ნიუიორკელთა რიგებში ლიდერობა იტვირთა ჯეი არ სმიტმა, რომელმაც ამ როლს გაართვა თავი, მაგრამ პარტნიორებისგან ვერ იპოვნა მხარდაჭერა. "ინდიანამ" იმდენად შეანელა თამაში, რომ სტუმრებს მოუწიათ მეტოქის ნებას დაყოლოდნენ. მესამე მეოთხედში "ნიქსმა" თითქოს აუღო ალღო ასეთ თამაშს, მაგრამ საშინელი პროცენტით ისრო
"ნიქსს" გამოეპარა 0:13 სპურტი, შვიდი წუთის განმავლობაში კი საერთოდ ერთი ქულაც ვერ აიღო. როცა მატჩის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა, მასპინძლების უპირატესობა 13 ქულას შეადგენდა. სწორედ ამ დროს, "ინდიანამ" მოადუნა თამაში და საპასუხო გაქცევა მიიღო – 2:10, მაგრამ "ნიქსს" დრო არ ეყო თამაშის გადასარჩენად. ეს იყო "ინდიანას" ზედიზედ მეცხრე მოგება საკუთარ მოედანზე.
* * *
"დალასმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. ამისთვის "მავერიქსს" ოვერტაიმი, მანამდე კი 17-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება დასჭირდა. "საკრამენტომ", თავის მხრივ, ტომასის სასწაულებრივი ტყორცნით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
"დალასი" მესამე მეოთხედის შუიდან მოყოლებული, მეთოდურად ამცირებდა ჩამორჩენას და იმდენი მოახერხა, რომ სირენამდე წუთით ადრე ხუთი ქულით წინ გასვლაც შეძლო. ძალიან მოინდომეს მაიომ და კარტერმა, რომლებმაც ბოლო მეოთხედში ერთად 21 ქულა ჩააგდეს. ოვერტაიმში "დალასის" წინააღმდეგ იბრძოდნენ ევანსი და კაზინსი და როცა ეს უკანასკნელი უხეში ჯარიმისთვის მოედნიდან მიაბრძანეს, "მავერიქსმა" შვებით ამოისუნთქა. თუმცა ტომასს შეეძლო მეორე გმირობა ჩაედინა, მაგრამ მისი სამქულიანი მიზანს აცდა.
აღვნიშნავთ, რომ დირკ ნოვიცკიმ, როგორც ჩანს, სრულად აღიდგინა ფიზიკური კონდიციები - მან 40 წუთი გაატარა მოედანზე, მაგრამ ტყორცნების მხრივ, ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა - 21-დან მხოლოდ შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში.
* * *
"მაიამი" კიდევ ერთხელ დაისაჯა თავისი ზედმეტი თავდაჯერებლობისთვის. "ჰიტმა" ვერ შეძლო სტუმრად პორტლენდში გამარჯვება. მასპინძლებმა ფანტასტიკური მეოთხე მეოთხედი ითამაშეს. "ბლეიზერსმა" ბოლო რვა წუთი 24:10 მოიგო - ძირითადად, ჯარიმების ბრწყინვალე რეალიზაციისა და მეტოქის შეცდომების წყალობით.
"მაიამის" წაგებას კიდევ რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი, ალბათ, ის იყო, რომ ლებრონ ჯეიმსმა შეწყვიტა თავისი 54-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც, ის მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა.
შეტევაშიც და დაცვაშიც, "დიდი ტრიოს" დონეზე მხოლოდ კრის ბოში თამაშობდა. "ჰიტს" ჰქონდა ანგარიშის გათანაბრებისა და მოგების შანსი, მაგრამ ბოშმა ორქულიანის სროლის ნაცვლად, ჩელმერსს მიაწოდა პასი, რომლის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
"პორტლენდმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, არადა, თამაშიდან მხოლოდ 37-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა.
ინდიანა-ნიუ იორკი 81:76
16:14, 23:20, 19:26, 23:16
ი: ჯორჯი (24+11 მოხსნა+5 პასი+6 ჩაჭრა), მაინმი (13+6 მოხსნა).
ნ-ი: სმიტი (25+6 პასი), ჩენდლერი (12+15 მოხსნა+3 დაფარება).
საკრამენტო-დალასი 112:117 (ო)
25:23, 24:19, 29:26, 23:33, 11:16
ს: კაზინსი (29+9 მოხსნა), ტ. ევანსი (20+7 მოხსნა+3 დაფარება), ტომასი (18), გარსია (13), სალმონსი (11), რობინსონი (2+10 მოხსნა).
დ: მაიო (24+10 მოხსნა+5 პასი), კარტერი (23+5 მოხსნა), მერიონი (19+10 მოხსნა), ნოვიცკი (17+9 მოხსნა), კოლისონი (11).
პორტლენდი-მაიამი 92:90
18:21, 21:31, 24:16, 29:22
პ: ბატუმი (28+7 მოხსნა+5 პასი), ოლდრიჯი (20+15 მოხსნა), მეტიუზი (18), ლილარდი (10+8 პასი), ჰიქსონი (8+10 მოხსნა).
მ: ბოში (29+4 დაფარება), უეიდი (18), ჯეიმსი (15+10 მოხსნა+9 პასი), ალენი (15+5 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" პლეი ოფს შორდება