NBA-ს თვის ლაურეატები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გააგრძელა ნოემბრის ლაურეატების გამოვლენა. 6 დეკემბრის ნომერში გაგაცანით გასული თვის საუკეთესო მწვრთნელები. ახლა კი ჯერი თვის დებიუტანტებსა და მოთამაშეებზე მიდგა.

ნოემბერში აღმოსავლეთიდან საუკეთესო ახალბედა გახდა "შარლოტის" ფორვარდი მაიკლ კიდ-გილკირსტი, რომელიც 2012 წლის დრაფტზე მეორე ნომრად აირჩიეს. ეს კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 10.9 ქულას, 6.5 მოხსნას, 1.5 შედეგიან გადაცემასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა. 10 ნოემბერს, "დალასთან" მატჩში მან დაამყარა პირადი რეკორდები: 25 ქულა და 12 მოხსნა.

დასავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს 2012 წლის დრაფტის მეექვსე ნომერი, "პორტლენდის" გამთამაშებელი დამიენ ლილარდი, რომლის
სტატისტიკა ნოემბერში ასე გამოიყურებოდა: 18.4 ქულა და 5.9 პასი.

ის გახდა პირველი დებიუტანტი გრანტ ჰილის (1994) შემდეგ, ვინც კარიერაში პირველ სამ მატჩში მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა. 23 ნოემბერს, "მინესოტასთან" მატჩში ლილარდმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 28 ქულა მოიპოვა.

ლილარდისა და კიდ-გილკირსტის გარდა, თვის დებიუტანტობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ: დიონ უეიტერსი ("კლივლენდი"), ჯაე კროუდერი ("დალასი"), ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი"), უაილი სინგლერი ("დეტროიტი") და იონას ვალანჩუნასი ("ტორონტო").

* * *
გამოვლინდნენ თვის საუკეთესო მოთამაშეებიც. აღმოსავლეთიდან ეს არის "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და დასავლეთიდან "ოკლაჰომა-სიტის" შემტევი კევინ დურანტი.

ლებრონმა "მაიამის" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 24.8 ქულით, 9.1 მოხსნით, 6.8 შედეგიანი პასითა და 1.2 ჩაჭრით დაეხმარა თავის გუნდს. ლებრონმა ერთ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 16-დან 12 მატჩი მოიგო.

ასევე ერთი სამმაგი დუბლი ჰქონდა დურანტს. მისი საშუალო სტატისტიკური მონაცემები კი 26.5 ქულას, 8.5 მოხსნას, 4.4 შედეგიან პასსა და 1.6 ჩაჭრას უდრის.

გასულ სეზონში ჯეიმსი და დურანტი ორ-ორჯერ დასახელდნენ თვის მოთამაშეებად. სულ კი ლებრონს კარიერაში 21 ასეთი აღიარება ჰქონდა, დურანტს - ექვსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული