"მაიამის" ლიდერს ინტერვიუ ჩამოართვა ესპანურმა გამოცემა "მარკამ". ლებრონი აქებს აშშ-ის დღევანდელ ნაკრებს, ლაპარაკობს სამომავლო გეგმებზე, გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე, თამაშის სტილის ცვლილებაზე, ბოშის როლზე "მაიამიში" და მიზნის მიღწევით მიღებულ შეგრძნებებზე...
- რა გრძნობები გაქვთ საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ?
- უბრალოდ, ბედნიერებას ვგრძნობ. დაისახო მიზანი და მიაღწიო მას... იმედია, ყველას ჰქონია ასეთი გრძნობა. როცა მიემართები რაღაც კონკრეტულისკენ, ბოლომდე იხარჯები... განსაკუთრებული გრძნობაა.
- ახლა თქვენთვის კალათბურთი უფრო სასიამოვნო
- კალათბურთი ყოველთვის სასიამოვნოა. მიყვარს ეს თამაში, ყოველი მატჩი ჩემთვის თითქოს უკანასკნელია. სპორტისადმი სიძულვილი არასოდეს მიგრძვნია.
- NBA-ში სეზონი ივნისის ბოლოს დასრულდა. ახლა ოლიმპიადაზე მიემგზავრებით. ასე რომ, რამდენიმე თვეა, მოედნიდან არ გამოსულხართ. შემდეგი სეზონისთვის ძალების დაზოგვას ხომ არ აპირებთ?
- არავითარ შემთხვევაში. ყოველთვის, როცა მოედანზე ვარ, 110 პროცენტით ვიხარჯები. ასე ვარ მოწყობილი.
- გასულ სეზონში იშვიათად ისროდით სამქულიანებს...
- მიდგომა შევცვალე. გადავწყვიტე, დრო არ დამეხარჯა შორეული ტყორცნებისთვის და უფრო ხშირად შევსულიყავი სამწამიან ზონაში. ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის და პარტნიორებისთვის. სეზონის მსვლელობისას ვამუშავებდი ამ სტილს, რამაც საბოლოოდ წარმატებამდე მიმიყვანა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი სტილი შემდეგშიც განიცდის პროგრესს?
- სავარაუდოდ, ასე იქნება. როგორც იქნა, ვიპოვნე ის, რაც მე მაწყობს. კარიერაში ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია. ასე რომ, სამწამიანში უფრო ხშირად მიხილავთ.
- პლეი ოფის მატჩებში საშუალოდ 10 მოხსნას აკეთებდით. იგივეს გეგმავთ რეგულარულში?
- სტატისტიკურ მიზნებს არასოდეს ვისახავ, მხოლოდ – გუნდურს.
- რა შეიცვალა გუნდში ამ სეზონში?
- ყველანი განსხვავებულები გავხდით - უკეთესები, უფრო კონცენტრირებულები. ყველას ერთი მიზანი გვქონდა - ჩემპიონობა.
- მაგრამ გზად კრიტიკული მომენტებიც არსებობდა. მათ შორის რომელი იყო სერიოზული?
- ასეთი მრავლად იყო - ტრავმები, წარუმატებლობები. ხანდახან კედელს ვერ ვანგრევდით, მაგრამ ბოლოს მაინც გავაკეთეთ ეს.
- როგორი იყო კრის ბოშის გარეშე თამაში, რომელმაც პლეი ოფის დიდი ნაწილი გამოტოვა?
- რა თქმა უნდა, მისი დანაკლისი დროული არ იყო – პლეი ოფი სეზონის კულმინაციაა. როცა შენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი მწყობრიდან გამოდის – ეს ჟანგბადის გადაკეტვას ჰგავს.
- როგორ ფიქრობთ, მოიპოვებდით ჩემპიონობას კრის ბოშის გარეშე?
- არა. თითოეული შემსრულებელი გვჭირდებოდა, თანაც თავისი საუკეთესო თვისებებით.
- ძალიან არაპოპულარული გახდით გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ, რაც “მაიამისთან” კონტრაქტი გააფორმეთ. რა მოიმოქმედეთ სიტუაციის შესაცვლელად?
- არ მაინტერესებს, რამდენად ვუყვარვარ პუბლიკას. რაც უნდა მოიმოქმედო, ადამიანებს ნებისმიერი პიროვნების მიმართ საკუთარი განსაკუთრებული აზრი ექნება. მე, როგორც მოთამაშე, გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მოედნის მიღმა კი ვარ ის, ვინც ვარ სინამდვილეში. არ შემიძლია ადამიანთა აზრების შეცვლა, მათ შორის, ჩემი.
- როგორ ფიქრობთ, ადამიანები ახლა უფრო მეტი სიმპათიით მიგიღებენ?
- არ ვიცი, არ შემიმოწმებია.
- თქვენი კონტრაქტი ორ წელიწადში იწურება. უკვე იფიქრეთ მომავალზე?
- არა, უფრო მომავალ სეზონზე ვფიქრობ. კონკრეტულად ამ მომენტში კი ჩემი ფიქრები ნაკრებისკენ და ოლიმპიური თამაშებისკენ არის მიმართული. რაც შეეხება შორეულ გეგმებს, დროთა განმავლობაში ჩამოვყალიბდები.
- ისევ თავისუფალი აგენტების ბაზარზე გახვალთ თუ “მაიამისთან” გააგრძელებთ კონტრაქტს?
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ახლა მხოლოდ ლონდონი და მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვება მაინტერესებს.
- როგორ შეადარებთ ერთმანეთს ამჟამინდელ ამერიკის ნაკრებსა და იმ გუნდს, რომელიც პეკინში გამოდიოდა?
- სრულიად განსხვავებული გუნდებია. ახლა ჩვენ უფრო სწრაფები ვართ, რადგან ბიჭების უმეტესობა კარიერის ზენიტშია. უფრო აგრესიულები ვართ მეტოქის ნახევარზე. ასე რომ, ტურნირზე კარგად გამოსვლის ყველა შანსი გვაქვს.
- ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ნაკრებში გამოდიხართ?
- არ ვიცი, ვნახოთ.
- როგორ შეაფასებდით თქვენს კარიერას ერთი სიტყვით?
- მე ჯერ არ დამიმთავრებია თამაში, მხოლოდ 27 წლის ვარ. ამიტომაც შესაფერის სიტყვას ჯერ ვერ ვიპოვნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"