დირკ ნოვიცკი: NBA დიდი ბიზნესია

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი მოახლოებული სეზონის წინ ლაპარაკობს თავისი კლუბის კინაღამ ჩაშლილ სატრანსფერო პოლიტიკაზე, ტერის მიმართ მაიოს უპირატესობაზე და მარკ ქიუბანთან დიდ მეგობრობაზე...

- დირკ, როგორ შეაფასებთ განვლილ ზაფხულს -
"დალასი" გაძლიერდა?
- გულახდილად გეტყვით - ზაფხულის დასაწყისმა იმედგაცრუება მოგვიტანა. დერონ უილიამსის გადაბირება ვერ შევძელით და ის "ბრუკლინში" დარჩა. შემდეგ იყო დუაიტ ჰოვარდის ხელში ჩაგდების შანსი, მაგრამ ის "ლეიკერსში" გაცვალეს.

ყველაზე მძიმე დარტყმა კი ტერისა და კიდის წასვლა აღმოჩნდა. ისინი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

იმედგაცრუებული და გამოფიტული ვიყავი,
გუნდი დაშლილი იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ შეძლო საზაფხულო კამპანიის მაღალ დონეზე დასრულება. შემადგენლობა ძალიან კარგი მოთამაშეებით შეივსო.

მომწონს კამანი, კოლისონი, მაიო... ასევე კარგად შეგვცვლის მე და კრისს ელტონ ბრენდი - ის კარგია დაცვაში.

ვფიქრობ, ეს კალათბურთელები შეუნარჩუნებენ გუნდს კონკურენტუნარიანობას, თუმცა წელი ძალიან რთული იქნება. რაც შეეხებათ დასავლეთის ფავორიტებს, "ოკლაჰომა" და "ლეიკერსი" უკონკურენციოდ არიან, თუმცა ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ.

- თქვენ თავად მონაწილეობდით თავისუფალი აგენტების შერჩევის პროცესში?
- ამ თემაზე მხოლოდ დერონთან მქონდა ურთიერთობა. მან მითხრა, რომ სურს ჩვენთან გადმოსვლა, რადგან აქ არის დაბადებული. ის ჩვენი მთავარი მიზანი იყო და მიმაჩნია, რომ ისიც დაინტერესებული იყო ჩვენი წინადადებით.

ის შეხვდა "მავერიქსის" სხვა მოთამაშეებს, დიდი ხანი საუბრობდა მწვრთნელ რიკ კარლაილთან და დონი ნელსონთან. ჩვენი ბოსები მას ივლისის დასაწყისში ესტუმრნენ. ვფიქრობ, მოლაპარაკებები ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ მან "ნეტსში" დარჩენა ამჯობინა. ამის გამო ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ღიად ამბობდა, რომ ორ ვარიანტს განიხილავდა. მას წარმატებას ვუსურვებ. დერონი კარგი ბიჭია.

- რას იტყოდით სტივ ნეშის გადაწყვეტილებაზე?
- სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ის სადმე წავიდოდა. ამას ცოტა ვინმე თუ ელოდა. რამდენი ხანია "ფინიქსი" და "ლეიკერსი" კონკურენტები არიან? ხუთი, ექვსი, შვიდი წელი... ძალიან დიდი ხანი! ეს მართლა დიდი სიუპრიზი იყო.

მაგრამ ნეშის გამო ძალიან მიხარია, როგორც იქნა, ის დიდ გუნდში მოხვდა. მისი პარტნიორები არიან - კობი, დუაიტი, პაუ. მათ შეუძლიათ ჩემპიონატის მოგება. ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ ამას.

- შეგიძლიათ შეადაროთ ო ჯეი მაიო და ჯეისონ ტერი? თქვენს ახალბედას შეუძლია მოედანზე გააკეთოს რაიმე ახალი, რაც ტერის არ შეეძლო?
- ცხადია, რომ ის გაცილებით ახალგაზრდაა, მხოლოდ 24 წლისაა, ტერი კი 35 წლის იყო. დარწმუნებული ვარ, ჯეისონი მას არაფერში ჩამორჩება და საერთოდაც, მათი ფუნქციები მოედანზე თითქმის ერთნაირია. თუმცა ო ჯეი უფრო ათლეტური და მაღალია და ამაშია მისი უპირატესობა.

ჩვენ გვინდა, რომ ის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს გუნდისთვის, როგორიც ტერი იყო: შეასრულოს ტყორცნები მეოთხე მეოთხედში, გაითამაშოს პინ-ნ-როლები მეორე ნომრის პოზიციაზე, კარგად გაიხსნას სასროლად ჩემი ორმაგი მეურვეობის დროს და ხანდახან თავის თავზე აიღოს ინიციატივა.

მარტივად რომ ვთქვათ, გახდეს მეორე ტერი, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბებით. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ო ჯეი შეიძლება გადაიქცეს "მავერიქსის" ლიდერად.

- თქვენი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კლუბში ბევრი პარტნიორი გამოიცვალეთ. ვფიქრობ, უკვე დიდი ხანია მიხვდით, რომ NBA - დიდი ბიზნესია. ყოფილა შემთხვევები, როცა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას შოკში ჩაუგდიხართ?
- ტრეიდის ან კონტრაქტის არგაგრძელების გადაწყვეტილება ყოველთვის მოულოდნელია, ხანდახან იმედგაცრუების მომტანი, მაგრამ არა შოკისმომგვრელი. ეს მართლაც ბიზნესია და აქ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება გიხდება.

- პირადად თქვენ რომელმა გადაწყვეტილებამ მოგიტანათ იმედგაცრუება?
- რთული სათქმელია, შესაძლოა იმან, როცა სტივ ნეში წავიდა. ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით. კიდევ ერთი მეგობრის - ფინლის წასვლა. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი ან ორი დღე განაწყენებული იყო, მაგრამ აუცილებელია პროფესიონალად დარჩე, წინ იყურო, თორემ ჩვეულ დონეზე ვეღარ ითამაშებ.

ასეთი გრძნობა მქონდა ამ ზაფხულსაც, როცა ჯეისონები (ტერი და კიდი) წავიდნენ, მაგრამ ახლა ოპტიმიზმით ველოდები სეზონის დაწყებას, რადგან ისევ კარგი გუნდი გვყავს.

- კლუბის მფლობელთან მარკ ქიუბანთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ - სპორტისთვის ეს ცოტა უჩვეულო სიტუაციაა...
- ეს ურთიერთობა ათ წელზე მეტი ხანია გრძელდება. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა დაახლოებით 12 წლის წინ, მან გუნდი იყიდა. იმ დროს ის ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახლდათ. პრაქტიკულად ყველგან იყო: ვარჯიშებზე, საშინაო მატჩებზე, თვითმფრინავში ჩვენთან ერთად. აი ასე ვატარებდით ბევრ დროს ერთად.

მაშინდელი "დალასიდან" მე ერთადერთი შემოვრჩი. ამ დროის განმავლობაში კარგად გავიცანი ბოსი, ამიტომაც ჩვენ მეგობრები ვართ. მარკი შესანიშნავი ადამიანია, ის ძალიან ბევრს მეხმარებოდა მაშინ, როცა მე ეს ძალიან მჭირდებოდა. საკმარისი იყო, უბრალოდ დალაპარაკებოდი ამ საქმეზე.

- მაინც რაში გეხმარებოდა?
- მეხმარებოდა საკალათბურთო მოედნის მიღმა. იყო პირადი თხოვნებიც. არ შემიძლია ახლა ამაზე ლაპარაკი. ვიტყვი, რომ მარკი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დახმარება მჭირდებოდა, ერთი სიტყვაც საკმარისი იყო და ის ისევ ჩემთან მოდიოდა. კარგია იმის გაცნობიერება, რომ არსებობს ასეთი ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მხარს მიჭერდა.

მაგალითად, 2010 წელს, როცა თავისუფალი აგენტი გავხდი, ერთმანეთს შევხვდით და კარგად ვილაპარაკეთ. მე მას ვუთხარი, რომ "დალასში" უკვე იმდენი ხანია ვთამაშობ, სისულელე იქნებოდა სხვაგან გადასვლა.

მარკმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და დავიწყეთ ახალი ბრძოლა დასავლეთში. საბოლოოდ, შევძელით ჩემპიონობის მოგება, რომელიც ასე ძალიან გვინდოდა. ეს დაუვიწყარი იყო.

- "დალასს" არასოდეს დატოვებთ. ასე არ არის?
- დღეს მე აქ ყველაფერი მაწყობს. ტექსასში უკვე 15 წელი გავატარე, რაც ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარია. ამ დროის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე, მოვიგე საჩემპიონო ბეჭედი, მოკლედ, ფესვები გავიდგი. აქ ყოველთვის კარგად ვგრძნობდი თავს.

კალათბურთში ბევრს მივაღწიე. კიდევ რაზე შეიძლება ოცნება? წასვლაზე არ ვფიქრობ და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ აქ დავასრულებ კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული