NBA. რეგულარული სეზონი: "ჩიკაგომ" დურანტი ვერ გააჩერა

AutoSharing Option
მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა 9 ნოემბერს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.

ჩიკაგოში "ხარები" "ოკლაჰომას" მასპინძლობდნენ და ამ მატჩში საინტერესო იყო - როგორ გაუმკლავდებოდა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე "ბულზი" "რეაქტიულ" "თანდერს".

მასპინძლებმა თითქმის გაართვეს თავი ამოცანას: "ოკლაჰომამ" მხოლოდ 12 ქულა დააგროვა სწრაფ გარღვევებში და 22 შეცდომა დაუშვა. თან გაუჭირდა აქტიური დაცვის წინააღმდეგ რასელ უესტბრუკს, რომელმაც თამაშიდან 15 ტყორცნა ააცილა (22-დან). მაგრამ "ბულზმა" ვერაფერი მოუხერხა კევინ დურანტის ეფექტურობას და თან სტუმრებმა საჯარიმოების რეალიზაციის 95.2 პროცენტი დააფიქსირეს.

"თანდერის" გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა სერჟ იბაკას კარგი
თამაშის გარეშე. ნატურალიზებული ესპანელის ოთხი დაფარება გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ ასეთი შედეგიანობა მისგან დიდი იშვიათობაა.

იბაკას 21 ქულა 2010 წლის 15 ნოემბერის შემდეგ არ დაუგროვებია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ცენტრს ქულა დააკლდა პირადი რეკორდის გასამეორებლად. გარდა ამისა, სერჟმა სამქულიანი ჩააგდო, რაც მის კარიერაში მესამედ მოხდა.

მაგრამ "ოკლაჰომას" წარმატებისთვის მისი რეზერვისტების კარგი თამაშიც გახდა საჭირო და არც მათ დააღალატეს გუნდი: სტუმრების სათადარიგოთა სკამის მონაგარი 29 ქულა იყო "ჩიკაგოს" რეზერვისტთა 14 ქულის წინააღმდეგ. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მეინორმა. ბოლო მეოთხედში "თანდერის" ექვსი შედეგიანი შეტევიდან ხუთში მონაწილეობა სათადარიგო გამთამაშებელმა მიიღო. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე იყო სამი შედეგიანი პასი და ხუთი ქულა. მეინორმა თავისი საქმე გააკეთა და ისევ სათადარიგოთა სკამისკენ გაეშურა, მის ნაცვლად კი მოედანზე უესტბრუკი გამოვიდა, რომელმაც იმ დღეს 12 შედეგიანი პასი დააგროვა.

თავის მხრივ, ჩიკაგოელთაგან მატჩის გადარჩენას ცდილობდნენ ლუოლ დენგი და რიჩარდ ჰემილტონი. ამ უკანასკნელმა ბოლოჯერ მატჩში ანგარიში საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გაათანაბრა. თავის მხრივ, ლუოლმა ბოლო მეოთხედში რვა ქულა დააგროვა. მაგრამ დენგმა მთავარი ვერ შეძლო - ვერ გაანეიტრალა დურანტი, რომელმაც ბოლოსკენ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ორი რთული ბურთი ჩააგდო.

* * *
შესანიშნავი სპექტაკლი იხილა პორტლენდურმა პუბლიკამ, მაგრამ ბოლოს მაინც გაწბილებულმა დატოვა არენა.

"კლიპერსი" 21-ქულიანი უპირატესობით იწყებდა მესამე მეოთხედს და, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ დასვენების უფლება ჰქონდა. ამით მასპინძლებმა მაშინვე ისარგებლეს და მესამე 12-წუთეულში გაანადგურეს მეტოქე - 32:17. განსაკუთრებით აქტიურობდა ნიკოლა ბატუმი, რომელმაც ამ პერიოდში 12 ქულა დააგროვა. მას მხარი აუბეს ოლდრიჯმა და ლილარდმა - თითოეულმა ექვს-ექვსი ქულა მიითვალა.

სწორედ ამ დროს უშველა "კლიპერსს" ჯამალ კროუფორდმა, რომელმაც მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში 11 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ეს კალათბურთელი შარშან "პორტლენდში" თამაშობდა.

მატჩის ბედი კი მაშინ გადაწყდა, როცა საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, ექვსი პერსონალურის გამო დატოვა მოედანი პრაისმა, მოგვიანებით ორი საჯარიმო ააცილა ბლედსოუმ და ამას მოჰყვა ოლდრიჯისა და მეტიუზის აცილებები.

პრაისის გავარდნის შემდეგ, "პორტლენდმა" მხოლოდ რვა ქულა დააგროვა, გარდა ამისა, ორი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო კრის პოლმა - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვარსკვლავური პლეიმეიკერი ბოლო მეოთხედებში არ ცდება. მისი მეორე ზუსტი ტყორცნის შემდეგ, ანგარიში 15 ქულამდე გაიზარდა და "პორტლენდმა" მეორე სასწაული ვეღარ მოახდინა.

ჩიკაგო-ოკლაჰომა 91:97
24:24, 23:24, 25:18, 19:31
ჩ: დენგი (27), ჰემილტონი (20+8 მოხსნა), ჰაინრიხი (12+5 პასი), ნოა (9+13 მოხსნა+6 პასი), ბუზერი (9+11 მოხსნა).
ო: დურანტი (24+3 დაფარება+3 ჩაჭრა), იბაკა (21+9 მოხსნა+4 დაფარება), უესტბრუკი (16+12 პასი), მარტინი (15+6 მოხსნა), მეინორი (10+3 პასი).

პორტლენდი-კლიპერსი 90:103
22:29, 17:31, 32:17, 19:26
პ: ბატუმი (23+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ლილარდი (16+4 პასი+3 ჩაჭრა), ოლდრიჯი (14+5 პასი), მეტიუზი (10+4 პასი+3 ჩაჭრა).
კ: კროუფორდი (25), პოლი (21+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯორდანი (21+8 მოხსნა), გრიფინი (7+10 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული