კარლოს ბუზერმა ხელი მოიტეხა

AutoSharing Option

"ჩიკაგო ბულზის" ბანაკიდან ორი ამბავი გავრცელდა - ერთი ცუდი, მეორე კარგი. ცუდი ის არის, ხელი მოიტეხა გუნდის ახალწვეულმა კარლოს ბუზერმა, რომელიც ორი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
"ტრავმა სახლში მივიღე. სიბნელეში ჩემოდანს წამოვდე ფეხი და ხელზე დავეცი. დღეს ოპერაციას გამიკეთებენ, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენითი პროცედურები. ექიმები გამოიკვლევენ ჩემს მდგომარეობას და ამის შემდეგ შევძლებ თანაგუნდელებთან ერთად სირბილს. კარგია, რომ ეს ტრავმა სეზონის მსვლელობისას არ მივიღე.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროა ახალი სეზონის ასე დაწყება, მაგრამ ჩვენს გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც

ჩემს შეცვლას მოახერხებენ, მე კი მოედანზე გასვლამდე "ბულზის" ერთ-ერთი საუკეთესო ფანი გავხდები. პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჯანმრთელი დავუბრუნდე გუნდს", - მოჰყავს ბუზერის სიტყვები ESPN-ს.
კარლოსი "ჩიკაგოში" წლევანდელ ზაფხულს გადავიდა. მისი ხუთწლიანი კონტრაქტი "ჩიკაგოს" 80 მილიონი დაუჯდება. კიდევ 13 მილიონს "ბულზის" ხელმძღვანელობა ფორვარდის ყოფილ კლუბს "იუტა ჯაზს" გადაურიცხავს, სადაც ბუზერმა ხუთი წელი ითამაშა. შარშან კარლოსის საშუალო სტატისტიკა 19.5 ქულა და 11.2 მოხსნა იყო.

კარგი ამბავი ის არის, რომ "ჩიკაგომ" ახალი კონტრაქტი გააფორმა ძირითად ცენტრ ჟოაკიმ ნოასთან. წინა ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში იწურებოდა და ფრანგს ახალი კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე რომ არ გაეფორმებინა, წესის თანახმად შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი გახდებოდა.

ამიტომაც მხარეებმა დააჩქარეს მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ხუთწლიანი ხელშეკრულების დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ნოა ჯამში 60 მილიონ დოლარს მიიღებს.
შარშან ამ ცენტრმა 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 10.7 ქულა და 11.0 მოხსნა დააგროვა.


ფარს ქვემოთ დაწევენ

ქალთა კალათბურთის პირველი სამიტის დროს, რომელიც ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში გაიმართა, ფარის სიმაღლის შემცირების იდეა განიხილეს.

"პირველ რიგში განვიხილეთ ფარის ქვემოთ დაწევის ვარიანტი. დღემდე ქალთა კალათბურთში სერიოზული ექსპერიმენტები არ ჩატარებულა, არადა ზოგიერთმა სიახლეს, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თამაში. ვნახავთ ქალების მიერ შესრულებულ ჩატენვებს, გარდა ამისა, გაიზრდება ტყორცნების რეალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი", - აღნიშნა ამერიკის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ველ აკერმანმა.


კობი: ლებრონს მოვუგებ

კალათბურთის მოყვარულებს შორის ხშირად მიდის კამათი იმის შესახებ, ვინ უფრო ძლიერია NBA-ის ორ სუპერვარსკვლავს - კობი ბრაიანტსა და ლებრონ ჯეიმს შორის. სავარაუდოდ, ამ დავის გადასაწყვეტად ერთგვარი მინი-მატჩის მოწყობაა საჭირო. თუმცა თავად კობი დარწმუნებულია, რომ მას იოლად შეუძლია ლებრონის მოტყუება.
"ერთი ერთზე თამაშში ჯეიმსის დამარცხება შემიძლია. ჩემთვის ეს იოლი საქმეა. სწორედ ასეთი გახლავთ ჩემი სტილი და ამას ყველაზე უკეთ ვაკეთებ.

ჯეიმსი თამაშის სტილით მეჯიქ ჯონსონს ჰგავს. ის ბევრ შედეგიან პასს აკეთებს და მოედნის კარგი ხედვა გააჩნია, მაგრამ ინდივიდუალურად მე მას ვჯობივარ", - მიიჩნევს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული