დირკ ნოვიცკი: ელოდეთ "დალასისგან" ბომბს

AutoSharing Option
ორ წელიწადზე ნაკლები დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "დალასმა" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მეორე წელს "დაბერებული" შემადგენლობით წარმატების გამეორება ეცადა, კლუბმა ბრწყინვალე მომავლისკენ კურსი აიღო.

ტექსასელთა მრავალწლიანი ლიდერის, დირკ ნოვიცკის სიტყვებით, კლუბის ხელმძღვანელთა გეგმებში თავად გერმანელის ტრეიდიც შედიოდა.

უფრო მეტიც: შეფობა აპირებდა ნახევარ გუნდთან გამოთხოვებას იმ იმედით, რომ დუაიტ ჰოვარდს, დერონ უილიამსს ან კრის პოლს აიყვანდა. მაგრამ, როგორც ცნობილია, ამ გეგმამ არ იმუშავა.

დღეისთვის "მავერიქსს" საჩემპიონო შემადგენლობიდან მხოლოდ სამი მოთამაშე შემორჩა: თავად ნოვიცკი, შონ
მერიონი
და რობრიგ ბობუა. და ახლა შესუსტებულ გუნდს, რომელმაც ვერც ერთი ვარსკვლავი-თავისუფალი აგენტი ვერ აიყვანა, პლეი ოფის მიღმა დარჩენა ემუქრება.

ჯერჯერობით ისევ რჩება მარკ ქუბანის მხრიდან სატრანსფერო "ბომბის" აფეთქების შანსი. "მავერიქსის" ვარსკვლავური ფორვარდი კი ხშირად იხსენებს იმ დროს, როცა მეორე საჩემპიონო ბეჭდისთვის ნადირობის შანსი არსებობდა.

"ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, შევძლებთ თუ არა რაიმე ფანტასტიკური გარიგების დადებას, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სახელფასო ბიუჯეტში არსებობს თავისუფალი თანხა. დღეს მართლაც ძალიან გვიჭირს: გუნდი იბრძვის, როგორც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მე-12 ადგილზე ვართ კონფერენციაში. ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენი მიზანი ყოველთვის ჩემპიონობა იყო, ან თუნდაც ადგილი დასავლეთის პირველ ოთხეულში. ასე რომ, ამ მომენტისთვის მომავალი ცოტათი ბუნდოვანი ჩანს", - ამბობს ნოვიცკი.

5 თებერვალს მას 35 წელი უსრულდება. დიადმა გერმანელმა გამონახა დრო Yahoo! Sports-თან სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ: "დალასის" გარდაქმნაზე, ქიუბანის ხრიკებზე, მუხლის მდგომარეობაზე, მომავალ კარიერაზე, დერონ უილიამსთან ურთიერთობაზე...

- დირკ, არ ფიქრობთ, რომ "დალასისთვის" უფრო მომგებიანი იქნებოდა ნოვიცკის გაცვლა, სანამ ძალიან არ დაეცა თქვენი ფასი?
- ეს ძალიან რთული შეკითხვაა. სჯობს, ეს კითხვა მარკ ქუიბანს ან ჩვენს გენერალურ მენეჯერს დონ ნელსონს დაუსვათ. შესაძლოა, ისინი ამ ვარიანტსაც განიხილავენ. პირადად მე არ ვწუხვარ ამ საკითხის გამო, მაგრამ მირჩევნია და ვაპირებ "დალასში" კარიერის დასრულებას. მიმდინარე კონტრაქტი ამ და მომავალი სეზონისთვის არის გათვალისწინებული. ამ დროის განმავლობაში სოლიდურ თანხას გამოვიმუშავებ, მაგრამ შემდეგ დავსხდებით და გავარკვევთ, როგორ მოვიქცეთ მომავალში.

აღვნიშნავ, რომ არის ერთი კარგი ამბავი: პირველად მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, კლუბს გააჩნია თავისუფალი თანხა სახელფასო ბიუჯეტში. ადრე ამ თანხაში ვერ ვეტეოდით და გვიჭირდა კალათბურთელების გაფორმება. მრავალნაბიჯიანი გარიგებების დადება გვიწევდა ღირებული მოთამაშეების გადასაბირებლად.

თავისუფალი თანხის არსებობა - ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან ბევრი სარგებლის ნახვა შეიძლება. მაგრამ კალათბურთელებს შეუძლიათ, სცადონ ჩვენთან თუნდაც ერთი სეზონის ჩატარება. არ გამოუვათ - თავისუფალი აგენტები გახდებიან და მათ საუკეთესოს ვუსურვებთ სხვა გუნდში.

- დერონ უილიამსმა გადაწყვიტა, არ ჩამოსულიყო მშობლიურ დალასში, არადა, კლუბი ცდილობდა ვარსკვლავი პლეიმეიკერის გადაბირებას. რამდენად ეხმარებოდით გუნდს ამ საქმეში?
- მე მას პირადად ველაპარაკე. ერთხელ, დიდი ხნის წინ, ჩვენი გზები "ყველა ვარსკვლავის" უქმეების დროს გადაიკვეთა და მე მისი მობილური ტელეფონის ნომერი შემომრჩა. კარგად ვილაპარაკეთ, ვიცოდი, რომ ის წარმოშობით დალასიდან იყო, მაგრამ დერონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესი იქნებოდა მისი ოჯახისთვის და კარიერისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ამან დიდად გამანაწყენა. მე, უბრალოდ, ჩემი საქმის კეთება გავაგრძელე.

ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ვარსკვლავის გადაბირება არ ხერხდება, არსებობს მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტი. პირველი: მე დამაყენონ ტრეიდზე ან გაცვლების მეშვეობით გამოცვალონ მთელი გუნდი; მეორე: შეინარჩუნო ბირთვი, შეაგროვო ბევრი ერთწლიანი კონტრაქტი და ამით სრულ მზადყოფნაში შეხვდე მომავალ სატრანსფერო ზაფხულს. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ.

ბევრი ამტკიცებს, რომ გაცვლას ვითხოვდი, მაგრამ მე მხოლოდ სიტუაციის საკუთარი ხედვა გავაცანი ხელმძღვანელობას. ბოსებმა ჩემი შენარჩუნება და რვა-ცხრა ახალი "მებრძოლის" აყვანა გადაწყვიტეს, ეს კი გუნდისთვის იოლი არ არის. ამ ნაბიჯის შედეგს ჩვენ დღემდე ვგრძნობთ. ბიჭებმა მხოლოდ ორი თვე ითამაშეს ერთად, ახლა მე გამოვჯანმრთელდი და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად შევერწყა განახლებულ შემადგენლობას. იმედია, ეს პროცესი დიდი ხანი არ გაგრძელდება.

- მართლაც მიგაჩნიათ, რომ თქვენი გაცვლის შესაძლო ვარიანტი სერიოზულად განიხილებოდა?
- ასე არ ვფიქრობ. ბუნებრივია, მე ამის შესახებ არავინ არაფერს მეუბნებოდა, ამიტომაც ზუსტად თქმა მიჭირს.

- "დალასი" იბრძოლებს დუაიტ ჰოვარდისთვის, რომელსაც კონტრაქტი ეწურება "ლეიკერსთან"? ეს ხომ ძალიან მალე მოხდება – 2013 წლის ზაფხულში...
- ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ახლოს ვართ ამასთან. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება. ჰოვარდი და პოლი ლოსანჯელესურ კლუბებში გამოდიან და ძალიან მოხერხებულ სიტუაციაში იმყოფებიან. ასე რომ, ზაფხულს უნდა დაველოდოთ. იქ ბევრი რამ გაირკვევა. შესაძლოა, გაზაფხულის "დედლაინამდეც" გავახერხოთ რაღაც. საერთოდ, კლუბის ხელმძღვანელობა ერთი წუთით არ წყვეტს მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

- დღეს, ალბათ, სულ სხვა სურათს ვიხილავდით, "დალასს" 2010 წლის შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა. ასე არ არის?
- კარგი კითხვაა. ეს სწორედ ის არის, რისი გაკეთებაც ჩვენს ბოსს არ უნდოდა, განსაკუთრებით, ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში დარჩებოდა ბევრი ასაკოვანი კალათბურთელი ძვირფასი კონტრაქტებით. ეს ის სიტუაციაა, როცა გუნდის ლიდერები საბოლოოდ "ბერდებიან", იწყება უძრაობის მორიგი ეტაპი, რომელიც შეიძლება ორი-სამი სეზონი გაგრძელდეს.

მე მგონი, ვხვდები მარკ ქიუბანის აზრთა სვლას: ძალიან მაღალია გადასახადები და სხვა დანახარჯები ახალი კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიამოვნო იქნებოდა კვლავ ჩენდლერის, ბატლერის, ბარეასა და ტერის მხარდამხარ თამაში, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა: ამ ლიგაში ვერ გაექცევი რთულ გადაწყვეტილებას. ქიუბანმა კი ისე გადაწყვიტა, რომ შემადგენლობისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სახელფასო ლიმიტის ქვემოთ მცირე ადგილი დარჩებოდა.

- რა მდგომარეობაშია თქვენი ნაოპერაციები მარჯვენა მუხლი?
- მოედანზე პირველი გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ გარკვეული დრო დამჭირდებოდა. ახლა გაცილებით უკეთ ვარ, მაგრამ აღდგენითი პროცესის გავლა გამიჭირდა. თანდათან უკეთესობა შეიმჩნევა, უკვე ჩავატარე რამდენიმე კარგი მატჩი. იმედია, ყოველი თამაშის შემდეგ თავს უკეთ ვიგრძნობ.

- განაწყენდებით იმის გამო, რომ წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" ვერ მოხვდეთ? თქვენ ხომ იქ ზედიზედ 11-ჯერ ითამაშეთ...
- არ დავმალავ - თუ ასე მოხდა, წყენა მექნება. ჩემმა მწვრთნელმა ჰოლგერ გეშვინდერმა "ოლ სტარზე" პირველი მონაწილეობის შემდეგ მითხრა: "შენ აქ კიდევ ბევრჯერ მოხვდები". მაშინ გამეცინა და ვთქვი, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო. როგორც ხედავთ, შევცდი. ვაღიარებ, ყოველთვის მსიამოვნებდა ამ მატჩებში მონაწილეობა. და მართლაც ნაღვლიანი ვიქნები, თუ იქ არ მოვხვდები. თუმცა, ვაღიაროთ სიმართლე და ვთქვათ, რომ ასეთი თამაშითა და ორთვიანი პაუზით, როგორც ჩანს, დადგა სეზონი, როცა ეს შესანიშნავი ტრადიცია უნდა შეწყდეს.

- უკვე თქვით, რომ პროფესიული კარიერის დასრულება "მავერიქსში" გსურთ. არ განიხილავთ დიდი კალათბურთიდან წასვლის შემდეგ სამშობლოში, გერმანიაში გადასვლას?
- გერმანია... ის თითქოს სხვა სამყაროსავით მოჩანს. არც კი ვიცი: ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე იქიდან წამოვედი... "დალასთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 36 წლის ვიქნები. ალბათ, კიდევ ორი წელი ვირბენ - თუ ფიზიკური მდგომარეობა მომცემს ამის საშუალებას და თუ მუხლი არ შემაწუხებს.

- როგორ ფიქრობთ, NBA-ში თქვენი მიღწევები იმსახურებს აშშ-ში ღირსეულ დაფასებას?
- ასეთ რამეებზე არასოდეს მიფიქრია. ბედნიერი ვიყავი, როცა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მოვხვდი, რის შემდეგაც მთავარი მიზანი ჩემპიონობის მოპოვება იყო. სწორედ ამის მიღწევა მსურდა და შემდეგ ყველანი ერთად აღვნიშნავდით წარმატებას.

სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. არასოდეს დამავიწყდება 2010-11 წლების სეზონი. ალბათ, ეს იყო ერთადერთი წელი, სადაც პლეი ოფის ყოველ სერიაში აუტსაიდერებად მიგვიჩნევდნენ, ჩვენ კი ყველას მოვუგეთ! ამ მოგონებებისგან დღემდე ტანში ჟრუანტელი მივლის... მხოლოდ ამისთვის ვთამაშობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეგულარული ჩემპიონატი: დირკ ნოვიცკი წაგებით დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული