NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტონი პარკერმა კევინ დურანტს მოუგო

AutoSharing Option
2 ნოემბერს, NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა - სან ანტონიოში დასავლეთის ფავორიტები - "სპურსი" და "ოკლაჰომა-სიტი" ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მატჩის წინ, თითქმის ყველა ფავორიტად "ოკლაჰომას" ასახელებდა, რადგან "სან ანტონიომ" წინა დღეს ითამაშა და მის ვეტერან ლიდერებს, წესით უნდა გაჭირვებოდათ ახალგაზრდა "ოკლაჰომას" შეჩერება.

თან, "სპურსის" რიგებში ზედიზედ მეორე მატჩს ტოვებდა მანუ ჯინობილი.

"სპურსის" გენიალურმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ამ რთულ სიტუაციაში კარგი გამოსავალი იპოვნა - მაქსიმალურად შეანელა თამაშის ტემპი. გეგმამ იმუშავა - "ოკლაჰომამ" სწრაფი გარღვევებით მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა, არადა, სწორედ
ეს არის "თანდერის" მთავარი იარაღი.

პოპოვიჩის გეგმამ ყველაზე მეტად "ოკლაჰომას" ერთ-ერთ ლიდერზე - რასელ უესტბრუკზე იმოქმედა. მან კევინ დურანტზე მეტჯერ ისროლა (21), მაგრამ მხოლოდ ექვსჯერ მოახვედრა მიზანში. ამას ემატება იბაკას, კოლისონისა და სეფოლოშას 14 აცილებული (20-დან) ტყორცნა და გუნდური 18 შეცდომა.

ამის შემდეგ ისმის კითხვა - ასეთი სტატისტიკის შემდეგ, როგორ აცხადებდა პრეტენზიას მოგებაზე "ოკლაჰომა"?

ამ კითხვაზე პასუხის ერთია: კევინ დურანტი, რომელიც ჩვეულებრივ ყველაზე შედეგიანი და აქტიური იყო. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, დურანტი მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ვინც 10000-ქულიან ზღვარს გადააჭარბა.

მალე ანალოგიური შედეგი ექნება კევინ მარტინს, ოღონდ ის 29 წლისაა. მარტინმა მის ნაცვლად "ჰოუსტონში" გადასული ჯეიმს ჰარდენის ფუნქციები იკისრა - მთავარი რეზერვისტი გახდა და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია - ექვსიდან სამი სამქულიანი ჩააგდო და ხუთი შედეგიანი პასიც გააკეთა.

მას მხარი აუბა მეინორმა, რომელმაც პრაქტიკულად მთელი შარშანდელი სეზონი გამოტოვა. მან 11 წუთში შვიდი ქულა დააგროვა, მესამე მეოთხედის ბოლო წამზე კი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა.

მოკლედ, რეზერვისტთა ამ დუეტმა მოახერხა ორნიშნა ჩამორჩენის გაბათილება და ამის შემდეგ, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გაქცევა.

საფინალო სირენამდე 2.12-ით ადრე, უესტბრუკმა ერთადერთხელ ითამაშა ჩვეული აგრესიულობით, როცა ორჯერ პერსონალური მიაღებინა მეტოქეებს და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. თავის მხრივ, დანკანმა და პარკერმა გააფუჭეს თავიანთი შეტევები.

ნახევარი წუთით ადრე, "სპურსი" სამ ქულას აგებდა და მისი შეტევა თითქოს დაიკარგა, მაგრამ დიაომ თითქმის აუტში გადავარდნილი ბურთი გადაარჩინა და სამწამიანის ხაზთან მდგარ პარკერს მიაწოდა. ტონიმ პირველი და ერთადერთი შორეული ტყორცნით ანგარიში გაათანაბრა - 84:84.

სტუმრებმა კიდევ ერთხელ წინ გასვლა ვერ შეძლეს - უესტბრუკმა ცუდი პასი გააკეთა. მასპინძლებს ხუთი წამი რჩებოდათ გამარჯვების მოსაპოვებლად.

"სპურსის" ბოლო შეტევა ისევ პარკერის სასროლ პოზიციაზე გაყვანით დასრულდა და ფრანგმა შარშანდელი სეზონის საუკეთესო მომხსნელის სერჟ იბაკას წინააღმდეგობის მიუხედავად ზუსტად ისროლა. და საფინალო სირენის ხმაც გაისმა.

"სან ანტონიომ" ორი დღის განმავლობაში ორი გამარჯვება მოიპოვა - ორივე ფრანგი პლეიმეიკერის ტყორცნების წყალობით. სხვათა შორის. "სპურსმა" თითქმის შეუძლებელი შეძლო, რადგან ბოლო ორ რეგულარულში "ოკლაჰომასთვის" ასეთი დაბალი შედეგიანობით არავის მოუგია.

სან ანტონიო-ოკლაჰომა 86:84
21:24, 24:16, 21:26, 20:18
ს-ა: დანკანი (20+8 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (14+11 პასი), გრინი (13+5 მოხსნა), ჯექსონი (11+6 მოხსნა), დიაო (10+7 მოხსნა).
ო: დურანტი (23+14 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (18+8 მოხსნა+5 პასი), მარტინი (15+5 პასი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული