NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსი" დაღლილი იყო

AutoSharing Option
უცნაური სცენარის მატჩი გაიმართა ნიუ იორკში, სადაც ადგილობრივმა "ნიქსმა" "სან ანტონიო" მიიღო, რომელსაც მანამდე ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული. თავად მასპინძელთა რიგებში კი, ბოლო პერიოდში, მცირე კრიზისის ნიშნები ჩანდა.

"სპურსისთვის" მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბოლო ხუთ დღეში მეოთხე მატჩს თამაშობდა, ამიტომაც სტუმრებს ძალა მხოლოდ სამი მეოთხედისთვის ეყოთ. თუმცა დიდი ანგარიშით წაგების მთავარი მიზეზი არა დაღლილობა, არამედ "ნიქსის" ბრწყინვალე დაცვა გახლდათ, რომელმაც მეტოქეს 36-პროცენტიანი სიზუსტით ასროლინა. თავიდან ტემპი დაბალი იყო და პირველ ნახევარში დიდად ვერც მასპინძლები გამოირჩეოდნენ. თამაში ორივე მხრიდან
თითქმის მთლიანად დაცვაზე იყო ორიენტირებული, რაც ცოტათი გასაკვირი გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ შედეგიანობის მიხედვით ლიგის პირველი და მეექვსე გუნდი.

"ნიქსმა" რამდენჯერმე მოახერხა უმნიშვნელო გაქცევა, მაგრამ სტუმრები პოულობდნენ ძალებს ჩამორჩენის გასაბათილებლად, თუმცა პოპოვიჩის შეგირდებს საბოლოო სპურტისთვის არგუმენტები არ აღმოაჩნდათ. ათამაშდა ჯეი არ სმიტი, სამქულიანების ჩაგდება დაიწყო სტივ ნოვაკმა (შვიდიდან ხუთი) და მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა გადამწყვეტ გაქცევას, რომლის შემდეგაც მასპინძლების უპირატესობა ერთბაშად 20 ქულამდე გაიზარდა.

პოპოვიჩმა ლიდერების სკამზე დასმა გადაწყვიტა და რეზერვისტებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. თუმცა, ამჯერად, "სპურსის" სათადარიგოთა სკამი ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

"სან ანტონიოს" შემადგენლობაში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც შეძლებდა პაბლო პრიჯიონის შეჩერებას - არგენტინელმა შეხვედრა ცხრა შედეგიანი პასით დაასრულა. ასევე შეუჩერებელი იყო სმიტი, რომელიც აგერ უკვე ზედიზედ ხუთი მატჩია მინიმუმ 20 ქულას აგროვებს. სტუმრების წინა ხაზმა მთლიანად წააგო დუელი ჩენდლერთან და კომპანიასთან (34:48 მოხსნები და 12:36 - სამწამიანიდან დაგროვილი ქულები).

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ "სპურსის" რიგებში უწყინარ სიტუაციაში მიიღო ტრავმა სტივენ ჯექსონმა, რომელმაც მოედანზე მხოლოდ სამი წუთი გაატარა. ისევ სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში ამარე სტაუდმაიერი, თუმცა ის ჯერჯერობით სავარჯიშო ტემპით დარბის მოედანზე.

* * *
მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა დენვერში "მინესოტამ". ეს გუნდები დასავლეთში მერვე ადგილის დაკავების უშუალო კონკურენტები არიან.

ამ მატჩის პირველი ნახევარი ძალიან ჰგავდა "ნიუ იორკისა" და "სან ანტონიოს" შეხვედრის საწყის ორ მეოთხედს - არ იყო არც ტემპი და არც ბრძოლა. მასპინძლებმა პირველ 24 წუთში მხოლოდ ერთი გაქცევა მოაწყვეს, რომელიც მალე გააბათილეს "მგლებმა". სტუმრებს უფრო მოკრძალებული სპურტი ჰქონდათ, მაგრამ "დენვერსაც" აღმოაჩნდა ამაზე პასუხი.

მეოთხე მეოთხედში ლუკ რიდნურმა და ხოსე ბარეამ ტემპი გაზარდეს და საბოლოოდ გატეხეს "დენვერის" წინააღმდეგობა, რომელმაც ბოლო 12-წუთეულში აშკარად მოადუნა ყურადღება.

მიუხედავად ამისა, "ნაგეტსი" ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. ბოლო მეოთხედში ტყორცნების რეალიზაცია შთამბეჭდავი იყო: 63 პროცენტი "დენვერს" და 61 - "მინესოტას". ამ უკანასკნელმა შეძლო თამაშის გადაწყობა მესამე მეოთხედში, როცა თითის ტრავმა მიიღო კევინ ლავმა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ, ბოლო მეოთხედში 12 ქულა დააგროვა ბარეამ, ამას ცხრა ქულა დაუმატა რიდნურმა და საქმეც გაკეთებული იყო.

სხვათა შორის, ეს მატჩი გამორჩეული იყო "დენვერის" ვეტერანისთვის ანდრე მილერისთვის, რომელსაც კარიერაში 7500 შედეგიანი პასი დაუგროვდა. ის გახლავთ მერვე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, რომლის აქტივშია 15 ათასი ქულა და 7.5 ათასი გადაცემა.

ნიუ იორკი-სან ანტონიო 100:83
22:19, 20:21, 25:20, 33:23
ნ-ი: ენტონი (23+8 მოხსნა), სმიტი (20+5 მოხსნა), ნოვაკი (15), ჩენდლერი (10+14 მოხსნა), სტაუდმაიერი (10).
ს-ა: ნილი (12), დანკანი (11+6 მოხსნა), პარკერი (11+6 პასი).

დენვერი-მინესოტა 97:101
25:23, 18:24, 27:22, 27:32
დ: კუფოსი (16+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლოუსონი (16), იგუოდალა (14+7 მოხსნა+6 პასი), გალინარი (12), ბრიუერი (12), მილერი (11+10 პასი).
მ: შვედი (17+5 პასი), ბარეა (17+5 პასი), კირილენკო (14+3 დაფარება), რიდნური (14), ლავი (12+17 მოხსნა), პეკოვიჩი (11+6 მოხსნა).

აღმოსავლეთი
1. მაიამი 22/8*
2. ნიუ იორკი 22/10*
3. ატლანტა 20/10
4. ინდიანა 19/13*
5. ჩიკაგო 17/13
6. მილუოკი 16/14
7. ბრუკლინი 17/15
8. ფილადელფია 15/18
9. ბოსტონი 14/17
10. ტორონტო 12/20
11. ორლანდო 12/20
12. დეტროიტი 12/22
13. შარლოტი 8/23
14. კლივლენდი 7/26
15. ვაშინგტონი 4/26

დასავლეთი
1. ოკლაჰომა 24/7*
2. კლიპერსი 25/8*
3. სან ანტონიო 26/9*
4. მემფისი 20/9
5. გ. სტეიტი 22/10
6. ჰიუსტონი 18/14
7. დენვერი 18/16
8. მინესოტა 15/14
9. პორტლენდი 16/15
10. იუტა 16/17
11. ლეიკერსი 15/16
12. დალასი 13/20
13. საკრამენტო 12/20
14. ფინიქსი 12/21
15. ნიუ ორლეანი 7/25
* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული