რეგულარული ჩემპიონატი: სამმაგი დუბლების დღე

AutoSharing Option
დიდი ხანია, კობი ბრაიანტს სამმაგი დუბლი არ შეუსრულებია, კერძოდ, 2010 წლის სექტემბრის შემდეგ.

"ლეიკერსის" ლიდერსა და გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს მაიკ დ'ენტონის ორი ვარჯიში ეყოთ იმისთვის, რომ ვეტერან ვარსკვლავს კარიერაში მე-18 ტრიპლ-დაბლი შეესრულებინა: 22 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი და 3 ჩაჭრა.

უნდა აღვნიშნოთ "ჰიუსტონის" წინააღმდეგ სხვა მოთამაშეების სტატისტიკური მიღწევები: მაგალითად, გასოლმა 17 ქულა დააგროვა და გადასცდა კარიერაში 15000-ქულიან ზღვარს; გამთამაშებელმა დარიუს მორისმა 12 ქულა დააგროვა და ეს მისი პირადი რეკორდია; დუაიტ ჰოვარდი კი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა -
28 ქულა, რასაც 13 მოხსნა დაემატა.

ასე რომ, "ლეიკერსს" შედეგზე სანერვიულო არაფერი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს საკმაოდ ბევრი ჩააგდებინა - 119:108.

* * *
ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო: კევინ დურანტმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა. ამ ისტორიული მოვლენისთვის "ოკლაჰომას" ლიდერს მოსახერხებელი მეტოქე ჰყავდა "გოლდენ სტეიტის" სახით, რომელიც ენდრიუ ბოგუტის გარეშე დაცვას საერთოდ ვერ თამაშობს.

საბოლოოდ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა 25 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა.

თუმცა "უორიორსზე" გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა პარტნიორების დახმარების გარეშე - მარტინმა და უესტბრუკმა 53 ქულა დააგროვეს.

* * *
"ინდიანა პეისერსს" შანსი არ ჰქონდა "ნიუ იორკის" წინააღმდეგ, რადგან მეტოქეს 90-ჯერ ასროლინა, "ნიქსის" ცხრა შეცდომისგან მხოლოდ ხუთი ქულა აიღო, საკუთარ ფარზე 15 მოხსნა დაუთმო მოწინააღმდეგეს და თამაშიდან საშინლად ისროლა - 36.7 პროცენტი (სამქულიანები - 28 პროცენტი).

"ეს იყო ის დღე, როცა ყველაფერი დაცვამ გადაწყვიტა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ენტონიმ, რომელმაც 31 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

* * *
ხოსე კალდერონის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "ტორონტომ" შინ დაამარცხა "ორლანდო", მიუხედავად იმისა, რომ კანადელებს აკლდათ კაილ ლოური. ესპანელმა 18 შედეგიანი პასი დააგროვა და გააუმჯობესა თავისი ექვსი დღის წინანდელი მიღწევა.

რაც მთავარია, ათი პასი კალდერონმა მეოთხე მეოთხედში დააგროვა, როცა სტუმრებმა ინიციატივა მოიპოვეს და ჩაგდებული სტარტის შემდეგ თამაშის გადარჩენა სცადეს.

ბოლო 12-წუთეულში კალდერონის გადაცემების ადრესატები იყვნენ ლინას კლეიზა და ამირ ჯონსონი, რომლებმაც მეოთხედში საკუთარი გუნდის 30 ქულიდან 24 საკუთარ ანგარიშზე მიითვალეს.

* * *
დღის სენსაცია მოხდა დეტროიტში, სადაც "ბოსტონმა" პირწმინდად ჩააგდო შეხვედრა იქაურ "პისტონზთან". მთელი მატჩის განმავლობაში "სელტიქსმა" მხოლოდ ორი შედეგიანი პასი დააგროვა (რონდოს მონაგარს თუ არ ჩავთვლით) და საშინლად ითამაშა დაცვაში ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგ.

საბოლოოდ მონრომ და კომპანიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ გადალახეს 100-ქულიანი ზღვარი. პირველ ორ შემთხვევაში ეს მოხდა "საკრამენტოსთან" და "ორლანდოსთან" მატჩებში.

* * *
ამასობაში "კლივლენდმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო - ამჯერად "ფილადელფიასთან". "კავალიერზმა" საკუთარ თავზე გამოსცადა "სიქსერზის" დაცვის ძალა.

ირვინგისა და უეიტერსის წყვილმა თამაშიდან 27-ჯერ ისროლა და მხოლოდ ექვსი ჩააგდო. ბუნებრივია, ვარეჟაოსა და ტომპსონის შესანიშნავი დუეტის 28 მოხსნამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, მით უმეტეს, რომ სი ჯეი მაილსმა მთლიანად ჩააგდო შეხვედრა - მცველმა რვა ცდიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო ჩაგდება.

* * *
მოულოდნელად "ბრუკლინისა" და "საკრამენტოს" მატჩის გმირი აღმოჩნდა ანდრე ბლეტჩი - სულ რაღაც 19 წუთის განმავლობაში 22 ქულა დააგროვა (12-დან 11 ბურთი ჩააგდო).

თანაც, ფორვარდი ყველაზე საჭირო დროს გააქტიურდა, რადგან ძალიან არაეფექტური იყო დერონ უილიამსისა და ჯო ჯონსონის დუეტი: 22-დან მხოლოდ ხუთი ზუსტი ტყორცნა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ "ნეტსის" მამოძრავებელი ძალა გახდა სათადარიგოთა სკამი, რომლის მონაგარი ზუსტად 50 ქულა იყო.

ნიუ იორკი-ინდიანა 88:76
21:18, 20:12, 27:26, 20:20
ნ-ი: ენტონი (26+9 მოხსნა), სმიტი (13+7 მოხსნა), ფელტონი (11+8 პასი).
ი: ჯორჯი (20), უესტი (14+7 მოხსნა).

ტორონტო-ორლანდო 97:86
32:22, 17:19, 18:28, 30:17
ტ: დეროზანი (20+9 მოხსნა), ბარნიანი (17+5 მოხსნა), ჯონსონი (15+5 მოხსნა), კლეიზა (12+5 მოხსნა), მაკგუაირი (11), კალდერონი (9+18 პასი).
ო: დევისი (16+12 მოხსნა), მური (16), აფლალო (15), ვუჩევიჩი (12+6 მოხსნა).

ფილადელფია-კლივლენდი 86:79
19:21, 24:21, 19:15, 24:22
ფ: ტერნერი (19+6 მოხსნა+9 პასი), ჰოლიდეი (14+9 პასი), ჰოუზი (14+9 მოხსნა), იანგი (13), რიჩარდსონი (12+9 მოხსნა).
კ: გი (17), ვარეჟაო (14+15 მოხსნა), ტომპსონი (14+13 მოხსნა).

საკრამენტო-ბრუკლინი 90:99
20:21, 22:33, 23:20, 25:25
ს: კაზინსი (29+7 მოხსნა), ევანსი (21+7 მოხსნა), ტორნტონი (12).
ბ: ბლეტჩი (22), უილიამსი (14+5 მოხსნა+10 პასი), ბრუქსი (14), ლოპესი (13+5 მოხსნა+4 დაფარება), უოტსონი (13), ჯონსონი (10).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 119:109
26:25, 33:21, 35:27, 25:36
ო: უესტბრუკი (30+7 პასი+5 ჩაჭრა), დურანტი (25+13 მოხსნა+10 პასი), მარტინი (23+5 პასი), იბაკა (16+8 მოხსნა).
გ-ს: კარი (22+6 პასი), ლი (19), ლენდრი (14), ჯეკი (12+5 პასი), ბარნსი (12).

დეტროიტი-ბოსტონი 103:83
23:25, 25:18, 23:14, 32:26
დ: მონრო (20+13 მოხსნა), მაქსიელი (15+6 მოხსნა), სტაკი (14+5 მოხსნა+5 პასი), სინგლერი (14), მაგეტი (11), პრინსი (10).
ბ: სალინჯერი (16+5 მოხსნა), გარნეტი (15), პირსი (13), რონდო (12+10 პასი).

პორტლენდი-ჩიკაგო 102:94
23:30, 28:13, 22:25, 29:26
პ: ბატუმი (21), მეტიუზი (21), ოლდრიჯი (18+13 მოხსნა), ლილარდი (16+3 ჩაჭრა), პრაისი (10+5 პასი), ჰიქსონი (10).
ჩ: რობინსონი (18), ნოა (16+15 მოხსნა+8 პასი), ჰემილტონი (15), დენგი (14+7 მოხსნა), გიბსონი (11).

ლეიკერსი-ჰიუსტონი 119:108
40:29, 28:31, 30:27, 21:21
ლ: ჰოვარდი (28+13 მოხსნა+3 დაფარება), ბრაიანტი (22+11 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), გასოლი (17+5 მოხსნა), უორლდ პისი (15), მორისი (12+5 პასი).
ჰ: პარსონსი (24), ჰარდენი (20+7 პასი), პატერსონი (14+8 მოხსნა), მორისი (12+8 მოხსნა), აშიქი (8+9 მოხსნა), ლინი (5+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული