თუმცა მატჩის საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან "ნეტსს" აკლდა თავისი ერთადერთი ნომინალური ცენტრი ბრუკ ლოპესი.
მაგრამ "ოკლაჰომას" ძალიან გაუჭირდა გამარჯვების მოპოვება. "ბრუკლინის" მაღლებმა ნორმალურად ითამაშეს - 23 ბურთი მოხსნეს, თანაც აქედან 12 მეტოქის ფარზე. დერონ უილიამსმა 33 ქულა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა, უოლასმა ოთხი სამქულიანი მოათავსა კალათში, სათადარიგოთა სკამი კი, რომელიც ფაქტობრივად, ორი მოთამაშით იყო
მოკლედ, "ბრუკლინს" არ დასტყობია ლოპესის არყოფნა და ამ სტატისტიკით თამაშის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არარეალური იყო იმის გამო, რომ "ოკლაჰომა" თითქმის არ აცილებდა ბურთს - თამაშიდან სიზუსტე 60 პროცენტი გახლდათ, საჯარიმოს ხაზიდან - 88 პროცენტი.
დურანტისა და უესტბრუკის ჯამური 57 ქულა არავის გაკვირვებია, მაგრამ დაცვაში თამაშის ოსტატების - იბაკასა და სეფოლოშას შედეგიანობა მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო. ამ წყვილმა თამაშიდან 20 სროლიდან 14 მოათავსა კალათში.
ამათ ფონზე ჩრდილში მოექცა კევინ მარტინი, რომელმაც ბოლო ბურთი მეორე მეოთხედის დასაწყისში ჩააგდო.
სხვათა შორის, სწორედ მისი სამქულიანის შემდეგ დაიწყეს სტუმრებმა ინიციატივის ხელში აღება. "ნეტსი მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მონდომება მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ "მინუს 16" ორქულიან სხვაობამდე დაეყვანა.
ბოლოსკენ მასპინძლებს მეტის გაკეთების საშუალება არ მისცეს. გადამწყვეტი გახდა უოლასისა და უილიამსის აცილებები. თანაც უოლასმა ორჯერ ვერ ჩააგდო - სამქულიანიდან და ფარქვეშიდან.
იყო საკამათო სიტუაციაც - დურანტის ტყორცნას ჰემფრიზმა დააფარა, მაგრამ მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ ბურთი უკვე ფარში ეშვებოდა და "ოკლაჰომას" ორი ქულა მიანიჭეს. ეს რომ არა, კიდევ საკითხავი იქნებოდა ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა.
"ოკლაჰომამ" 117 ქულა დააგროვა და 100-ქულიანი მატჩების სერია ზედიზედ ათამდე აიყვანა. ასეთი რამ NBA-ში 1997 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა.
ბრუკლინი-ოკლაჰომა 111:117
28:31, 20:30, 38:29, 25:27
ბ: უილიამსი (33+7 პასი), ბლეტჩი (19+11 მოხსნა), ჯონსონი (17), უოლასი (14+7 მოხსნა), ჰემფრიზი (12+12 მოხსნა).
ო: დურანტი (32+6 პასი+5 მოხსნა), უესტბრუკი (25+9 პასი), იბაკა (18+6 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (14+5 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"