ატლანტის დივიზიონი სეზონის წინ

AutoSharing Option
ბოსტონი
საზაფხულო ტრანსფერებით "ბოსტონმა" ერთი პრობლემა მოაგვარა, რომელმაც გასულ სეზონში იჩინა თავი - გუნდი 26-ე იყო მოხსნების რაოდენობით. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვლება: გუნდში ორი ო'ნილი და ერდენი მივიდნენ და წესით, ფარზე კონტროლის დაწესება არ გაჭირდება.

"სელტიქსს" გასული ჩემპიონატის მეორე ნაწილში გაუჭირდა. ბოლო 54 მატჩის შედეგზე (27-27) ბანალურმა ფაქტორებმა იქონია გავლენა - ვეტერანების დაღლილობა (რომელიც ტრავმებში გადაიზარდა), მოტივაციის ნაკლებობა... რაჟონ რონდოს მონდომება და ენერგია არ იყო საკმარისი ცალკეული მატჩების მოსაგებად.

ამ გუნდში ერთმანეთის დახმარება და გატანა შეუძლიათ, მაგრამ თუ ვინმე უკმაყოფილოა,
მაშინვე საკამათო სიტუაცია იქმნება, რომელიც მთელს გუნდზე უარყოფითად აისახება. ამ სიტუაციაში მწვრთნელის როლი ერთი ორად მატულობს და დოკ რივერსის შენარჩუნება - სეზონებს შორის არდადეგების მთავარი გამარჯვებაა. თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა მწვრთნელი შარშანდელი სიტუაციის თავიდან აცილებას.

"მაიამისგან" განსხვავებით, "ბოსტონი" მხოლოდ თავის "დიდ ტრიოზე" დამოკიდებული არ იქნება. იგივე რაჟონ რონდო უკვე დიდი ხანია გუნდის ერთ-ერთ ლიდერია და სამეულზე ნაკლებ საქმეს არ აკეთებს. გარდა ამისა, საზაფხულო ტრანსფერების შემდეგ "სელტიქსს" ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგოთა სკამი აქვს ლიგაში. დოკ რივერსი ვეტერანთა გამოცდილებითა და 8-10 კალათბურთელის როტაციით შეეცდება ფონს გასვლას.


ნიუ ჯერსი
ამ ზაფხულს საუკეთესო თავისუფალმა აგენტებმა თავაზიანი უარი უთხრეს "ნეტს", ამიტომაც პროხოროვის გუნდმა ფულის დახარჯა ტრევის აუთლოზე, ენტონი მოროუსა თუ ჯორდან ფარმარზე. ამ კონტიგენტით გუნდი შარშანდელ შედეგს (12 გამარჯვება) იოლად გადააჭარბებს, მაგრამ ოცდაათ მოგებაზე შეუძლია არ იოცნებოს, მეორეს მხრივ, გუნდი ძალიან ახალგაზრდაა (მხოლოდ ტროი მერფია 30 წელზე მეტი), ეს ფაქტორი კი პროგრესზე ახდენს გავლენას.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი მწვრთნელის - ეივერი ჯონსონისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დევინ ჰარისის წყვილზე. ჯონსონის თქმით, სწორედ ჰარისი იყო "დალასში" მისი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი. მიუხედავად ამისა, "მავერიქსის" ხელმძღვანელობამ ის ჯეისონ კიდში გაცვალა. ახლა ამ წყვილს ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნისა და ახალგაზრდა გუნდისთვის დახმარების მოტანის ახალი შანსი გაუჩნდა. მთავარია, რომ ჰარისი კიდევ არ გაცვალონ.

დემიონ ჯონსი, ტრევის აუთლო და კუინტონ როსი მსუბუქი ფორვარდის პოზიციისთვის იბრძოლებენ, რის გამოც, წესით თამაშგარეში აღმოჩნდება ამ ამპლუის კიდევ ერთი წარმომადგენელი ტერენს უილიამსი. მაგრამ ამ კალათბურთელმა თავისუფალად შეიძლება პროფილი შეიცვალოს. ტერენსს კარგი პასი აქვს - ჩემპიონატის ბოლოს "მეორე ნომერზე" თამაშისას საშუალოდ ექვს გადაცემას აგროვებდა. "მილუოკისთან" მატჩში მის ანგარიშზე 10 პასი იყო, "შარლოტთან" - 14. ასე რომ, 23 წლის უილიამსისთვის სათამაშო დროის მიღების ერთადერთი შანსი პლეიმეიკერის პოზიციაზე თამაშია. ამ შემთხვევაში დევინ ჰარისი სნაიპერის როლს შეასრულებს.


ტორონტო
"რეპტორზში" ახალი ეპოქა დაიწყო - ცხოვრება კრის ბოშის გარეშე. თავისი ლიდერის შესაცვლელად "ტორონტომ" ხარისხის ნაცვლად რაოდენობაზე იმუშავა, მაგრამ ამირ ჯონსონით, ედი დევისით, დევიდ ანდერსენითა და სალომონ ალაბით არ მოხერხდება იმ სიცარიელის შევსება, რომელიც ბოშის წასვლამ შექმნა.

კანადური გუნდის თამაშში ახალი აქცენტები გაჩნდება, შეიცვლება შეტევის ვექტორი. ამ ყველაფერს ჯეი ტრაიანომ უნდა უხელმძღვანელოს. თავის დროზე, ეს სპეციალისტი ცუდად იწყებდა. 2008 წელს სემ მიტჩელი სტარტზე 8 მოგებისა და 9 წაგების გამო გაუშვეს, ტრაიანომ კი აჩვენა, რომ უფრო უარესიც შეიძლება და თავისი "რეკორდი" დაამყარა (25-40). შემდეგ წელს კოლანჯელომ კანადელ მწვრთნელს ჰედო თურქოგლუ და ჯარეტ ჯეკი მიუყვანა, მაგრამ სეზონის სტარტი ისევ წარუმატებელი გამოდგა - 7-13. მხოლოდ "ყველა ვარსკვლავის მატჩისა" და კრის ბოშის ტრავმის შემდეგ აეწყო საქმე და "რეპტორზი" პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა. ბოშის გარეშე ტრაიანოს გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობდა. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტის გამო შეინარჩუნა მწვრთნელმა სამუშაო ადგილი.

დაცვის მხრივ გუნდს შარშანდელზე უარესი შედეგი ექნება. ბოში ფაქტობრივად ორად იყო გახლეჩილი - ცდილობდა პარტნიორების დაზღვევას, რის გამოც ხშირად თავის პოზიციაზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. გარკვეულ ეტაპზე კრისს მობეზრდა დაცვაში თამაში - კორტშეტევებში გაქცევა და დისტანციიდან სროლა ამჯობინა. კრისის გარეშე "ტორონტო" კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება "მსროლელთა" გუნდს, დაცვა კი უბრალოდ არ ექნება და ამას ვერანაირი ამირ ჯონსონი ვერ უშველის.


ნიუ იორკი
გუნდის გენერალურმა მენეჯერმა დონ უოლშმა წააგო ლებრონ ჯეიმსისთვის ბრძოლა და ჩაეშალა კრის პოლის ტრეიდი, ამიტომაც კარმელო ენტონის კანდიდატურა ნიუ იორკში ყველაზე ხშირად განიხილება. მაგრამ გარიგება უახლოეს პერიოდში არ შედგება. "დენვერის" ხელმძღვანელობას თავისი გეგმები აქვს და საუკეთესო შემთხვევაში ტრეიდი თებერვალში შედგება. თუ ესეც არ გამოვიდა, "ნიქსს" ზაფხულამდე ლოდინი მოუწევს, მაგრამ ჯერ გარკვეული არ არის, გაისად საერთოდ შედგება თუ არა სეზონი.

ამიტომაც, "ნიქსი" ჯერჯერობით ამარე სტაუდმაიერის იმედად არის დარჩენილი. თუმცა "ფინიქსის" მძიმე ფორვარდის გადაბირების მიუხედავად, "ნიუ იორკი" მაინც "მსროლელების" გუნდად რჩება. გალინარის, აზუბუიკეს, ფელტონსა და ჩენდლერს შეუძლიათ მეტოქის "სამქულიანებით" დაბომბვა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მიუახლოვდება 40-პროცენტიან ზღვარს და ცალკეულ მატჩებში შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიონ გუნდი. დევიდ ლი ამარეზე ცუდად არ აკეთებდა თავის საქმეს, ამიტომაც სტაუდმაიერის მოსვლით სიტუაცია შეიძლება კარდინალურად არ შეიცვალოს. შესაბამისად, "ნიუ იორკის" პროგრესი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


ფილადელფია
"სიქსერზში" დრაფტის ვარსკვლავის ევან ტერნერის დიდი იმედი აქვს. სწორედ ამ კალათბურთელმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც გუნდის მომავალ პროგრესს ეხება.
საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ერთდროულად მოედანზე ყოფნას ტერნერი და ანდრე იგუოდალა. ეს სავსებით შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი სათამაშო თვისებები (მაღალი ნახტომი, ათლეტურობა, მოედნის კარგი ხედვა) გამოარჩევთ, ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. იგუოდალა მისთვის უფრო შესაფერის მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს, ტერნერი კი შემტევი მცველი იქნება. განსაკუთრებით ეფექტური ეს წყვილი დაცვაში თამაშისას უნდა იყოს.

გაურკვეველია რა ფორმაში შეხვდება ახალ სეზონს და რა როლს ითამაშებს გუნდის მოქმედებაში NBA-ის ერთ-ერთი უჭკვიანესი კალათბურთელი ელტონ ბრენდი. თუმცა ფორვარდს ისეთი კონტრაქტი აქვს, რომ მისი მხრიდან უსინდისობა იქნებოდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე უარის თქმა. თუმცა "ფილადელფიას" მწვრთნელებს საშუალო 20 ქულისა და 10 მოხსნის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. 2009-10 წლების სეზონის ბოლო თვეს ბრენდი მხოლოდ 8 ქულას აგროვებდა. არადა, ჯერ კიდევ დეკემბერში მისი მაჩვენებელი ორჯერ მაღალი იყო და ის ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ "სიქსერზის" შეტევაში. სავარაუდოდ, ფორვარდს მოტივაცია სჭირდება ან... ტრეიდი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული