ჩემპიონმა მოიგო, "ლეიკერსი" ისევ შერცხვა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაიხსნა ახალი რეგულარული ჩემპიონატი. გაიმართა სამი შეხვედრა და ერთ-ერთში ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის შარშანდელი ფინალისტები - "მაიამი" და "ბოსტონი" ხვდებოდნენ.

შეხვედრამ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა ფლორიდელთა უპირატესობა, მაგრამ "სელტიქსი" ცდილობდა, შორს არ გაეშვა მეტოქე.

პირველი მეოთხედი "მაიამიმ" ექვსი ქულის სხვაობით მოიგო, რასაც მეორე მეოთხედში კიდევ ორი ქულა დაემატა და პირველი ტაიმი "ჰიტმა" რვა ქულით მოიგო - 62:54.

ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო მაიამელთა ვეტერანი ახალწვეულის - რეი ალენის გამოსვლა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. "მაიამის" კიდევ
ერთი ახალწვეული გახლავთ - რაშარდ ლუისი. სწორედ ამ დუეტის შედეგიანობის წყალობით, მესამე მეოთხედში "მაიამიმ" უპირატესობა გაზარდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები 17 ქულით იყვნენ წინ. შემდეგ ეს სხვაობა უკვე 19 ქულამდე ავიდა, მაგრამ "ბოსტონმა" ნაადრევად დანებება არ ისურვა და კინაღამ სასწაული მოახდინა.

მეოთხე მეოთხედის ბოლოს "სელტიქსმა" 11:2 გაქცევა მოაწყო და სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 107:111.

მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ამ რთულ მომენტში გაიბრწყინა კრის ბოშმა, რომელმაც ზედიზედ შვიდი უპასუხო ქულა დააგროვა და მატჩში ბედი "მაიამის" სასარგებლოდ გადაწყვიტა. 120:107 - ასეთი ანგარიშით მოიგო ჩემპიონმა პირველი მატჩი.

შესანიშნავად გამოიყურებოდა "მაიამის" დიდი ტრიო: დუეინ უეიდმა 29 ქულა დააგროვა, ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, კრის ბოშმა - 19 ქულა და 10 მოხსნა. რეი ალენისა და რაშარდ ლუისის ანგარიშზე, შესაბამისად, 19 და 10 ქულა მოდის. ასევე უნდა აღვნიშნოთ მარიო ჩელმერსის 11 შედეგიანი პასი.

რაც შეეხება "ბოსტონს", მის რიგებში 23 ქულით პოლ პირსი იყო ყველაზე შედეგიანი. 20 ქულა და 13 პასია რაჟონ რონდოს ანგარიშზე. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ბრენდონ ბასმა - 15 ქულა და 11 მოხსნა. სათადარიგოთა სკამიდან კარგად დაეხმარა გუნდს ლეანდრო ბარბოზა - ბრაზილიელმა 16 ქულა ჩააგდო.

* * *
მანამდე კი გაიმართა გახსნის მატჩი, რომელშიც ის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომლებიც, საყოველთაო პროგნოზების მიხედვით, არ უნდა აცხადებდნენ პრეტენზიას პლეი ოფში მოხვედრაზე.

"ვაშინგტონი" "კლივლენდის" წინააღმდეგ ჯონ უოლისა და ნენე ილარიოს გარეშე თამაშობდა და მესამე მეოთხედის შუაში 16 ქულას აგებდა.

თითქოს დედაქალაქელებს მატჩის გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ აქ მათ მშველელად მასპინძლები მოევლინნენ. "კავალერებმა" ზედიზედ 11 შეტევა გააფუჭეს და ბუნებრივია, "უიზარდსმა" ეს საჩუქარი კარგად შეირგო - 16:0 გაქცევა მოაწყო. თუმცა ამას გაგრძელება არ მოჰყოლია - "კლივლენდმა" დაცვაში თამაში გამოასწორა და თავიდან აიცილა ნერვული დასასრული.

მატჩის გმირი კი არა კაირი ირვინგი, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, არამედ ანდერსონ ვარეჟაო იყო. ბრაზილიელს თითო ქულა და პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ბრაზილიელმა 23 მოხსნა მიითვალა. ბოლოს გახსნის მატჩში ასეთი მაჩვენებელი უილტ ჩემბერლენს ჰქონდა შორეულ 1967 წელს.

* * *
არ გამოუვიდა "ლეიკერსში" დებიუტი დუაიტ ჰოვარდს. სუპერცენტრი უკმაყოფილო ვერ იქნებოდა თავისი შედეგიანობით (19 ქულა თამაშიდან 66-პროცენტიანი რეალიზაციით), მაგრამ 14-დან 11 საჯარიმო ააცილა, სამი შეცდომა დაუშვა და ვადაზე ადრე დატოვა მოედანი ექვსი პერსონალურის გამო.

საერთო ჯამში, კალიფორნიელებმა საჯარიმოდან 19 ტყორცნა (31-დან) ააცილეს.

ბრაიანტი და ნეში საჯარიმოების ხაზზე საერთოდ არ დამდგარან და მატჩი საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად ჩაატარეს (თუმცა კობიმ 22 ქულა დააგროვა). ამიტომაც გამთამაშებლის როლში ვარსკვლავური პარტნიორების ფონზე ოდნავ მივიწყებული პაუ გასოლი (ესპანელი თავის გუნდში საუკეთესო იყო 23 ქულით, 13 მოხსნით, 6 პასითა და 3 დაფარებით) და ბლეიკი (14 წუთში 6 შედეგიანი პასი) მოგვევლინნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ რთული მისახვედრი არ არის, როგორ დასრულდა ეს შეხვედრა.

"დალასი" კი მხოლოდ ქებას იმსახურებს გახსნითი მატჩის გამო. მათ კეტი პერის, ფლოიდ მეივეზერის, ჯეკ ნიკოლსონის, დევიდ ბექჰემისა და რობი კინის წინაშე, დირკ ნოვიცკისა და კრის კამანის გარეშე დაამარცხეს დასავლეთის ფავორიტი.

ტექსასელთა რიგებში ვინმეს გამოყოფა რთულია - ერთბაშად ცხრა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ შვიდი ქულა, სათადარიგოთა სკამი კი სასტარტოზე არანაკლებ პროდუქტიულად ირჯებოდა.

რაც შეეხებათ "მავერიქსის" ცალკეულ მოთამაშეებს, ბრენდმა 11-დან რვა სროლა გააფუჭა, მაგრამ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 11 მოხსნა დააგროვა. რაიტმა სამი შეცდომა დაუშვა, მაგრამ 20 წუთში 14 ქულის, 5 მოხსნისა და 3 დაფარების მოგროვება მოასწრო. ო ჯეი მაიო და ვინს კარტერი ბევრს იღებდნენ საკუთარი თავზე (თამაშიდან: 25-დან 9), მაგრამ დაცვაში ირჯებოდნენ შესანიშნავად. კოლისონმა, მერიონმა და ბობუამ ჩვეულ დონეზე ითამაშეს.

მოკლედ, თუ საქმე ასე წავა, მალე "დალასის" გულშემატკივრებს დერონ უილიამსის ჩაშლილი ტრანსფერი აღარ გაახსენდებათ.

ცნობისთვის, საგამოფენო მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, "ლეიკერსმა" ზედიზედ მეცხრე მატჩი წააგო.

კლივლენდი-ვაშინგტონი 94:84
31:24, 19:15, 24:23, 20:22
კ: ირვინგი (29+6 მოხსნა), უეიტერსი (17+3 ჩაჭრა), ტომპსონი (12+10 მოხსნა+5 პასი), ვარეჟაო (9+23 მოხსნა+9 პასი).
ვ: კროუფორდი (11+5 პასი), ოკაფორი (10+7 მოხსნა+4 დაფარება).

მაიამი-ბოსტონი 120:107
31:25, 31:29, 31:22, 27:31
მ: უეიდი (29), ჯეიმსი (26+10 მოხსნა), ბოში (19+10 მოხსნა+3 დაფარება), ალენი (19), ლუისი (10+5 მოხსნა), ჩელმერსი (8+11 პასი+3 ჩაჭრა).
ბ: პირსი (23+5 მოხსნა+5 პასი), რონდო (20+7 მოხსნა+13 პასი), ბარბოზა (16), ბასი (15+11 მოხსნა), ლი (11), გარნეტი (9+12 მოხსნა).

ლეიკერსი-დალასი 91:99
29:23, 17:23, 20:26, 25:25
ლ: გასოლი (23+13 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ბრაიანტი (22), ჰოვარდი (19+10 მოხსნა).
დ: კოლისონი (17), რაიტი (14+5 მოხსნა+3 დაფარება), მაიო (12), ბობუა (11+5 პასი), კარტერი (11), მერიონი (11+9 მოხსნა), ბრენდი (8+11 მოხსნა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული