სენსაცია ვაშინგტონში და "ლეიკერსის" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
"მაიამის" "დიდმა ტრიომ" ცდა არ დააკლო და "ვაშინგტონის" წინააღმდეგ ჯამში 70 ქულა დააგროვა.

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ასეთი შედეგიანობისა და ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლის გათვალისწინებით, მოქმედი ჩემპიონის ტრიუმფი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო - აუტსაიდერმა ყურადღება არ მიაქცია საკუთარ პრობლემებს და პირველიდან ბოლო წუთამდე შესანიშნავი გუნდური თამაში აჩვენა.

პირველი ტაიმის ექვსი ქულით წაგების შემდეგ "მაიამიმ" საკმაოდ დიდი ხანი მოანდომა მეტოქის დაწევას.

საფინალო სირენამდე ხუთი წუთითა და 20 წამით ადრე სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, მაგრამ ამას მოჰყვა სტუმრების მიერ ზედიზედ
აცილებული ოთხი სამქულიანი, რასაც დაემატა ლებრონის არაზუსტი ორი საჯარიმო.

"მაიამის" მაინც ჰქონდა მატჩის გადარჩენის შანსი, რადგან სინგლტონმა 101:99-ზე იოლი ბურთი ვერ ჩააგდო.

თუმცა ვერც "ჰიტმა" იხეირა საპასუხო შეტევაში, რის შემდეგაც სტუმრები შეგნებული ჯარიმების ტაქტიკაზე გადავიდნენ, რომელსაც შესაშური სიზუსტით ისროდა ჯორდან კროუფორდი.

მან მხოლოდ ერთი თავისუფალი ააცილა და "ჰიტს" გადარჩენის შანსი დაუტოვა, მაგრამ იმ დღეს ლებრონს შორი ტყორცნები არ მისდიოდა.

* * *

თუ "ჰიტის" წაგება ნამდვილი სენსაცია იყო, "ლეიკერსის" მარცხი უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქმება. კალიფორნიელებმა ჰიუსტონში სეზონში მეათე შეხვედრა დათმეს.

მასპინძელთა რიგებში ჩვეულებრივზე დაბალი შედეგიანობა აჩვენა ჯეიმს ჰარდენმა. სამაგიეროდ, 10 მოხსნა აიღო და თან ახერხებდა ბრაიანტის შეჩერებას. მართალია, კობიმ 39 ქულა დააგროვა, მაგრამ ამასთან, 17 ტყორცნა ააცილა და ოთხი შეცდომაც დაუშვა.

და მაინც, კობის გარეშე "ლეიკერსი" ენდშპილამდე ვერ მიაღწევდა, თუმცა ბრაიანტი მატჩის სრულფასოვანი გმირი მაინც ვერ გახდა, რადგან უკანასკნელი 77 წამის განმავლობაში სამი ტყორცნა ააცილა.

ბოლო შეტევა მაშინ გააფუჭა, როცა მისი გუნდი ორ ქულას აგებდა და სირენამდე სამი წამი რჩებოდა. სხვათა შორის, სტუმრებს მაინც შეეძლოთ შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ უორლდ პისმა, რომელმაც შეტევაში მოხსნა ბურთი, ბოლო სროლა ააცილა.

საინტერესოა, რომ კობისთან ერთად "ლეიკერსმა" 606 მატჩიდან 597 მოიგო, როცა თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მინიმუმ ათ ქულას იგებდა. ასე რომ, აღნიშნულ მატჩში წაგების ალბათობა დაახლოებით 1.5 პროცენტი იყო და კალიფორნიელები მაინც დამარცხდნენ.

* * *
მოულოდნელად "მემფისს" გაუჭირდა შინ "ფინიქსის" დამარცხება. სტუმრების სამმა რეზერვისტმა - სკოლამ, ო'ნილმა და დადლიმ ჯამში 41 ქულა დააგროვა; თან მასპინძლებმა საერთოდ ჩააგდეს შორი მანძილიდან ტყორცნები - მხოლოდ 4 ზუსტი შორეული ტყორცნა 19 შესაძლებლიდან. ამიტომაც ზაკ რენდოლფის გმირული თამაში და ფანტასტიკური ორმაგი დუბლი მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ "მემფისს" თამაში გადაერჩინა და შეხვედრა ოვერტაიმში გადასულიყო. თუმცა ამისთვის მასპინძლებმა განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრან დრაგიჩს, რომელმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 26 წამით ადრე ორიდან ერთი საჯარიმო ააცილა და გაუმარტივა მატჩის გადარჩენა გეისა და ო'ნილს.

ოვერტაიმში კი მოედანზე მხოლოდ ზაკ რენდოლფი თამაშობდა - სწორედ მისმა ექვსმა ქულამ, ხუთმა მოხსნამ და ორმა დაფარებამ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. სულ კი ფორვარდმა თავის აქტივში 38 ქულა და 22 მოხსნა ჩაიწერა. ამით ის XXI საუკუნეში გახდა მეოთხე მოთამაშე შაკილ ო'ნილის (61+23, 2000 წლის 6 მარტი), კრის უებერისა (45+23, 2001 წლის 6 იანვარი) და დუაიტ ჰოვარდის (45+23, 2012 წლის 12 იანვარი) შემდეგ, ვინც მსგავსი სტატისტიკა დააფიქსირა.

ფილადელფია-მინესოტა 88:105
21:34, 26:31, 20:22, 21:18
ფ: ტერნერი (19+5 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (14+7 მოხსნა+4 პასი), ჰოლიდეი (13+9 პასი+5 მოხსნა), ი. იანგი (13).
მ: შვედი (17+4 პასი), ჰოვარდი (16+10 მოხსნა), კანინგემი (13), ბარეა (11+10 პასი), რიდნური (10+4 პასი), ლი (10), უილიამსი (10), ლავი (6+10 მოხსნა+5 პასი).

ვაშინგტონი-მაიამი 105:101
30:25, 30:29, 22:24, 23:23
ვ: ჯორ. კროუფორდი (22+6 პასი), სერაფინი (16+10 პასი), პრაისი (14), უებსტერი (13), ბილი (10).
მ: ჯეიმსი (26+13 მოხსნა+11 პასი), უეიდი (24), ბოში (20+12 მოხსნა), ალენი (11), მილერი (11).

ჩიკაგო-ინდიანა 76:80
18:20, 19:15, 18:25, 21:20
ჩ: რობინსონი (19), დენგი (17+7 მოხსნა), ბუზერი (14+10 მოხსნა).
ი: ჯორჯი (34+9 მოხსნა), უესტი (10+9 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (10+11 მოხსნა).

მემფისი-ფინიქსი 108:98 (ო)
18:25, 27:27, 23:20, 26:22, 14:4
მ: რენდოლფი (38+22 მოხსნა), პონდექსტერი (16), გასოლი (14+9 მოხსნა), გეი (14+7 მოხსნა ), კონლი (11+5 მოხსნა).
ფ: დრაგიჩი (19+7 პასი), სკოლა (16+8 მოხსნა), დადლი (13), ო'ნილი (12), გორტატი (11+7 მოხსნა), ბრაუნი (10).

ჰიუსტონი-ლეიკერსი 107:105
22:30, 23:28, 28:25, 34:22
ჰ: დუგლასი (22), სმიტი (21+9 მოხსნა), ჰარდენი (15+10 მოხსნა+6 პასი), დელფინო (15), პარსონსი (13+5 მოხსნა), აშიქი (10+9 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (39+6 მოხსნა), ჰოვარდი (16+12 მოხსნა+4 დაფარება), ჯეიმისონი (15+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული