NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სელტიქსის მეხუთე კრახი

AutoSharing Option
მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო შეხვედრა ბოსტონში, სადაც ადგილობრივი "სელტიქსი" "ნიუ იორკს" მასპინძლობდა.

ამ მატჩს დამატებითი ინტრიგა შესძინა იმ კონფლიქტმა, რომელსაც წინა მატჩში ჰქონდა ადგილი კარმელო ენტონისა და კევინ გარნეტს შორის.

მელო ბოსტონში პირადი დაცვის თანხლებით ჩავიდა, თუმცა განაცხადა, რომ ის არა გარნეტს, არამედ ადგილობრივ პუბლიკას უფრთხოდა და ამ ნაბიჯით ზედმეტი გართულებებისგან თავი დაიზღვია.

პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში ლიდერი 17-ჯერ შეიცვალა. მეტოქეები ვერ ახერხებდნენ გადამწყვეტი სპურტის შესრულებას, იყო ბევრი პაუზა, შეცდომა, უზუსტო სროლა...

სტუმრებმა, რომლებსაც აქამდე ბოსტონში ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდათ წაგებული, მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაზარდეს ტემპი და წინ გაიჭრნენ, მაგრამ რონდომ დაალაგა თავისიანების თამაში და სეზონში თავისი მეოთხე სამმაგი დუბლის წყალობით, სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. მასპინძლებისთვის საუბედუროდ, "ნიქსის" შემადგენლობაში დროულად გამოიღვიძა ჯეი არ სმიტმა (ამ მომენტამდე მას 15-დან მხოლოდ ორი ბურთი ჰქონდა ჩაგდებული), ხოლო "სელტიქსის" კაპიტანმა პოლ პირსმა ჩააგდო მატჩის ბოლო ნაწილი.

"ბოსტონმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ ისევ სუსტად ითამაშა შეტევაში გარნეტმა, პირსმა კი 22 ქულა დააგროვა, მაგრამ აქედან 20 პირველ სამ მეოთხედზე მოდის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კარმელო ენტონის თამაში, რომელმაც 28 ქულა დააგროვა და ზედიზედ 27-ე მატჩი ჩაატარა, როცა მინიმუმ 20 ქულით ეხმარებოდა თავის გუნდს. კიდევ ორი ასეთი მატჩი და მელო "ნიქსის" რეკორდს გაიმეორებს.

* * *
კრიზისი შეიმჩნევა "კლიპერსის" თამაშში. კალიფორნიულმა კლუბმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლიდერობდა რეგულარულ ჩემპიონატს, ზედიზედ მესამე მატჩი დათმო.

ამის მიზეზი ისიც არის, რომ ვინი დელ ნეგროს გუნდი კვლავ თავისი ლიდერის - კრის პოლის გარეშე გავიდა მოედანზე. სამაგიეროდ, ყველაფერი წესრიგში აქვს "ფინიქსის" ახალ დამრიგებელს ლინდსეი ჰანტერს. "საკრამენტოს" დამარცხების შემდეგ, მისმა გუნდმა დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერის ძლევა მოახერხა.

"სანზმა" მხოლოდ 39-პროცენტიანი სიზუსტით ასროლინა მეტოქეს, საერთო ჯამში კი გუნდებს სტატისტიკური მაჩვენებლები თითქმის თანაბარი ჰქონდათ, რაც არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პოლის არყოფნაში, "კლიპერსის" რიგებში არ ჩანს კალათბურთელი, რომელსაც ბოლო წამებზე გაბრწყინება შეუძლია. გამონაკლისია მხოლოდ ჯამალ კროუფორდი, რომელმაც ბოლოსკენ მნიშვნელოვანი სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა, მაგრამ შემდეგ საჯარიმო სროლა ააცილა და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ორლანდო-ტორონტო 95:97
20:22, 27:26, 19:27, 29:22
ო: ვუჩევიჩი (19+14 მოხსნა+3 დაფარება), აფლალო (16), დევისი (15+7 მოხსნა), ნელსონი (14+7 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), რედიკი (14), მური (11).
ტ: დეროზანი (22+7 პასი), ჯონსონი (21+10 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (13), დევისი (12+8 მოხსნა+3 დაფარება), კალდერონი (10+6 პასი), როსი (10).

ბოსტონი-ნიუ იორკი 86:89
24:20, 24:30, 18:22, 20:17
ბ: რონდო (23+10 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), პირსი (22+6 მოხსნა), გარნეტი (8+12 მოხსნა)
ნ-ი: ენტონი (28+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (15+9 მოხსნა), კიდი (12+3 აეპეხვთით), შამპერტი (10+5 მოხსნა).

ფინიქსი-კლიპერსი 93:88
24:20, 26:26, 18:20, 25:22
ფ: დრაგიჩი (24+5 მოხსნა+8 პასი), გორტატი (15+8 მოხსნა), სკოლა (14+9 მოხსნა), მორისი (14+8 მოხსნა).
კ: კროუფორდი (21), ბლედსოუ (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრიფინი (12+8 მოხსნა), ბარნსი (11), ჯორდანი (10), ოდომი (4+11 მოხსნა).

ლიგამ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეები დაასახელა
საბოლოოდ დადგინდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობები.

ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ შეაჯამა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები და გამოაცხადა სასტარტო ხუთეულები, გუშინ კი ლიგამ შვიდ-შვიდი სათადარიგო მოთამაშის სიაც გაამხილა. აღვნიშნავთ, რომ წელს, "ოლ სტარის" მატჩს ექვსი დებიუტანტი ეყოლება:

ჯეიმს ჰარდენი, ტაისონ ჩენდლერი, პოლ ჯორჯი, ჯრიუ ჰოლიდეი, კაირი ირვინგი და ჟოაკიმ ნოა.

აღმოსავლეთი და დასავლეთი კონფერენციების ნაკრებებმა, საბოლოოდ, ასეთი სახე მიიღეს:

აღმოსავლეთი
სასტარტოები
რაჟონ რონდო (ბოსტონი)
დუენი უეიდი (მაიამი)
კევინ გარნეტი (ბოსტონი)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)

სათადარიგოები
კაირი ირვინგი (კლივლენდი)
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილადელფია)
პოლ ჯორჯი (ინდიანა)
ლუოლ დენგი (ჩიკაგო)
ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო)
ტაისონ ჩენდლერი (ნიუ იორკი)
კრის ბოში (მაიამი)

დასავლეთი
სასტარტოები
კრის პოლი (კლიპერსი)
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
დუაიტ ჰოვარდი (ლეიკერსი)
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)

სათადარიგოები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
ტონი პარკერი (სან ანტონიო)
დევიდ ლი (გოლდენ სტეიტი)
ტიმ დანკანი (სან ანტონიო)
ზაკ რენდოლფი (მემფისი)
ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი)

გუნდების მწვრთნელებს სამი თებერვლის შემდეგ გაარკვევენ. NBA-ის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი ჰიუსტონის "ტოიოტა ცენტრში" 17 თებერვარს გაიმართება.

ლეიკერსი სუპერმენს დაკარგავს

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტს დუაიტ ჰოვარდს მშვიდად შეუძლია ამ სეზონში თამაშის გაგრძელება.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ "სუპერმენის" ტრავმა, რომელიც მან "მემფისთან" ამასწინდელ მატჩში გაიმიზეზა, სერიოზული არ აღმოჩნდა და მას უკვე დღეს შეეძლება მოედანზე გასვლა.

ამასობაში, yahoo.com-ის მიმომხილველი ენდრიან ვოინაროვსკი იტყობინება, რომ კალიფორნიულმა კლუბმა, შესაძლოა, დაკარგოს ჰოვარდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

სეზონის წინ, რთული გაცვლის შედეგად ამ ცენტრის ხელში ჩაგდებით, "ლეიკერსს" უკვე წელს სურდა იმის დამტკიცება, რომ ჰოვარდისთვის კალიფორნიული კლუბი ის ადგილია, სადაც უნდა თამაშობდეს ლიგის საუკეთესო ცენტრი. მაგრამ "ლეიკერსის" სუსტმა თამაშმა და შეტევაში დუაიტის ცუდად გამოყენებამ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს საბოლოო არჩევანში.

კიდევ ერთი ფაქტორია გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ენტონი, რომელსაც სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული "ლეიკერსთან". ვოინაროვსკი კითხულობს - მოისურვებს კი ჰოვარდი ამ სპეციალისტთან სამი წლის განმავლობაში თამაშს? ასე რომ, ახლა, "ლეიკერსში" საკითხი ასე დგას - კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი უნდა გააკეთოს დუაიტსა და დ'ენტონის შორის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტი არავის ინდობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული