რეგულარული ჩემპიონატი: წაგება ყოფილ გუნდთან

AutoSharing Option
პირველად 1992-93 წლების სეზონის შემდეგ, "ნიუ იორკმა" მოიგო სტარტზე ზედიზედ შვიდი საშინაო მატჩი.

ერთი მხრივ, "ნიქსი" თავიდანვე დავდაჯერებული ჩანდა და მისი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა; მეორე მხრივ, კინაღამ დაისაჯა ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო.

საერთო ჯამში, მასპინძლებმა ჩვეული ხარისხიანი თამაში აჩვენეს: მხოლოდ 7-ჯერ დაკარგეს ბურთი და მეტოქეს 17 შეცდომა დააშვებინეს, რაც 23 ქულაში გარდაისახა.

ენტონი და ფელტონი, ტრადიციულად, კარგად უძღვებოდნენ შეტევებს. ჩენდლერმა შეინარჩუნა სამქულიანიდან სროლის მაღალი პროცენტი, ნოვაკი კი სამქულიანებს აგდებდა.

ყველაფერი წინასწარ დასახული გეგმით მიდიოდა მესამე მეოთხედის შუამდე, როცა "ნიქსის" მოდუნება
იქამდე მივიდა, რომ "ფინიქსმა" სერიოზული ტემპი აკრიფა.

თუმცა, როგორც ჩანს, არიზონელებს ბოლომდე არ სჯეროდათ სასწაულის. ამიტომაც ძალიან დიდი ხანი მოუნდნენ 20-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას.

მხოლოდ ბოლო წუთზე შემცირდა "ნიქსის" უპირატესობა ოთხ ქულამდე - ეს იყო მაქსიმუმი, რასაც სტუმრებმა მიაღწიეს. მეტის გაკეთება "სანზმა" ვერ შეძლო.

გამოიჩინა თავი რაშიდ უოლასმა, მაგრამ არა სამქულიანებით ან ფარქვეშ კარგი თამაშით. მოედანზე გამოსვლიდან წუთნახევრის შემდეგ მან მსაჯთან წაიჩხუბა და სწრაფად მიიღო კარიერაში 316-ე და 317-ე ტექნიკური ჯარიმები.

* * *
"დენვერთან" დამაჯერებელი თამაშის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "ლეიკერსის" საქმეები წინ წავიდოდა, მაგრამ კალიფორნიულ გრანდს მორიგი ფიასკო საკუთარ მოედანზე ელოდა. ამჯერად მაიკ დ’ენტონის გუნდმა წააგო აღმოსავლეთის ერთ-ერთ აუტსაიდერთან "ორლანდო მეჯიქთან".

თავიდან "ლეიკერსი" კარგად აკონტროლებდა შეხვედრას და ყოველ ჯერზე ახერხებდა გაქცევას, როგორც კი მეტოქე მიუახლოვდებოდა. თუმცა მასპინძლების უპირატესობა დაახლოებით ათი ქულის ფარგლებში მერყეობდა.

მესამე მეოთხედში მასპინძლების დაცვამ აშკარად ვერ შეაფასა აფლალოს მონდომება, რომელიც მეთოდურად სჯიდა "ლეიკერსს" მისი კლასისადმი ამგვარი უპატივცემულობის გამო.

მას არ ჩამორჩებოდა ჯამირ ნელსონი, რომლის შემჩერებელი არავინ აღმოჩნდა. ამიტომაც გამთამაშებელმა თავისი სიამოვნებისთვის ითამაშა და თანაგუნდელებს 13 შედეგიანი პასით დაეხმარა.

"ორლანდომ" მშვენივრად იცოდა, რომ თავისი ყოფილი ცენტრისთვის - დუაიტ ჰოვარდისთვის ჯარიმების შესრულება პრობლემაა. ამიტომაც ბოლოსკენ სტუმრებმა "სუპერმენზე" ჯარიმების ტაქტიკა აირჩიეს და დუაიტმაც ტრადიციას არ უღალატა - 21-დან მხოლოდ 9 თავისუფალი ტყორცნა მოათავსა კალათში.

გარდა ამისა, მასპინძლებმა დაკარგეს მატჩის ტემპი და ვერაფრით უპასუხეს ბოლო წუთებზე ფლორიდელების ორ გაქცევას (ორივე ერთნაირი ანგარიშით - 13:4 დასრულდა).

პაუ გასოლი მეოთხე მეოთხედის დიდი ნაწილი ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მის ნაცვლად მოთამაშე ანტუან ჯეიმისონი დაცვაში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა.

ჯოდი მიქსმა, რომელმაც "დენვერთან" მატჩში რვიდან შვიდი სამქულიანი გამოიყენა, ამ მატჩში მხოლოდ ცხრა წუთი ითამაშა. სამაგიეროდ, ნახევარი საათი გაატარა მოედანზე კრის დუჰონმა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ისროლა და ერთი ბურთი მოათავსა კალათში.

ნიუ იორკი-ფინიქსი 106:99
24:20, 35:22, 30:30, 17:27
ნ-ი: ენტონი (34+6 მოხსნა), ფელტონი (23+7 პასი), ჩენდლერი (15+13 მოხსნა), ნოვაკი (12).
ფ: გორტატი (18+10 მოხსნა), ბრაუნი (17+7 მოხსნა), ტელფეირი (11), ტაკერი (10+5 მოხსნა), დადლი (10).

ლეიკერსი-ორლანდო 103:113
27:23, 25:29, 25:21, 26:40
ლ: ბრაიანტი (34+7 მოხსნა+5 პასი), ჰოვარდი (21+15 მოხსნა), უორლდ პისი (15+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), გასოლი (11+7 მოხსნა), ჯეიმისონი (10 + 5 მოხსნა).
ო: აფლალო (30+5 მოხსნა+5 პასი), დევისი (23+12 მოხსნა), ნელსონი (19+5 მოხსნა+13 პასი), ვუჩევიჩი (17+12 მოხსნა+4 დაფარება), რედიკი (14+7 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული