, როცა პირველად ვნახე ეს ნაკრები, ცოტათი შემეშინდა. ჩემთვის ეს იყო ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებს შორის სპორტის ყველა სახეობაში. თავიანთ პირველ მატჩში მათ კუბის ნაკრები 79 ქულის სხვაობით დაამარცხეს".
დევიდ დუპუი (გაზეთ USA Today-ს კორესპონდენტი): "ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თამაშობდნენ ბიჭები დახეული და ჩამოძენძილი მაისურებით. ფანტაზია სწორედ ასეთ სურათს ხატავდა. თუმცა ისინი ცდილობდნენ, როგორც შეეძლოთ".
მელოუნი: "ვერ ვიტყვი, რომ თამაში ცეკვას ჰგავდა, მაგრამ ძალიან იოლად გავიმარჯვეთ".
ლეიტნერი: "თამაშის ტემპი ფენომენალური იყო. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან თითოეულ პოზიციაზე ლეგენდა თამაშობდა".
დევიდ სტერნი (NBA-ს კომისარი): "მეტოქე გუნდის კალათბურთელები უფრო იმით იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ჩვენს ბიჭებთან გადაეღოთ ფოტოები და თამაშზე არც ფიქრობდნენ".
ნათანიელ ბატლერი (NBA-ს ოფიციალური ფოტოგრაფი): "ჩვენ პირით ხაზთან ვისხედით. მეჯიქი ერთ-ერთ მეტოქეს ზურგით დაუდგა და მის მოტყუებას ცდილობდა. ეს ბიჭი კი დაცვის დროს თავისი სკამის მიმართულებით ყვიროდა: "ახლა! ახლა!" იმ მომენტში სკამზე მჯდომმა ერთ-ერთმა მოთამაშემ ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოიღო და თავის პარტნიორს ფოტო გადაუღო".
იან ჰაბარდი (Newsday-ს საკალათბურთო მიმომხილველი): "ერთხელ ვენესუელას წინააღმდეგ ვთამაშობდით და ერთ-ერთი კალათბურთელი, მეჯიქის წინააღმდეგ დაცვისას, სთხოვდა მას: "შენი ფეხსაცმელები მინდა! შენი ფეხსაცმელები მინდა!" ეს ხდებოდა მატჩის დროს! მეჯიქმა უპასუხა: "მომისმინე, ისინი მეც მჭირდება!"
ლენი უილკენსი (აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): "მაშინ ვფიქრობდით, რომ ეს სახალისო იყო, მაგრამ წლების განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შემდეგ ჯერზე ისინი თან წამოიღებდნენ არა კამერებს, არამედ თავიანთი საუკეთესო თვისებების გამოვლენისთვის იზრუნებდნენ".
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"