რეგულარული ჩემპიონატი: სამი ოვერტაიმი კანადაში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, NBA-ის გუნდებმა შარშანდელი შემოკლებული სეზონის გამო დაკარგული დროის ანაზღაურება წელს გადაწყვიტეს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, რეგულარულ ჩემპიონატში სამი სამოვერტაიმიანი მატჩი ჩატარდა. გუშინ, 63 წუთი არკვევდნენ ურთიერთობას "ტორონტო" და "იუტა".

სხვათა შორის, კანადურმა კლუბმა შარშან მარტშიც ითამაშა სამი ოვერტაიმი. მაშინ, ლონდონში "რეპტორზმა" 137:136 დაამარცხა "ნიუ ჯერსი". ამჯერადაც, მეტოქეებმა ჯამში 273 ქულა დააგროვეს, მაგრამ გამარჯვებული სულ სხვა გუნდი აღმოჩნდა.

"ჯაზმაც" და "რეპტორზმა" წელს მიაჩვიეს წაგებებს საკუთარი გულშემატკივარი - "ტორონტო" მეშვიდე მატჩში მეექვსედ დამარცხდა, "იუტა" კი 1987 წლის შემდეგ პირველად უმიზნებოდა
ზედიზედ მეხუთე გასვლით მარცხს.

და წააგებდა, რომ არა ელ ჯეფერსონის სამქულიანი ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წამით ადრე. მანამდე, თავის შვიდწლიან კარიერაში ამ ცენტრს მხოლოდ ერთი შორეული ტყორცნა ჰქონდა ჩაგდებული (25 ცდიდან). ჯეფერსონს სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, რადგან მისი გუნდი სამ ქულას აგებდა და პასის მიცემის დრო აღარ იყო.

ამის შემდეგ კი ორმა დამატებითმა დრომ შედეგი არ გამოიღო: პირველი ოვერტაიმი - 11:11, მეორე - 10:10... მესამეში "ჯაზმენებმა" სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და მატჩის ბედი მაშინ გადაწყვიტეს, როცა სირენამდე 2:16-ით ადრე, 5:0-ის გაქცევის შემდეგ, ოთხი ქულით წაიყვანეს ანგარიში.

* * *
სახელების მიხედვით, ყველაზე საინტერესო და დაძაბული მატჩი უნდა ყოფილიყო "ჩიკაგოსა" და "ბოსტონს" შორის.

მოლოდინი გამართლდა, თუმცა ბოლო მეოთხედის დასაწყისში ისე ჩანდა, რომ რივერსის შეგირდები იოლად მიიყვანდნენ საქმეს გამარჯვებამდე.

"ბოსტონი" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგალითად, მთელი მატჩის განმავლობაში რვა შეცდომა დაუშვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რონდო, რომელსაც ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ-დუბლამდე.

გარდა ამისა, პლეიმეიკერი საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა: ზედიზედ 31 მატჩია მინიმუმ ათ შედეგიან პასს აგროვებს. ეს ყველაზე გრძელი სერიაა ჯონ სტოქტონის დროიდან, რომელიც მსგავსი მიღწევით 1989 წელს ამაყობდა.

თუმცა "ჩიკაგოს" თავისუფლად შეეძლო მცველისთვის ზეიმის ჩამწარება, როცა 10:0 გაქცევა მოაწყო და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - სათამაშო რჩებოდა რვა წუთი. მაგრამ ამის შემდეგ, "ბულზმა" ზედიზედ შვიდი (!) შეტევა გააფუჭა.

ბოლო სამწუთნახევარში იმავე რონდოს ოთხი პასით "სელტიქსმა" გამარჯვება გაიფორმა და თან პირველი გუნდი გახდა ამ სეზონში, რომელმაც "ხარებს" ასზე მეტი ქულა ჩაუგდო.

* * *
ამ სათამაშო დღეს იუბილარი იყო რასელ უესტბრუკი და "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა "დეტროიტის" წინააღმდეგ სრული თავისუფლება მიიღო. მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. კერძოდ, მცველმა თამაშიდან 25-ჯერ ისროლა და 15 საჯარიმო შეასრულა.

გასაკვირი არ არის, რომ ამის წყალობით 33 ქულა დააგროვა, რასაც ათი მოხსნაც დაერთო. მაგრამ, შესაძლოა, ესეც არ ყოფილიყო საკმარისი აუთსაიდერის დასამარცხებლად - "პისტონზი", რომელსაც ჯერ მოგება არ აქვს რეგულარულში, ბოლო მეოთხედის წინ ათი ქულით იგებდა.

თუმცა უესტბრუკის მიერ საჯარიმოს ხაზიდან შესრულებულმა ზედიზედ ცხრა (!) ტყორცნამ და თამაშიდან ორმა ჩაგდებულმა ბურთმა "თანდერს" 13:0 გაქცევა მოუტანა. სირენამდე ნახევარი წუთით ადრე, მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ნაითის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია.

ტორონტო-იუტა 133:140 (3ო)
28:26, 29:26, 30:30, 17:22, 11:11, 10:10, 8:15
ტ: დეროზანი (37+8 მოხსნა+6 პასი), კალდერონი (20+17 პასი+3 ჩაჭრა), კლეიზა (20+7 მოხსნა), ბარნიანი (19+8 მოხსნა), ჯონსონი (11+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (10).
ი: მილსეპი (34+9 მოხსნა), ჯეფერსონი (24+17 მოხსნა), ფოიე (20), მო უილიამსი (17+14 პასი+4 ჩაჭრა), მარვ. უილიამსი (17+5 მოხსნა), ფეივორსი (15+6 მოხსნა), გ. ჰეივორდი (12).

ჩიკაგო-ბოსტონი 95:101
27:33, 19:25, 24:24, 25:19
ჩ: დენგი (26+11 მოხსნა), ნოა (17+11 მოხსნა), ბუზერი (15), რობინსონი (11+7 პასი).
ბ: რონდო (20+9 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა), ბასი (16+5 მოხსნა), გარნეტი (15+5 მოხსნა), ტერი (13), პირსი (10+6 მოხსნა+5 პასი).

დეტროიტი-ოკლაჰომა 90:92
23:25, 28:20, 22:17, 17:30
დ: სტაკი (19+5 პასი), მონრო (17+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), მაქსიელი (13+7 მოხსნა+3 დაფარება), პრინსი (12+6 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (33+10 მოხსნა), დურანტი (26+9 მოხსნა+4 დაფარება), მარტინი (13), იბაკა (11+7 მოხსნა+6 დაფარება).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ნიუ იორკი* 4 4 0 100
2. მაიამი 8 6 2 75.0
3. მილუოკი* 6 4 2 66.7
4. ბრუკლინი 5 3 2 60.0
5. ფილადელფია 7 4 3 57.1
6. ბოსტონი 7 4 3 57.1
7. ჩიკაგო 7 4 3 57.1
8. ატლანტა 6 3 3 50.0
9. ინდიანა 7 3 4 42.9
10. შარლოტი 5 2 3 40.0
11. ორლანდო* 6 2 4 33.3
12. კლივლენდი 7 2 5 28.6
13. ტორონტო 7 1 6 14.3
14. ვაშინგტონი 5 0 5 00.0
15. დეტროიტი 8 0 8 00.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 7 6 1 .857
2. მემფისი 6 5 1 .833
3. ოკლაჰომა* 8 6 2 .750
4. კლიპერსი* 7 5 2 .714
5. მინესოტა 7 5 2 .714
6. ნიუ ორლეანი 5 3 2 .600
7. იუტა 8 4 4 .500
8. დენვერი 8 4 4 .500
9. ფინიქსი 8 4 4 .500
10. დალასი 8 4 4 .500
11. ლეიკერსი 7 3 4 .429
12. გ. სტეიტი 7 3 4 .429
13. ჰიუსტონი 7 3 4 .429
14. პორტლენდი 7 2 5 .286
15. საკრამენტო 7 2 5 .286
* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 27.2
კობი ბრაიანტი (ლეი) 26.1
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 25.9
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 23.9
კევინ დურანტი (ოკლ) 23.0
კაირი ირვინგი (კლივ) 22.9
ო ჯეი მაიო (დალ) 22.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 21.1
კრის ბოში (მაი) 20.9

მოხსნა
ზაკ რენდოლფი (მემ) 14.5
ომერ აშიქი (ჰიუ) 13.0
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 13.0
ჯეი ჯეი ჰიქსონი (პორ) 11.7
ელ ჯეფერსონი (იუტ) 11.5
მარცინ გორტატი (ფინ) 10.8
კენეტ ფარიდი (დენ) 10.8
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 10.6
კევინ დურანტი (ოკლ) 10.4
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 10.0

პასი
კრის პოლი (კლიპ) 10.3
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 9.0
გრეივის ვასკესი (ნ-ორლ) 8.8
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 8.5
ეი ჯეი პრაისი (ვაშ) 8.0
ტაი ლოუსონი (დენ) 7.8
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 7.5
გორან დრაგიჩი (ფინ) 7.5

ჩაჭრა
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 3.5
კემბა უოკერი (შარ) 2.8
ტრევორ არიზა (ვაშ) 2.6
ჯერემი ლინი (ჰიუ) 2.4
ნიკოლა ბატუმი (პორ) 2.4
რაჟონ რონდო (ბოს) 2.3
ჯეისონ კიდი (ნ-იორკ) 2.3
ჯეი არ სმიტი (ნ-იორკ) 2.3

დაფარება
მარცინ გორტატი (ფინ) 3.6
სერჟ იბაკა (ოკლ) 3.6
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 2.7
როი ჰიბერტი (ინდ) 2.6
დერიკ ფეივორსი (იუტ) 2.5
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 2.4
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.4
ლარი სანდერსი (მილ) 2.3
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.3

კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტისა" და "დენვერ ნაგეტსის" ფორვარდები - ლებრონ ჯეიმსი და კენეტ ფარიდი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლებრონი საშუალოდ მატჩში 21.0 ქულას, 11.0 მოხსნას (საუკეთესო შედეგი აღმოსავლეთში) და 6.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. 9 ნოემბერს, "ატლანტასთან" მატჩის მსვლელობისას, ჯეიმსს კარიერაში 5 ათასი მოხსნა დაუგროვდა. ჯეიმსმა გასულ კვირას ყველა შეხვედრაში შეძლო ორმაგი დუბლის მოხვეჭა.

ფარიდის კარგი თამაშის წყალობით, "დენვერმა" გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. კენეტის ანგარიშზე იყო 16.8 ქულა, 12.8 მოხსნა, 1.8 დაფარება და 1.0 ჩაჭრა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფარიდის თამაში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ - 18 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.

ჯეიმსის კვირა
5 ნოემბერი. მაიამი-ფინიქსი 124:99. 23 ქულა, 11 მოხსნა.
7 ნოემბერი. მაიამი-ბრუკლინი 103:73. 20 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.
9 ნოემბერი. ატლანტა-მაიამი 89:95. 21 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

ფარიდის კვირა
7 ნოემბერი. ჰიუსტონი-დენვერი 87:93. 16 ქულა, 16 მოხსნა.
9 ნოემბერი. დენვერი-იუტა 104:84. 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება.
10 ნოემბერი. გოლდენ სტეიტი-დენვერი 101:107 (ო). 18 ქულა, 17 მოხსნა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა"), ჯრიუ ჰოლიდეი ("ფილადელფია") და კემბა უოკერი ("შარლოტი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული