NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ვინ ჩატენის "ოლ სტარზე"?

AutoSharing Option
ყველაზე სანახაობრივ "ჩატენვების" კონკურსში ისევ შეიცვალა ფორმატი. აქ პირველობისთვის იბრძოლებს ექვსი შემსრულებელი - სამ-სამი დასავლეთი და აღმოსავლეთი კონფერენციებიდან. პირველ რაუნდში თითოეული ტრიოდან ჟიური აირჩევს ერთ ფინალისტს, გადამწყვეტ დუელში კი, ისევე როგორც გასულ წელს, უძლიერესს განსაზღვრავს მაყურებელთა ხმები.

შემადგენლობა საკმაოდ საინტერესოა. დასავლეთს წარმოადგენს შარშანდელი გამარჯვებული ჯერემი ევანსი ("იუტა"), ერიკ ბლედსოუ ("კლიპერსი") და კენეტ ფარიდი ("დენვერი").

აღმოსავლეთის გუნდში იქნებიან: ჯერალდ გრინი ("ინდიანა"), ტერენს როსი ("ტორონტო") და ჯეიმს უაიტი ("ნიუ იორკი").

სხვათა შორის, გრინი ამ კონკურსის გამარჯვებულია 2007 წელს. მას და ევანსს აქვთ
შანსი შევიდნენ ისტორიაში და შეუერთდნენ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ეს კონკურსი მინიმუმ ორჯერ აქვთ მოგებული. ორ-ორჯერ გაუმარჯვიათ მაიკლ ჯორდანს (1987, 1988), დომინიკ უილკინსს (1985, 1990), ჰაროლდ მაინერს (1993, 1995), ჯეისონ რიჩარდსონს (2002, 2003) და სამჯერ - ნეით რობინსონს (2006, 2009, 2010).

* * *

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ არც შარშანდელი გამარჯვებული კევინ ლავი, რომელიც ტრავმირებულია და არც ფინალისტი კევინ დურანტი.

გასულ წელს წაგებისთვის რეაბილიტაციის საშუალება ექნება რაიან ანდერსონს ("ნიუ ორლეანი"), ხოლო მისი კონკურენტები იქნებიან: პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), სტივ ნოვაკი ("ნიუ იორკი") და მეტ ბონერი ("სან ანტონიო").

* * *
სამაგიეროდ, ტიტულის დაცვას შეეცდება Skills Challenge-ის შარშანდელი გამარჯვებული ტონი პარკერი. ფრანგს აქვს შანსი მეორედ მოიგოს ეს კონკურსი და ამით გაუთანაბრდეს სტივ ნეშსა და დუეინ უეიდს.

"სან ანტონიოს" გამთამაშებელს კონკურენციას გაუწევენ ახალგაზრდა შემსრულებლები: ჯრიუ ჰოლიდეი ("ფილადელფია"), ბრენდონ ნაითი ("დეტროიტი"), დემიენ ლილარდი ("პორტლენდი"), ჯერემი ლინი ("ჰიუსტონი") და ჯეფ ტიგი ("ატლანტა").

* * *

კონკურსების მონაწილეთა დასახელების პარალელურად, შაკილ ო'ნილმა და ჩარლზ ბარკლიმ დრაფტი ჩაატარეს და თავისი გუნდების შემადგენლობები დააკომპლექტეს. ლაპარაკია შეხვედრაზე, რომელშიც დებიუტანები და "მეორეწლიანები" ითამაშებენ.

ო'ნილის გუნდი: დამიენ ლილარდი ("პორტლენდი"), კაირი ირვინგი, დიონ უეიტერსი, ტაილერ ზელერი (ყველა - "კლივლენდი"), ანდრე დრუმონდი ("დეტროიტი"), ჰარისონ ბარნსი, კლეი ტომპსონი (ორივე - "გოლდენ სტეიტი"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), მაიკლ კიდ-გილკრისტი, კემბა უოკერი (ორივე - "შარლოტი").

ბარკლის გუნდი: ალექსეი შვედი ("მინესოტა"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), რიკი რუბიო ("მინესოტა"), აიზია ტომასი ("საკრამენტო"), კენეტ ფარიდი ("დენვერი"), კაუი ლეონარდი ("სან ანტონიო"), ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), ტრისტან ტომპსონი ("კლივლენდი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), ბრენდონ ნაითი ("დეტროიტი").

გარნეტის 25 ათასი
"ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდმა კევინ გარნეტმა კარიერაში 25000-ქულიან ზღვარს გადააჭარბა. ის გახდა მე-16 კალათბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

"როცა ამდენი ხანი თამაშობ, რა თქმა უნდა, გიჩნდება ისტორიაში შესვლის სურვილი, - აღნიშნა გარნეტმა. - საერთო ჯამში, ჩემთვის ეს მიღწევა ბევრს არაფერს ნიშნავს. ოდესღაც, როცა კარიერას დავასრულებ, ის უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. თუმცა, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ შევძელი ასეთი შედეგის მიღწევა".

ბოსტონი-ლეიკერსი 116:95
27:23, 31:21, 37:25, 21:26
ბ: პირსი (24+7 მოხსნა+6 პასი), გრინი (19), გარნეტი (15+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერი (15), ლი (13+5 მოხსნა), ბრედლი (10+5 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (27+7 მოხსნა), მიქსი (13), ჯეიმისონი (11).

დენვერი-ჩიკაგო 128:96
33:25, 30:33, 37:16, 28:22
დ: ფარიდი (21+12 მოხსნა), ლოუსონი (16+12 პასი), გალინარი (15), იგუოდალა (14), მაკგი (10+5 მოხსნა).
ჩ: კუკი (19), ბუზერი (18), რობინსონი (14+6 პასი), დენგი (11+8 მოხსნა), ტიგი (10).

გრანტი ჰილი ფინიშის სწორზე
წლევანდელი სეზონი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ვეტერანისთვის გრანტ ჰილისთვის, რომელმაც მიმდინარე რეგულარულის დიდი ნაწილი გამოტოვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. კალათბურთელმა ჟურნალისტებთან საუბარში მიანიშნა, რომ ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, დაემშვიდობოს დიდ სპორტს.

"40 წლის ვარ - უფრო შორს სად უნდა წავიდე? მნიშვნელობა არ აქვს ჩემს სურვილს: ასაკი ყველაფერზე დაპარაკობს", - განაცხადა ჰილმა.

ვეტერანმა ამ სეზონში მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 4.3 ქულა და 2.1 მოხსნა დააგროვა.

ბარნიანი ბუზერში იცვლება?
"ჩიკაგო" და "ტორონტო" გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, ფორვარდი ანდრეა ბარნიანი "ბულზში" გადავა, ხოლო "ჩიკაგოდან" საპირისპირო მიმართულებით გაემართება იგივე ამპლუის კარლოს ბუზერი.

"ხარებისთვის" ეს გაცვლა სასარგებლოა იმის გამო, რომ კლუბი გადაწყვეტს შემადგენლობაში სამქულიანების სპეციალისტის დეფიციტის პრობლემას, აგრეთვე განტვირთავს სახელფასო ბიუჯეტს, რადგან ბუზერს ბარნიანიზე 5 მილიონით მაღალი ხელფასი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ზედიზედ ექვსი რონდოს გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული