NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" მაიკ ბრაუნის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
9 ნოემბერს საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის - მაიკ ბრაუნის გარშემო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაიკ ბრაუნის ვაჟი - ელაიჯი "ტვიტერის" სოციალური ქსელის მეშვეობით მუქარის ხასიათის შეტყობინებებს იღებს.

მიზეზი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში "ლეიკერსის" სუსტი სტარტია.

"აუცილებელია გავაფრთხილო "ლეიკერსის" უსაფრთხოების სამსახური", - განაცხადა მაიკ ბრაუნმა.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსმა" წააგო ყველა წინასასეზონო მატჩი და რეგულარულ ჩემპიონატში ხუთიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.

ასეთი შედეგების მიუხედავად, კალიფორნიული გრანდის ლიდერი კობი ბრაიანტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს მაიკ ბრაუნს.

"მე ბრაუნს
სრულ ნდობას ვუცხადებ. რა თქმა უნდა, წაგებების გამო იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენი წარუმატებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს არ უკავშირდება", - ამბობს ბრაიანტი.

მთავარი ინფორმაცია კი დღის ბოლოს გავრცელდა - "ლეიკერსის" მენეჯმენტმა მაიკ ბრაუნის პოსტიდან გაშვება გადაწყვიტა.

მართალია, ორი დღის წინ, კალიფორნიული კლუბის მფლობელი ჯიმ ბასი პრესასთან საუბარში ამბობდა, რომ ბრაუნს ისევ აქვს ხელმძღვანელობის ნდობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო ორი დღეში სიტუაცია შეიცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული