ლეიკერსი ლონდონშია

AutoSharing Option

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ლონდონში ჩავიდა, სადაც ახალი სეზონის წინ პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს "მინესოტა ტიმბურველვზის" წინააღმდეგ. ეს მატჩი NBA-ის ევროპული ტურნეს რანგში გაიმართება.
გარდა ამისა, ასოციაციის ჩემპიონს 7 ოქტომბერს დაგეგმილი აქვს შეხვედრა "ბარსელონასთან". ეს არის პირველი შემთხვევა NBA-სა და ევროლიგის თანამშრომლობის ისტორიაში, როცა ერთმანეთს შეხვედრებიან ამერიკისა და ევროპის საუკეთესო გუნდები.
ლონდონსა და ბარსელონაში არ ითამაშებს "ლეიკერსის" ცენტრი ენდრიუ ბიგნუმი. რაც შეეხება ფინალური სერიების ორგზის საუკეთესო მოთამაშეს კობი ბრაიანტს, რომელმაც ამ ზაფხულს მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, ის

შეძლებს მცირე პერიოდებით მოედანზე გასვლას.


არენასმა ვარჯიში გამოტოვა
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს "ვაშინგტონ უიზარდსის" ერთ-ერთ ლიდერს გილბერტ არენასს. კერძოდ, სკანდალურად ცნობილ კალათბურთელს ფეხი აწუხებს და ამის გამო ბოლო ვარჯიშის გამოტოვება მოუწია.
სამწვრთნელო შტაბმა ამ დაზიანების გამო დამატებითი დასვენება მისცა არენასს და სავარაუდოდ, "მისტერ ზერო" ამ კვირას დაუბრუნდება ვარჯიშებს, თუმცა მანამდე მცველს სამედიცინო შემოწმება ელის.

მაკგრეიდი იმედიანადაა
"დეტროიტ პისტონზის" ვარსკვლავი ახალწვეული ტრეისი მაკგრეიდი ახალი სეზონისთვის ოპტიმალური სპორტული ფორმის აღდგენას აპირებს.
"ამჟამად აღდგენით პროცესში დიდი პროგრესი მაქვს, მით უმეტეს, რომ ასეთი სერიოზული ოპერაციების შემდეგ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას გრძნობ.
დღეს მოედანზე აშკარად უკეთესად ვიგრძენი თავი, გაცილებით მსუბუქად ვმოძრაობ. ახლა იმედი უნდა ვიქონიო, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ჩვეულ თამაშს ვაჩვენებ", - ამბობს ტრეისი.

სპლიტერი ათი დღით დაიმტვრა
"სან ანტონიო სპურსის" საწვრთნელი შეკრებისას ტრავმა მიიღო გუნდის ახალწვეულმა ტიაგო სპლიტერმა. ბრაზილიელმა კალათბურთელმა ტერფი დაიზიანა.
ექიმების ვარაუდით, მოთამაშეს დაახლოებით ათი დღის გამოტოვება მოუწევს, რის შემდეგაც განმეორებით გამოკვლევას ჩაიტარებს.

ალენი წასვლას არ აპირებს
"ბოსტონ სელტიქსის" 35 წლის ვეტერანი რეი ალენი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებდა და არ აპირებს კარიერის დასრულებას.
"ბოლო რამდენიმე წელია "ბოსტონში" შესანიშნავი გუნდი შეიკრიბა. გასული სეზონის მიწურულს ფანტასტიკურ თამაშს ვაჩვენებდით და ამ წელს კიდევ უფრო უკეთ შეგვიძლია გამოსვლა.
ჯერჯერობით არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე. მთლიანად ახალ სეზონზე ვარ კონცენტრირებული და ვფიქრობ, მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს მიზნის მიღწევაში", - ამბობს ალენი.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ვეტერანი მცველი თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ ძალიან მალე მოაწერა ხელი "ბოსტონთან" ორწლიან ხელშეკრულებას.

სკოლა მსოფლიოს ჩემპიონატმა დაღალა
"ჰიუსტონ როკეტსის" მძიმე ფორვარდი ლუის სკოლა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაღლილობას გრძნობს. არგენტინელის თქმით, ნაკრებში ურთულესი მატჩების შემდეგ ჯერ ვერ აღიდგინა ოპტიმალური ფიზიკური ფორმა.
"ჩვეულებრივ, ახალი სეზონის წინ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ამჯერად ვარჯიშებზე გამიჭირდა, რადგან ისევ უნდა შევეჩვიო NBA-ის წესებსა და "როკეტსის" გუნდურ თამაშს. თანაც აშკარად გადაღლილი ვარ", - განაცხადა ლუისმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სკოლა საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან საშუალოდ მატჩში 27.1 ქულა დააგროვა.

იასიკიავიჩუსმა მაკაბი უარყო
უცნაური გაგრძელება ჰქონდა ლიტველი მცველის შარუნას იასიკიავიჩუსისა და თელ-ავივის "მაკაბის" ურთიერთობას. წინა ნომერში ვწერდით, რომ თითქმის გადაწყვეტილი იყო 34 წლის კალათბურთელის ისრაელის ჩემპიონის რიგებში გადასვლა, მაგრამ გუშინ ლიტვურმა პრესამ დაწერა, რომ იასიკიავიჩუსი "მაკაბიში" არ ითამაშებს.
შარასმა უარყო ისრაელელთა წინადადება და ჯერაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ახლა ის რამდენიმე ევროპული გრანდის შეთავაზებას განიხილავს.

ჰოლდენს გულზე ოპერაცია დასჭირდება
მოსკოვის ცსკა-ს ამერიკელმა ლეგიონერმა ჯონ ჰოლდენმა მოსკოვში გააგრძელა სამედიცინო შემოწმება. როგორც იცით, 34 წლის კალათბურთელს ორი კვირის წინ ძლიერი ფიზიკური დატვირთვებისას გულზე პრობლემები აღმოაჩნდა და სამედიცინო ტესტებისთვის ამერიკაში გაემგზავრა.
არმიელთა კლუბი ქვეყნის წამყვან ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ გაარკვევს ამ პრობლემის მოგვარების გზებს. არ არის გამორიცხული, რომ ჰოლდენს კარდიოლოგიური ოპერაცია დასჭირდეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული