ამერიკელები იმ ქალაქში დაბრუნდნენ, სადაც ზუსტად ოცი წლის წინ - ლეგენდარული "დრიმ თიმის" დაბადება შედგა. ეს ქალაქია ბარსელონა.
მაიკ კჟიჟევსკის გუნდის მეტოქე ვეტერანებით სავსე არგენტინის ნაკრები იყო. ამერიკას იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ორი დღის წინ არგენტინამ 20 ქულით წააგო ამხანაგური მატჩი ესპანეთთან.
წინასამატჩო პროგნოზები შეხვედრის დებიუტმა გაამყარა - საწყის ოთხ წუთში ამერიკა 19:3 გავიდა წინ. არგენტინელები ვერაფერს უხერხებდნენ კობი ბრაიანტსა და კევინ დურანტს. ეს უკანასკნელი 27 ქულით საუკეთესო იყო თავის გუნდში.
მესამე მეოთხედში ოდნავ უკეთ ამერიკა გამოიყურებოდა. ეს ათწუთიანი მონაკვეთი მან ოთხი ქულით მოიგო და 11 ქულამდე გაზარდა უპირატესობა.
მაგრამ თამაშის ბედი მაინც არ იყო გადაწყვეტილი. თამაშის კულმინაცია ფინიშამდე 3 წუთით ადრე დადგა, როცა ჯინობილის სამქულიანით სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. და სწორედ აქ გადაწყვიტა მატჩის ბედი კევინ დურანტმა - მან და კრის პოლმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანები ჩააგდეს და განაპირობეს ამერიკის ექვსქულიანი გამარჯვება - 86:80.
დურანტის გარდა, ამერიკაში სამმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი - ბრაიანტმა 18 ქულა დააგროვა, 15 და 13 ქულა იყო ლებრონ ჯეიმსისა და რასელ უესტბრუკის ანგარიშზე.
არგენტინელთა რიგებში სამმა კალათბურთელმა გაიბრწყინა - მანუ ჯინობილიმ 23 ქულა დააგროვა, 15 ქულა იყო კარლოს დელფინოს ანგარიშზე, ლუის სკოლამ 14 ქულა მიითვალა. სხვათა შორის, ამერიკელებმა საშინლად ისროლეს საჯარიმოები - სიზუსტის პროცენტი 57-ს უდრიდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელებს ცოტა ხნის წინ ბრაზილიის დამარცხებაც გაუჭირდათ, როცა მატჩის მსვლელობისას 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოუწიათ.
წლევანდელი "დრიმ თიმის" მზადყოფნას ორ დღეში შევამოწმებთ, როცა ის ოლიმპიადაზე თავის მთავარ კონკურენტს - ესპანეთს შეხვდება.
აშშ-არგენტინა 86:80
ა: დურანტი (27), ბრაიანტი (18), ჯეიმსი (15+7 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (13).
ა: ჯინობილი (23), დელფინო (15), სკოლა (14+7 მოხსნა), პრიჯიონი (8+5 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"