რეგულარული ჩემპიონატი: დერბი "ნიქსმა" მოიგო

AutoSharing Option
12 დეკემბერს, რეგულარულ ჩემპიონატში დღის მატჩი ნიუ იორკის დერბი იყო.

"ბრუკლინი" და "ნიუ იორკი" ამ სეზონში მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა "ნეტსმა" მოიგო და 12 დეკემბრის მატჩიც ძალიან კარგად დაიწყო. მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ დებიუტში და 17 ქულით დაწინაურება მოახერხეს.

მაგრამ, როგორც გაირკვა, მთავარი ბრძოლა წინ იყო. დევნას სათავეში ჩაუდგა კარმელო ენტონი. მეორე მეოთხედის ბოლოს მელომ ზედიზედ სამჯერ ჩააგდო, 7 ქულა დააგროვა და პარტნიორების დახმარებით 18:6 სპურტი მოაწყო. დაიწყო სრულფასოვანი ბრძოლა.

და ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 39 წლის ჯეისონ კიდმა,
რომელსაც თავის დროზე ორჯერ პლეი ოფის ფინალში ჰყავს გაყვანილი "ნეტსი".

ამჯერად ვეტერანმა, ფაქტობრივად, დაასამარა თავისი გუნდი. პლეიმეიკერმა მოედანზე 37 (!) წუთი გაატარა, რომლის დროსაც არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, სამაგიეროდ, რვიდან ექვსი სამქულიანი გამოიყენა, 6 მოხსნა გააკეთა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საერთოდ, შორეული ტყორცნები იმ დღეს "ნიუ იორკის" მთავარ იარაღად იქცა - სტუმრებმა 28 ცდიდან 14 გამოიყენეს და ეს იმ დროს, რომ სამქულიანების მთავარმა სპეციალისტმა სტივ ნოვაკმა შორიდან ერთხელაც ვერ ჩააგდო.

მატჩის ბედი კი საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე გადაწყდა, როცა კიდმა საყაიმო ანგარიშისას სამქულიანი ჩააგდო და ერთი ჯარიმის შესრულების უფლებაც მიიღო.

თუმცა ვეტერანმა საჯარიმო ვერ გამოიყენა და მეტოქეს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი დაუტოვა, მაგრამ ჯერალდ უოლასმა და დერონ უილიამსმა თითოჯერ ააცილეს სამქულიანი. მატჩის შემდეგ დერონმა კიდის შესახებ თქვა: "მე ის მეზიზღება". რა თქმა უნდა - ხუმრობით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კარმელოს თამაში. მართალია, მატჩი ბრუკლინის არენაზე იმართებოდა, მაგრამ ადგილობრივი პუბლიკა ფორვარდის მისამართით ერთხმად სკანდირებდა: M-V-P! M-V-P! და მართლაც, წლევანდელი თამაშით ენტონი სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელია. "ბრუკლინის" წინააღმდეგ მან შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 45 ქულა დააგროვა.

* * *

ამასობაში "ლეიკერსმა" ბოლო 11 მატჩში მერვედ წააგო და უკვე აღარავინ აღიქვამს ამ გუნდის "კლივლენდთან" წაგებას სენსაციად.

მატჩში, რომელშიც კობი ბრაიანტმა 42 ქულა დააგროვა (აქედან 16 დასკვნით მეოთხედში), დუიატ ჰოვარდს კი ერთი ქულა დააკლდა დიდოსტატურ 20+20-მდე, "ლეიკერსი" ვალდებული იყო გაემარჯვა, მაგრამ მოგება "კლივლენდს" ერგო, რომელიც მომენტებში სულაც არ ჰგავდა აუტსაიდერს.

11 მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კაირი ირვინგი შეუდარებელი იყო. ახალგაზრდა გამთამაშებელს შემთხვევით არ გამოუწვევია სეზონის სტარტზე ერთი-ერთზე თამაშში კობი ბრაიანტი.

მართალია, მან ეს ხუმრობით გააკეთა, მაგრამ გრძნობდა, რომ ელიტურ დონეს უახლოვდება. 12 დეკემბრის მატჩში შარშანდელი სეზონის ახალბედამ "მხოლოდ" 28 ქულა დააგროვა, მაგრამ ამას 11 შედეგიანი პასი და 6 მოხსნა დაუმატა.

რაც მთავარია, ის უნარიანად ხელმძღვანელობდა პარტნიორების მოქმედებას და მისი წყალობით ჩაატარეს სეზონის საუკეთესო მატჩი სი ჯეი მაილზმა და ალონზო გიმ. ვარეჟაომ კი წააგო ფარქვეშ დუელი ჰოვარდთან (მხოლოდ 9 მოხსნა), მაგრამ თამაშიდან რვაჯერ ზუსტად ისროლა (13-დან), ხუთი პასი გააკეთა და სამჯერ ჩაჭრა ბურთი.

* * *
ჩიკაგოში ურთულესი მატჩი მოიგო "კლიპერსმა", რაც მეორე კალიფორნიული კლუბისთვის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა.

ეს ამ გუნდის საუკეთესო სერიაა ბოლო 21 წლის განმავლობაში. 1991-92 წლების სეზონში "კლიპერსს" ზედიზედ რვა მოგება ჰქონდა.

ვინი დელ ნეგროს გუნდს წინ არც ისე ძლიერ "შარლოტთან", "მილუოკისთან" და "დეტროიტთან" შეხვედრები აქვს. ასე რომ, ახალი საკლუბო რეკორდის დამყარება სავსებით რეალური ჩანს.

ბრუკლინი-ნიუ იორკი 97:100
30:16, 23:33, 26:25, 18:26
ბ: ბლეტჩი (23), უილიამსი (18+10 პასი), უოლასი (17), ჯონსონი (16+5 მოხსნა), ევანსი (5+18 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (45+5 მოხსნა), სმიტი (16).

კლივლენდი-ლეიკერსი 100:94
29:23, 25:16, 14:23, 32:32
კ: ირვინგი (28+6 მოხსნა+11 პასი), კ. მაილზი (28+5 მოხსნა), ვარეჟაო (20+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), გი (17+5 მოხსნა), ტომპსონი (1+10 მოხსნა).
მ: ბრაიანტი (42+5 მოხსნა), ჰოვარდი (19+20 მოხსნა), უორლდ პისი (13+9 მოხსნა), ჰილი (2+10 მოხსნა).

დეტროიტი-დენვერი 94:101
25:17, 17:31, 24:24, 28:29
დეტ: ნაითი (20+5 პასი), მაქსიელი (18+6 მოხსნა+6 დაფარება), სტაკი (17), დრამონდი (7+11 მოხსნა), მონრო (6+12 მოხსნა+3 ჩაჭრა).
დენ: ლოუსონი (26+5 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ბრიუერი (15), იგუოდალა (12+8 მოხსნა), მაკგი (12+4 დაფარება), მილერი (11+7 პასი+3 ჩაჭრა).

ნიუ ორლეანი-ვაშინგტონი 70:77
22:11, 20:25, 18:20, 10:21
ნ-ო: ანდერსონი (17+11 მოხსნა), დევისი (13+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), რივერსი (11+5 მოხსნა), ლოპესი (2+10 მოხსნა+5 დაფარება).
ვ: ჯორ. კროუფორდი (26+6 მოხსნა), ბილი (15+7 მოხსნა), ნენე (10+10 მოხსნა).

ჩიკაგო-კლიპერსი 89:94
8:21, 22:26, 25:22, 24:25
ჩ: ბუზერი (24+13 მოხსნა), ბელინელი (18+7 მოხსნა+5 პასი), ნოა (10+11 მოხსნა+6 პასი), გიბსონი (10).
კ: გრიფინი (22+10 მოხსნა), პოლი (18+3 ჩაჭრა), ბარნსი (14), კროუფორდი (10+5 პასი), ჯორდანი (7+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული