NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დაუმარცხებელი მხოლოდ "ნიუ იორკ ნიქსია"

AutoSharing Option
ლოს ანჯელესში ვიზიტის შემდეგ საშინელ ხასიათზე იყო "სან ანტონიოს" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი. გამოცდილ მწვრთნელს შეიძლება გავუგოთ - მისმა გუნდმა ზედიზედ ოთხი მოგებით დაიწყო ჩემპიონატი, რის შემდეგაც "კლიპერსთან" 22 ქულით წააგო.

სტუმრებმა პირწმინდად დათმეს მატჩი პრაქტიკულად ყველა კომპონენტში - წააგეს ფარი (29:46), დაუშვეს 20 შეცდომა, ააცილეს 15 სამქულიანი (23-დან) და 8 საჯარიმო (24-დან).

ასეთი სტატისტიკით მატჩის ბოლომდე ინტრიგის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ტონი პარკერი და ტიმ დანკანი იდეალურ თამაშს შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ ფრანგ გამთამაშებელს პასებისა და შეცდომების თითქმის ერთნაირი
რაოდენობა ჰქონდა და მხოლოდ ოთხი ქულით დაასრულა შეხვედრა. დანკანი კი, პრაქტიკულად, მარტო იბრძოდა ფარქვეშ.

ამიტომაც პოპოვიჩს აღარ უბრძოლია და შეხვედრა რეზერვისტებს დაასრულებინა, რამაც ერთი საინტერესო მაჩვენებელი გამოიწვია - "სპურსის" არც ერთ კალათბურთელს არ გაუტარებია მოედანზე 25 წუთზე მეტი.

მასპინძლების რიგებში კი სამმა კალათბურთელმა - გრიფინმა, ჯორდანმა და პოლმა შეასრულა ორმაგი დუბლები. ამას დაემატა სათადარიგოების - ბლედსოუს, კროუფორდისა და ბარნსის კარგი თამაში და ტყორცნების რეალიზაციის 55 პროცენტი და მივიღეთ სრულიად კანონზომიერი განადგურება.

რაც შეეხება ინტრიგას, ის "სტეიპლს ცენტრის" მოედანზე მესამე მეოთხედის შუაში გაქრა, როცა "კლიპერსი" 11:3 გაიქცა. ამ მეოთხედის ბოლოს "სპურსი" უკვე 20 ქულით იყო ჩამორჩენილი.

ამ მატჩის შემდეგ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გუნდია დაუმარცხებელი - "ნიუ იორკ ნიქსი".

კლიპერსი-სან ანტონიო 106:84
22:16, 25:25, 35:21, 24:22
კ: გრიფინი (22+10 მოხსნა), ჯორდანი (20+11 მოხსნა), ბლედსოუ (15+5 პასი), ბარნსი (12+3 ჩაჭრა), გრინი (11), პოლი (10+12 პასი), კროუფორდი (10).
ს-ა: გრინი (12), დანკანი (10+6 მოხსნა).

* * *
იმ დროს, როცა დასავლეთში ყველა გუნდმა მოახერხა გამარჯვება, აღმოსავლეთში ორი გუნდია ისეთი, რომელსაც მოგებათა გრაფაში "ნული" უწერია. თუმცა 8 ნოემბერს "ვაშინგტონსა" და "დეტროიტს" ჰქონდათ ცუდი სერიის შეწყვეტის შანსი, მაგრამ არ გამოუვიდათ.

დედაქალაქურმა კლუბმა, რომელმაც ოთხი დღით ადრე შინ წააგო "ბოსტონთან", ამჯერად სტუმრად ოვერტაიმამდე მიაღწია. თუმცა დამატებით დროში მოგების შანსი არ ჰქონდა, რადგან თამაშიდან ნასროლი 10 ტყორცნიდან მხოლოდ სამჯერ მიაღწია მიზანს.

ოვერტაიმში გაიბრწყინა "სელტიქსის" ცენტრმა ბრენდონ ბასმა - მან ზედიზედ ხუთი ქულა მოუტანა თავის გუნდს და მატჩის ნამდვილი გმირი გახდა. არადა, ბოსტონური "დიდი ტრიოს" წევრებმა ორმაგი დუბლები შეასრულეს: პოლ პირსს 15 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, რაჟონ რონდოს - 18 ქულა და 14 პასი, კევინ გარნეტს - 20 ქულა და 13 მოხსნა.

ბოსტონი-ვაშინგტონი 100:94 (ო)
21:16, 16:26, 29:16, 22:30, 12:6
ბ: გარნეტი (20+13 მოხსნა), რონდო (18+14 პასი+3 ჩაჭრა), ტერი (16), პირსი (15+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბასი (11+7 მოხსნა).
ვ: სერაფინი (16+9 მოხსნა), უებსტერი (16+6 მოხსნა), ბილი (16), პრაისი (15+7 პასი), სინგლტონი (14+3 ჩაჭრა).

* * *
თუ "ვაშინგტონის" წაგებათა სერია სამ მატჩს უდრის, "დეტროიტი" აგერ, უკვე ხუთი შეხვედრაა, ვერ ახერხებს გამარჯვებას.

"საკრამენტოსთან" მატჩის ბოლო მეოთხედში "პისტონზი" რამდენჯერმე ერთ სროლამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ კალიფორნიელები ყოველ ჯერზე მინი-სპურტით პასუხობდნენ სტუმრების მონდომებას.

რა თქმა უნდა, "დეტროიტის" წაგება ყველაზე მეტად გრეგ მონროს დაანაღვლიანებდა, რადგან მან ამ სეზონის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა (ეს მისთვისაც პირველი ტრიპლ-დაბლი იყო კარიერაში): 21 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი. ამასთან, კარიერაში სარეკორდო მეათე გადაცემა ცენტრმა სირენამდე 23 წამით ადრე მიითვალა და ბრენდონ ნაითმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა - 100:102.

მაგრამ მეტის გაკეთება დეტროიტელებმა ვერ შეძლეს და დამარცხდნენ "საკრამენტოსთან", რომელიც მანამდე ზედიზედ ხუთჯერ ჰყავდათ დამარცხებული.

საკრამენტო-დეტროიტი 105:103
26:27, 29:19, 24:25, 26:32
ს: კაზინსი (21+11 მოხსნა), ტ. ევანსი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომასი (15), ტომპსონი (13), ფრედეტი (12), ბრუქსი (11), ტორნტონი (11).
დ: მონრო (21+12 მოხსნა+11 პასი), ნაითი (21), ბინუმი (14), სინგლერი (12), მაქსიელი (11+6 მოხსნა), პრინსი (10).

* * *
"მინესოტა", რომელიც 2004 წლის შემდეგ არ გასულა პლეი ოფში, "ორლანდოს" დამარცხებით პირველ ადგილზეა ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონში. ეს იმას ნიშნავს, რომ "მგლები" უსწრებენ დასავლეთის მოქმედ ჩემპიონ "ოკლაჰომას".

8 ნოემბერს გამართულ მატჩში "მინესოტამ" გადამწყვეტი აჩქარება მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში შეასრულა, როცა 28:6 გაქცევა მოაწყო.

ამ სპურტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გრეგ სტიმსმა იყო, რომლის 12 ქულიდან ათი სწორედ ამ მონაკვეთზე მოდის. გამთამაშებელი ლუკ რიდნური კი არ აგრძნობინებს გუნდს რიკი რუბიოს არყოფნას. მცველმა 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

* * *
რეგულარულის პირველი დღეების გმირმა ჯეიმს ჰარდენმა ამჯერად მოკრძალებული 15-ქულიანი წვლილი შეიტანა "ჰიუსტონის" საერთო მონაგარში, რამაც "რაკეტების" მარცხი გამოიწვია.

"დენვერმა" სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ორ დღეში ორი მატჩი მოიგო.

"ნაგეტსს" მართლაც კარგი მატჩი გამოუვიდა, რადგან აქამდე ვერავინ შეძლო ჰარდენის შეჩერება. აღსანიშნავია, რომ სტუმრების წარმატების მეორე ფაქტორი გახდა ფორვარდ კენეტ ფარიდის თამაში. ეს კალათბურთელი NCAA-ს რეკორდსმენია მოხსნების რაოდენობით. ის მეორე წელია, NBA-ში თამაშობს და ამ ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 16 ქულა და 16 მოხსნა იყო.

სამჯერ მან ბოლო წუთზე შეტევაში მოხსნა ბურთი, როცა მასპინძლების დევნა კინაღამ წარმატებით დასრულდა.

* * *
სავარაუდოდ, "ლეიკერსს" ამ რთულ პერიოდში გამოადგებოდა თავისი ყოფილი მოთამაშე შენონ ბრაუნი, რომელიც ამჟამად "ფინიქსში" თამაშობს და 8 ნოემბერს რვიდან ექვსი სამქულიანი ჩაუგდო "შარლოტს", თანაც ყველა დასკვნით მეოთხედში.

მაგრამ მხოლოდ ის არ ყოფილა მატჩის გმირი, მაიკლ ბიზლიც და მარცინ გორტატიც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ - მათ ჯამში 44 ქულა და 25 მოხსნა მიითვალეს.

სწორედ ფარქვეშ უპირატესობის წყალობით მოიპოვეს არიზონელებმა საბოლოო უპირატესობა, მით უმეტეს, რომ ბოლო მეოთხედში შეტევაში აიღეს 10 მოხსნა. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან "ბობკეტსში" ბოლოსკენ ამინდს ქმნიდნენ "პატარები" - სეშენსი, კიდ-გილკირსტი, უოკერი და გორდონი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბიზლის თამაში. ასეთი შთამბეჭდავი კოლექცია: 21 ქულა, 15 მოხსნა და 7 პასი - "სანზის" ისტორიაში მხოლოდ ბარკლის, მერიონსა და სტაუდმაიერს ჰქონდათ.

შარლოტი-ფინიქსი 110:117
22:31, 24:29, 35:25, 29:32
შ: მალენსი (24+8 მოხსნა), სეშენსი (17+9 პასი), უოკერი (17+8 პასი), გორდონი (12+5 პასი), ტომასი (10).
ფ: ბრაუნი (24), გორტატი (23+10 მოხსნა+7 დაფარება), ბიზლი (21+15 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), დრაგიჩი (16+8 პასი), დადლი (10), მორისი (10).

ატლანტა-ინდიანა 89:86
22:25, 29:25, 14:27, 24:9
ა: ჰორფორდი (16+9 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (15+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (13), სმიტი (11+7 პასი), ფაჩულია (6+14 მოხსნა).
ი: უესტი (20+6 მოხსნა), ჰილი (20+5 პასი+4 ჩაჭრა), ჯორჯი (13+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).

მაიამი-ბრუკლინი 103:73
26:22, 24:19, 29:15, 24:17
მ: უეიდი (22+5 პასი), ჯეიმსი (20+12 მოხსნა+8 პასი), ლუისი (13).
ბ: უილიამსი (14), ბრუქსი (12), ჰემფრიზი (11+11 მოხსნა).

მილუოკი-მემფისი 90:108
22:23, 21:33, 25:25, 22:27
მილ: ჯენინგსი (19+5 პასი+4 ჩაჭრა), ელისი (15+7 პასი), სანდერსი (10+11 მოხსნა+3 დაფარება), დანლივი (10), დენიელსი (10).
მემ: რენდოლფი (18+13 მოხსნა), სპეიტსი (18+9 მოხსნა), გეი (17), გასოლი (14+9 მოხსნა+5 პასი), კონლი (13+12 პასი).

ნიუ ორლეანი-ფილადელფია 62:77
19:16, 18:20, 10:21, 15:20
ნ-ო: ამინუ (10+16 მოხსნა), ანდერსონი (9+10 მოხსნა).
ფ: ჰოლიდეი (14+12 პასი), ტერნერი (14+8 მოხსნა), ტ. იანგი (12+10 მოხსნა), ალენი (12), ჰოუზი (11+6 მოხსნა+3 დაფარება).

ჰიუსტონი-დენვერი 87:93
18:25, 23:31, 23:13, 23:24
ჰ: დელფინო (19), პატერსონი (18), ჰარდენი (15+5 ჩაჭრა), აშიქი (10+13 მოხსნა).
დ: ლოუსონი (21+8 პასი), ფარიდი (16+16 მოხსნა), ბრიუერი (14), გალინარი (13+10 მოხსნა), იგუოდალა (13+3 ჩაჭრა), მაკგი (12+6 მოხსნა).

მინესოტა-ორლანდო 90:75
25:12, 13:22, 30:21, 22:20
მ: რიდნური (19), უილიამსი (14+6 მოხსნა), სტიმსმა (12), პეკოვიჩი (11), ბადინგერი (10).
ო: რედიკი (16), აფლალო (12), ნიკოლსონი (11), მური (10).

გ. სტეიტი-კლივლენდი 106:96
37:21, 22:30, 26:23, 21:22
გ-ს: ლი (22+14 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), კამანი (21+6 პასი), ლენდრი (19+9 მოხსნა), ჰ. ბარნსი (14), ტომპსონი (13), ჯეკი (10+5 პასი).
კ: ირვინგი (28+6 მოხსნა+7 პასი), უეიტერსი (12+5 პასი), გიბსონი (12), ტომპსონი (11+10 მოხსნა), სემუელსი (11+7 მოხსნა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული