ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზარი ნელნელა ხურდება. ტოპ-ვარსკვლავები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ჯერ ვერ გარკვეულან მომავალი კარიერის გარშემო, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც უკვე აირჩიეს კლუბი კარიერის გასაგრძელებლად...
"ფინიქს სანზის" ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა პრაქტიკულად გადაწყვიტა ახალ კლუბში გადასვლა. მართალია, ამ კალათბურთელს ჟურნალისტებთან არაფერი დაუდასტურებია, მაგრამ ბოლო ორი დღეს "სანზის" მოქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ კლუბმა ვერ მოახერხა ამარესთან მოლაპარაკება და სხვა გზებს ეძებს შემადგენლობის გასაძლიერებლად. მაგალითად, "ფინიქსმა" 4-წლიანი და 18-მილიონიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ცენტრ ჩენინგ ფრაისთან, გარდა ამისა, ხუთწლიანი ხელშეკრულება (30 მილიონი)
EშPN წერს, რომ "ფინიქსი" მხოლოდ ამ გარიგებებზე შეჩერებას არ აპირებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰედო თურქოგლუსთან, ანდრეი კირილენკოსთან და ლუის სკოლასთან. ამ კალათბურთელების დასამატებლად "სანზის" ხელმძღვანელობა ლეანდრო ბარბოზას გაშვებასა და ამით სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას აპირებს.
ამარეს დავუბრუნეთ. "ფინიქსის" დატოვების ფაქტი კალათბურთელის აგენტმაც დაადასტურა. ჰეპი უოლტერსის თქმით, 27 წლის სტაუდმაიერი ნიუ იორკში გაემგზავრა "ნიქსთან" მოლაპარაკებების გასამართად. აგენტმა ისიც აღნიშნა, რომ სადაც არ უნდა გადავიდეს მისი კლიენტი, ნებისმიერ შემთხვევაში კონტრაქტი მაქსიმალური იქნება - ხუთწლიანი და 100-მილიონიანი. როგორც ირწმუნებიან, ეს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.
ამასობაში, "ნიუ იორკს" ამარეს გარდა "სან ანტონიოს" გამთამაშებელ ტონი პარკერთან სურს კონტრაქტის გაფორმება. როგორც ამბობენ, ფრანგი მცველი "სპურსიდან" წასვლის წინააღმდეგი არ არის და სიამოვნებით ითამაშებდა სტაუდმაიერთან ერთად რომელიმე კლუბში. თავის მხრივ, ამარეს სჯერა, რომ მისი "ნიქსში" გადაბარგება ლებრონ ჯეიმსსა და პარკერს სწორედ "ნიუ იორკში" გადასვლისკენ უბიძგებს.
ამასობაში, გაირკვა გერმანელი დირკ ნოვიცკის საკითხი. როგორც იცით, "დალას მავერიქსის" ლიდერმა უკეთესი კონტრაქტის მიღების იმედით თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა გადაწყვიტა. ამ სვლამ გაამართლა. "დალასის" ხელმძღვანელობამ არ მოისურვა თავისი მრავალწლიანი ლიდერის დაკარგვა და გერმანელ ფორვარდთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. დირკმა და "მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა წარმატებული მოლაპარაკებები გამართეს და ხუთშაბათს, როცა კლუბებს თავისუფალი აგენტების გაფორმების უფლება ექნებათ, ახალი ხელშეკრულება დაიდება. სანდო წყაროს ცნობით, 4-წლიანი თანამშრომლობისთვის ნოვიცკი 80 მილიონ დოლარს მიიღებს, თანაც "დალასს" კალათბურთელის გაცვლის უფლება არ ექნება.
ნოვიცკის მსგავსად, თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება ჯო ჯონსონი, რომელმაც თითქმის მიაღწია "ატლანტა ჰოქსთან" შეთანხმებას. როგორც ორი წყარო წერს, კალათბურთელი დათანხმდა ექვსწლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც 119 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და აღარ განიხილავს სხვა კლუბებისგან შეთავაზებებს.
მთელი გასული კვირა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დუეინ უეიდი, რის შემდეგაც "მაიამის" მცველმა პაუზის აღება გადაწყვიტა. უეიდმა ტელევიზიით თქვა, რომ ამ კვირას გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას. დუეინი არც მშობლიურ "მაიამიში" დარჩენას და არც სხვა კლუბში გადასვლას გამორიცხვას. "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და მის მოსაფიქრებლად მთელი უიქ ენდი დამჭირდება. იმედია, მომავალი კვირისთვის ჩამოვყალიბდები. ის კლუბები, რომლებიც თავიანთ რიგებში მიწვევენ, კარგი ორგანიზაციით გამოირჩევიან. მეორეს მხრივ, კარგად მესმის, რომ ჩემს მომავალ გუნდში მინიმუმ ერთი მაღალი დონის კალათბურთელი უნდა იყოს, რათა მან ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეძლოს. იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დღეებში მივიღებ, მომდევნო 40 წელი ექნება გავლენა ჩემს ცხოვრებაზე", - ამბობს კალათბურთელი.
ბოლოდროინდელი ამბების ერთ-ერთი გმირია ვეტერანი გამთამაშებელი დერეკ ფიშერი. 35 წლის მცველმა ჯერ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის ამჟამინდელ კლუბ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან". კალათბურთელს 10 მილიონის ოდენობის ორწლიანი კონტრაქტი სურს, კლუბი კი კალათბურთელს მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. ახლა ირკვევა, რომ ფიშერი ორი კლუბის - "კლივლენდისა" და "მაიამის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
სანამ "ლეიკერსი" ფიშერთან დაკავშირებით ფიქრობს, მოქმედმა ჩემპიონმა ერთი მნიშვნელოვანი გარიგება დადო. კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა სტივ ბლეიკმა, რომელიც ჯამში 16 მილიონს მიიღებს. 30 წლის კალათბურთელმა გასული სეზონის ბოლო ნაწილი "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გაატარა, სადაც "პორტლენდიდან" გადავიდა. შარშან ბლეიკი საშუალოდ მატჩში 6.8 ქულასა და 6.1 შედეგიან პასს აგროვებდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბოსტონ სელტიქსმა" თურქ ცენტრ სამიჰ ერდენთან გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი. 23 წლის კალათბურთელის ხელფასი დაახლოებით მილიონი დოლარი იქნება. გასული სეზონი ერდენმა "ფენერბაჰჩეში" გაატარა და თურქეთის ჩემპიონატში საშუალოდ 8.2 ქულა და 5.1 მოხსნა მიითვალა.
დაბოლოს, ისევ "მაიამი ჰიტს" დავუბრუნეთ. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ამ გუნდის პრეზიდენტი პატ რაილი ალენ აივერსონით არის დაინტერესებული. თუ გახსოვთ, გასულ წელს ფლორიდული კლუბი პირველი იყო ალენის შეძენის მსურველთა სიაში.
თუ ჭორებს ვერწმუნებით, აივერსონს პირადი საუბარი ჰქონდა რაილისთან, ასე რომ ვეტერან მცველს კარიერის გაგრძელების რეალური შანსი მიეცა.
ხანდახან რისკიან გარიგებას გუნდებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. გავიხსენოთ დენის როდმანი, რომელმაც 34 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი "ჩიკაგოსთან" და სამჯერ გაჩემპიონებაში დაეხმარა ამ კლუბს. 2005 წელს გარი პეიტონი 35 წლის იყო, როცა "მაიამიში" გადავიდა, საქმისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და "ჰიტის" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა...