2012-13 წლების სეზონში NBA-ის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის ჯამური მონაგარი 340 მილიონი დოლარი იქნება. აქ გათვალისწინებულია მათი ხელფასები და სპონსორული კონტრაქტები.
ფინანსურად ყველაზე წარმატებული კალათბურთელების რეიტინგს სათავეში უდგას "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი, რომლის წლიური ხელფასი 27.8 მილიონ დოლარს უდრის. ახალი წესების თანახმად,
ბრაიანტის სასპონსორო შემოსავლებში ყველაზე მაღალი წილი აქვს კომპანია Nike-ს. გარდა ამისა, კობის მრავალწლიანი კონტრაქტები აკავშირებს Coca-Cola-თან (რეკლამას უწევს Sprite-ს), Turkish Airlines-თან, Mercedes-Benz-თან და Panini-თან. მოედნის მიღმა შემოსავლებით, 34 წლის მცველი მხოლოდ "მაიამის" ვარსკვლავს ლებრონ ჯეიმსს ჩამორჩება.
ჯეიმსი 2012-13 წლების სეზონში 57.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, საიდანაც 40 მილიონი სპონსორებზე მოდის. მათგან ყველაზე მსხვილი კომპანებია - Nike, Coca-Cola, Samsung და McDonald’s. ასევე, 28 წლის კალათბურთელის პარტნიორები არიან კომპანიები - Audemars Piguet, Dunkin’ Donuts, State Farm და Upper Deck. 2012 წელს, ლებრონი გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ერთ წელს მოიგო NBA-ის ჩემპიონის ტიტული, გახდა სეზონის MVP, ფინალური სერიის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე და ოლიმპიადის გამარჯვებული. ადრე ასეთი მიღწევა მხოლოდ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ჰქონდა.
შემოსავლების მიხედვით მესამე გახდა "ჩიკაგოს" გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელიც ამ სეზონში ჯერ არ გასულა მოედანზე მუხლის ტრავმის გამო. 2011 წლის დეკემბერში, დერიკმა "ბულზთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ღირებულება 94.8 მილიონ დოლარს შეადგენს, 2012 წლის თებერვალში კი Adidas-თან დადო 13-წლიანი გარიგება, რაც 185 მილიონ დოლარს მოუტანს. Adidas ცდილობს გაამყაროს თავისი პოზიციები სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბაზარზე, რადგან ამ მომენტისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წილი 5.5 პროცენტს უდრის, Nike-ის - 92.2 პროცენტს.
მსხვილი კონცერნები აქტიურად იყენებენ აზიაში კალათბურთის პოპულარობის ზრდას ამ რეგიონში სამომხმარებლო აუდიტორიის დასაპყრობად. ამისთვის ისინი სარეკლამო კამპანიაში იწვევენ მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ვარსკვლავებს. NBA-ის ორგზის ჩემპიონმა დუეინ უეიდმა, რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელებს შორის, 2012 წლის სექტემბერში გააფორმა მრავალწლიანი კონტრაქტი სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Li-Ning-თან. ვარაუდობენ, რომ მცველი ახალი პარტნიორისგან წელიწადში 10 მილიონს მიიღებს.
საუკეთესო ათეულში ვხედავთ ბრაიანტის ორ თანაგუნდელს - დუაიტ ჰოვარდი მერვე ადგილზეა, პაუ გასოლი - მეათეზე. "ორლანდოდან" წასვლამდე, ჰოვარდი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კალათბურთელი იყო სპონსორებისთვის, მაგრამ სეზონებს შორის შესვენებისას "სუპერმენის" არაერთგვაროვანმა გადაწყვეტილებამ დაადაბლა მისი კომერციული პოტენციალი. უფროსი გასოლი კი ყველაზე მაღალანაზღაურებადია ევროპელებს შორის, თანაც მისი საერთო შემოსავლის (21.5 მილიონი) დიდ წილი (19.5 მილიონი) "ლეიკერსთან" კონტრაქტით მიღებული ფულია.
გარდა ამისა, ათეულში მოხვდნენ კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), კარმელო ენტონი და ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი"), აგრეთვე "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ვარსკვლავური მცველი კრის პოლი. საინტერესოა, რომ ათიდან შვიდი მოთამაშე ამ რეიტინგში წარმოადგენს კლუბებს აშშ-ის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ჩიკაგოდან.
TOP10
1. კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") - $59,8 მლნ ($27,8 ხელფასი+$32 მოედნის მიღმა)
2. ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") - $57,6 მლნ ($17,6+$40)
3. დერიკ როუზი ("ჩიკაგო") - $32,4 მლნ ($16,4+$16)
4. დუეინ უეიდი ("მაიამი") - $30,2 მლნ ($17,2+$13)
5. კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") - $29,7 მლნ ($16,7+$13)
6. კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი") - $28,4 მლნ ($19,4+$9)
7. ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი") - $27,9 მლნ ($19,9 +$8)
8. დუაიტ ჰოვარდი ("ლეიკერსი") - $26,5 მლნ ($19,5+$7)
9. კრის პოლი ("კლიპერსი") - $24,8 მლნ ($17,8+$7)
10. პაუ გასოლი ("ლეიკერსი") - $21,5 მლნ ($19+$2,5)
ოლ სტარზე ბოლტიც ითამაშებს
"ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სპრინტში ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უსაინ ბოლტსაც ვიხილავთ - იამაიკელი მძლეოსანი მონაწილეობას მიიღებს "ცნობილი სახეების მატჩში". ეს შეხვედრა უქმეების პირველ დღეს გაიმართება.
ბოლტის გარდა, საგამოფენო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ წარსულში ცნობილი კალათბურთელები, მაგალითად, დიკემბე მუტომბო და კლაიდ დრექსლერი, ქალთა NBA-ის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები და ჟურნალისტები. ასევე გავა მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მინისტრი არნე დუნკანი.
გუნდების მწვრთნელები იქნებიან 2013 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეები - ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი") და რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"). მათ დაეხმარებიან მომღერალი ქუინ ლატიფა და ტელეწამყვანი სამანტა ჰარისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ვინ ჩატენის "ოლ სტარზე"?