სეზონის სტარტზე "ლეიკერსმა" ზედიზედ ორი მატჩი წააგო

AutoSharing Option
სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მატჩი წააგო "ლეიკერსმა". კალიფორნიელებმა 116 ქულა მიიღეს იმ გუნდისგან, რომლის მომავალს ექსპერტები ჯერჯერობით ეჭვის თვალით უყურებენ.

ამ გუნდის სახელწოდებაა - "პორტლენდი". საბოლოო შედეგი მით უფრო გასაკვირია, რომ ფარქვეშ ბრძოლა "ლეიკერსმა" დიდი უპირატესობით - 45:30 მოიგო. კალიფორნიელებს არ ამართლებთ ის ფაქტი, რომ მუხლის ტრავმის გამო პირველი ტაიმიდან მიატოვა შეხვედრა სტივ ნეშმა.

მატჩის გმირი აღმოჩნდა "ბლეიზერსის" ახალბედა დამიენ ლილარდი, რომელიც იოლად უსწორდებოდა ჯერ ნეშს, შემდეგ კი სტივ ბლეიკს და საბოლოოდ, 23 ქულითა და 11 პასით დაასრულა შეხვედრა.

კარგად
მოქმედებდნენ მასპინძელთა სასტარტოს სხვა წევრები, რომლებმაც ჯამში 103 ქულა დააგროვეს და თამაშიდან რეალიზაციის 50 პროცენტი დააფიქსირეს. ასე რომ, შესაბამისად, ჰოვარდისა და ბრაიანტის 33 და 30 ქულა წყალში ჩაიყარა.

ან როგორ მოიგებდა მატჩს "ლეიკერსი", როცა ჯამში 25 შეცდომა დააგროვა?!

გადამწყვეტი კი აღმოჩნდა მესამე მეოთხედის ბოლო ნაწილი, რომელიც "პორტლენდმა" 13:0 მოიგო. ეს სპურტი პავლოვიჩმა და ლილარდმა მოაწყვეს. ამის შემდეგ NBA-ს 16-გზის ჩემპიონი მეტოქეს ათ ქულამდე მხოლოდ საფინალო სირენამდე წუთით ადრე მიუახლოვდა.

* * *
რა თქმა უნდა, დამიან ლილარდის გამოსვლა ცალკე აღნიშვნის ღირსია. დებიუტანტი ისტორიაში შევიდა. აქამდე მხოლოდ ორმა კალათბურთელმა შეძლო დებიუტის აღნიშვნა მინიმუმ 20 ქულითა და 10 შედეგიანი პასით.

ლილარდი შეუერთდა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან: ოსკარ რობერტსონი (21 ქულა, 10 პასი - 1960 წელს, "ცინცინატი როიალსი") და აიზია ტომასი (31 ქულა, 11 პასი - 1981 წელს, "დეტროიტი").

პორტლენდი-ლეიკერსი 116:106
30:26, 32:31, 30:19, 24:30
პ: ბატუმი (26+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლილარდი (23+11 პასი), მეტიუზი (22+4 ჩაჭრა), ოლდრიჯი (19), ჰიქსონი (13+10 მოხსნა).
ლ: ჰოვარდი (33+14 მოხსნა+5 პასი), ბრაიანტი (30+6 მოხსნა), გასოლი (16+9 მოხსნა), უორლდ პისი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული