მასპინძლებს მხოლოდ სტარტი გამოუვიდათ წარმატებული, როცა 14:4 გაიქცნენ, მაგრამ უკვე პირველი მეოთხედის ბოლოსკენ "ნიქსმა" მიანიშნა მეტოქეს, რომ რიჩარდსონისა და ბაინუმის გარეშე "სიქსერზს" რევანშზე არ უნდა ეფიქრა.
საბოლოოდ წერტილი შეხვედრას მესამე მეოთხედის დაწყებისთანავე დაესვა - კიდის, ფელტონისა და ენტონის მიერ ორგანიზებული 12:0 სპურტის შემდეგ მატჩის დარჩენილი 18 წუთი ფორმალობად გადაიქცა. საინტერესოა, რომ "ნიქსმა" 32-დან 19 სამქულიანი ააცილა. სამაგიეროდ, უშეცდომოდ ისროლა ყველა საჯარიმო (19) და მხოლოდ შვიდი შეცდომა დაუშვა.
"ნიქსმა" ისტორიაში პირველად დაიწყო სეზონი ზედიზედ სამი მოგებით, როცა თითოეულში ფიქსირდებოდა მინიმუმ 15-ქულიანი უპირატესობა.
* * *
ცუდად შეხვდნენ სან ანტონიოში "სპურსის" ყოფილ გამთამაშებელს ჯორჯ ჰილს, რომელიც ამჟამად "ინდიანაში" თამაშობს.
პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორეს დასაწყისში მასპინძლებმა 15:0 გაქცევა მოაწყვეს და ამის შემდეგ დარჩენილი დრო "სპურსის" უპირატესობა სწორედ 15-20 ქულის ფარგლებში მერყეობდა.
და ეს იმის მიუხედავად, რომ გრეგ პოპოვიჩმა დასვენების საშუალება მისცა თავის ლიდერებს - არც ერთს ნახევარ საათზე მეტი არ გაუტარებია მოედანზე. საშინლად გამოიყურებოდა "ინდიანას" სამი ლიდერი - ჯორჯმა, ჰიბერტმა და ჰილმა თამაშიდან 35-ჯერ ისროლეს და მხოლოდ 11 ბურთი მოათავსეს კალათში.
ცნობისთვის, "სან ანტონიომ" თავის ისტორიაში პირველად მოიგო სტარტზე ოთხიდან ოთხი მატჩი.
ფილადელფია-ნიუ იორკი 88:110
21:25, 27:31, 20:33, 20:21
ფ: ჰოლიდეი (17+8 პასი), ტ. იანგი (14+10 მოხსნა), რაიტი (14+9 მოხსნა), ნ. იანგი (12), ტერნერი (11+9 მოხსნა+6 პასი).
ნ-ი: ენტონი (21+7 მოხსნა), სმიტი (17+7 მოხსნა+5 პასი), ფელტონი (16+8 პასი), ჩენდლერი (14+6 მოხსნა), ბრიუერი (13+10 მოხსნა), პრიჯიონი (11+6 პასი), უოლასი (10).
სან ანტონიო-ინდიანა 101:79
26:18, 21:20, 26:22, 28:19
ს-ა: ნილი (17), ბლეირი (14+11 მოხსნა), დანკანი (14), ჯექსონი (12), გრინი (10).
ი: ჰილი (15+6 პასი), ჯორჯი (14), უესტი (10+11 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"