რამდენიმე გუნდი ევროპაში იმყოფებოდა და იქაურ კლუბებთან გადის სპარინგებს. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა სტამბულში, სადაც აღმოსავლეთი კონფერენციის გრანდი "ბოსტონი" "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა. ამ წაგებას კომენტარი გაუკეთა "სელტიქსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა.
"წავაგეთ იმის გამო, რომ ბურთს არ ვუფრთხილდებოდით და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მატჩის წინ კალათბურთელებს ვუთხარი, რომ 14 შეცდომაზე მეტი არ უნდა ჰქონოდათ. ზუსტად ამდენჯერ დავკარგეთ ბურთი პირველ ტაიმში. მომიწია მათთვის იმის ახსნა, რომ მთელ მატჩს ვგულისხმობდი და ა
რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვგეგმავდით, მაგრამ ეს წაგება კატასტროფა არ ყოფილა. ეს იყო ახალი სეზონის წინ "ბოსტონის" პირველი შეხვედრა და კალათბურთელები მხოლოდ ახლა შედიან სატურნირო რიტმში.
ბუნებრივია, თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, 2013 წლის აპრილში პლეი ოფში ვერ მოვხვდებით, მაგრამ წინ ბევრი დროა საკუთარ თავზე სამუშაოდ", - განაცხადა რივერსმა.
* * *
დირკ ნოვიცკის "დალასი" გერმანიაში ჩავიდა და იქ ბერლინის "ალბას" გაჭირვებით მოუგო ხუთი ქულით. გერმანელმა სუპერვარსკვლავმა მატჩის წინ მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა.
"დღეს რთულია კონკრეტულად ლაპარაკი ჩემს მომავალ კარიერაზე. ახალ სეზონზე ვარ კონცენტრირებული და იმედია, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმით ვითამაშებ მომდევნო ორ სეზონში, რაც კონტრაქტით მაქვს დარჩენილი.
მაგრამ ამ კონკრეტული მომენტისთვის რომ მჭირდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ვიტყოდი, რომ ორი წლის შემდეგაც გავაგრძელებდი თამაშს NBA-ში", - ამბობს 34 წლის ნოვიცკი, რომლის მოქმედ კონტრაქტს 2014 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.
ფენერბაჰჩე-ბოსტონი 97:91
26:27, 29:18, 24:27, 18:19
ფ: სატო (24+7 მოხსნა), მაკალები (21+5 პასი), ბოგდანოვიჩი (11), სავაში (10).
ბ: სალინჯერი (16+8 მოხსნა), გრინი (16), რონდო (13+9 პასი), ტერი (12).
რეალი-მემფისი 93:105
25:33, 22:29, 24:25,22:18
რ: ფერნანდესი (16+4 მოხსნა+4 ჩაჭრა), მიროტიჩი (14+7 მოხსნა), კეროლი (11), როდრიგესი (8+ 11 მოხსნა).
მ: გეი (27), კონლი (18+5 მოხსნა+8 პასი), მ. გასოლი (16+16 მოხსნა+6 პასი), რენდოლფი (12+6 მოხსნა+6 პასი).
მონტეპასკი-სან ანტონიო 77:106
18:29, 17:30, 22:20, 20:27
მ: ბრაუნი (20), ეზე (15+6 მოხსნა).
ს-ა: ჯინობილი (11), ნილი (11), ბლეირი (10), ჯოზეფი (10).
ალბა-დალასი 84:89
23:21, 16:24, 22:20, 23:24
ა: ტომპსონი (20+5 მოხსნა), დედოვიჩი (15), ავლადოვიჩი (13), იდბიჰი (12).
დ: კარტერი (14), კოლისონი (14), კამანი (14), მერიონი (12+11).
პოლს კლიპერსი მოსწონს, მაგრამ მაინც ფიქრობს
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით, თუმცა სამომავლო კარიერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, სად გავაგრძელებ კარიერას. ამჟამად ჩემი მთავარი საზრუნავი დამდეგი სეზონი გახლავთ. მომავალ ზაფხულს ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი. "კლიპერსში" თავს კომფორტულად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ გუნდში საკუთარი როლით", - ამბობს პოლი.
შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონის შემდეგ კრის პოლი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
პოპოვიჩი და პოლიტიკა
"სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა თავისი გუნდის თითოეულ წევრს დაურიგა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, მიტ რომნის სატელევიზიო დებატების DVD-ასლი.
"ჩვენს გუნდში ბევრი უცხოელია, რომლებმაც მაშინვე განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამიტომაც არაფერში სჭირდებათ დებატების ყურება. მაგრამ გრეგს მიაჩნია, რომ ისინი აშშ-ში ცხოვრობენ და ამიტომაც სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ რა ხდება ქვეყანაში. მე მას ვეთანხმები", - განაცხადა "სან ანტონიოს" ფორვარდმა მეტ ბონერმა.
მაკედონია უმწვრთნელოდაა
მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მარიან ლაზოვსკი.
ამ სპეციალისტმა მაკედონიის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა. მან მარინ დოკუზოვსკი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც, ეროვნულმა გუნდმა 2011 წლის ევრობასკეტზე ისტორიულ შედეგს მიაღწია - მეოთხე ადგილი დაიკავა. ლაზოვსკიმ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო - ჩააგდო ლონდონის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, როცა მეოთხედფინალში წააგო დომინიკის რესპუბლიკასთან (75:86).
მაკედონიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს 18 ნოემბრამდე დაასახელებენ - სწორედ ამ დღეს გაიმართება 2013 წლის ევრობასკეტის წილისყრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"