NBA. "ყველა ვარსკვლავის უქმეები": შოუ ჰიუსტონში [VIDEO]

AutoSharing Option
ჰიუსტონში გასამართი შოუს კულმინაცია უნდა ყოფილიყო "ყველა ვარსკვლავის მატჩი", მანამდე კი, ტრადიციულად, "ოლ სტარს" წინ უძღოდა კონკურსები, რომელშიც NBA-ს მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბურთის სროლაში, ტარებაში, ჩატენვაში...

რა თქმა უნდა, ყველაზე სანახაობრივი ჩატენვების შესრულებაა. აქ გამარჯვებული გამოვიდა ლიგის ახალბედა ტერენს როსი, რომელმაც შარშანდელი ჩემპიონი ჯერემი ევანსი დაამარცხა.

"ტორონტოს" კალათბურთელს არ გამოუყენებია ორი ბურთი, არ გადაახტა ავტომობილს ან მოტოციკლს, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ჰიუსტონში ასეთი რამ არავის გაუკეთებია, რითაც როსმა კარგად ისარგებლა. ის, უბრალოდ, თავზე გადაახტა ბავშვს და ისე ჩატენა ბურთი,
რითაც ხმების 58 პროცენტი მიიღო. "იუტას" წევრ ევანსს კი, შესაბამისად, 42 პროცენტი ერგო.

VideoSportall.Ge
NBA ALL-STAR - SLAM DUNK


ეს იყო დღის ბოლო კონკურსი, საღამო კი სროლებში შეჯიბრით დაიწყო. აქ მონაწილეებს ექვსი სხვადასხვა პოზიციიდან უნდა მოეთავსებინათ ბურთი კალათში, მათ შორის, ერთი მოედნიდან მეორეში. კონკურსი ორი რაუნდისგან შედგებოდა. პირველ რაუნდში ორ-ორი გუნდი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფინალში გასასვლელად იბრძოდა.

საბოლოოდ, საჩემპიონო რაუნდში გადავიდნენ აღმოსავლეთის გუნდი კრის ბოშის, NBA-ს ვარსკვლავის, სუონ კეშისა და ყოფილი მოთამაშის, დომინიკ უილკინსის შემადგენლობით. მათ უპირისპირდებოდნენ დასავლეთის გუნდის წევრები: რასელ უესტბრუკი, NBA-ს შვიდგზის ჩემპიონი რობერტ ორი და ქალთა NBA-ს ვარსკვლავი ტამიკი კატჩინსი.

უფრო ზუსტი აღმოსავლეთი აღმოჩნდა. თან ბოშის გუნდში საკუთარი ნახევრიდან ბურთის ჩაგდება მოახერხა უილკინსმა. დასავლელებმა კი ეს ვერ მოახერხეს და 10 ქულით აღმოსავლეთმა გაიმარჯვა.

NBA ALL-STAR - EAST-WEST 138:143 (მიმოხილვა)

VideoSportall.Ge
NBA ALL-STAR - EAST-WEST 138:143 (მიმოხილვა)


ოსტატობის კონკურსში, სადაც საჭირო იყო არა მხოლოდ კალათში ჩაგდება, არამედ ბურთის მოედანზე განთავსებულ სამიზნეებში გაძვრენა, საუკეთესო გახდა "პორტლენდის" დებიუტანტი დამიელ ლილარდი. ის პირველი ახალბედაა ამ კონკურსის ისტორიაში, ვინც გამარჯვება მოახერხა. ფინალში ლილარდი ფილადელფიელ ჯრიუ ჰოლიდეის ებრძოდა და მასზე 5.8 წამით სწრაფი იყო.

სამქულიანების ტრადიციული კონკურსი "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა მოიგო. მან ფინალში "სან ანტონიოს" კალათბურთელი მეტ ბონერი დაამარცხა. ფინალის მსვლელობისას ირვინგმა უშეცდომოდ ისროლა სამქულიანის ხაზის გასწვრივ განლაგებული ორი წერტილიდან და საბოლოოდ, ბონერზე სამით მეტი ქულა დააგროვა.

წელს "ყველა ვარსკვლავის უქმეების" კონკურსები ახალი ფორმატით ტარდებოდა. შეჯიბრებებში ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ხვდებოდნენ. ყველა ქულის შეჯამების შემდეგ აღმოსავლეთმა 140:125 გაიმარჯვა.

* * *
ამ კონკურსებამდე ერთი დღით ადრე კი გაიმართა მატჩი დებიუტანტებსა და "მეორეწლიანებს" შორის. ისევე, როგორც შარშან, გუნდების შემადგენლობები სპეციალური დრაფტის მეშვეობით შაკილ ო'ნილმა და ჩარლზ ბარკლიმ დააკომპლექტეს და ზედიზედ მეორედ გამარჯვება ბარკლის გუნდმა მოიპოვა - 163:135.

VideoSportall.Ge
ვარსკვლავური მატჩი NBA-ში - Team Shaq vs Team Chuck


თამაში ორი 20-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. მოედანზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო ჩაკის გუნდის წევრი კენეტ ფარიდი, რომელმაც 40 ქულა დააგროვა და 10 მოხსნა შეასრულა. სწორედ "დენვერის" ფორვარდი გახდა მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. მან ეს ტიტული შარშანდელ MVP-ს კაირი ირვინგს ჩამოართვა, რომელმაც ამჯერად 32 ქულა დააგროვა.

მატჩის ატმოსფეროს კარგად გამოხატავს ბოლო წუთები, რომელიც ჩატენვების იმპროვიზებულ ტურნირად გადაიქცა. აქაც გამარჯვებული ფარიდი გამოვიდა, რომელმაც ოთხი ფანტასტიკური "სლემ-დანკი" შეასრულა.

ამავე დღეს გაიმართა შოუბიზნესის ვარსკვლავთა შეხვედრა. ამ მატჩის სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი, იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი. ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა აღიარა, რომ არ ელოდა ასეთ დაძაბულ შეხვედრას, რომელიც მისმა გუნდმა 38:58 წააგო. "რატომღაც ყველა ზედმეტად სერიოზული იყო", - ამბობდა თამაშის შემდეგ ბოლტი.

ჩაკის გუნდი-შაკის გუნდი 163:135
90:66, 73:69
ჩ: ფარიდი (40+10 მოხსნა), ლეონარდი (20), ტ. ტომპსონი (20+10 მოხსნა), ტომასი (18+10 პასი), ვუჩევიჩი (15), შვედი (12), ბილი (12), დევისი (11), ნაითი (10), რუბიო (5+10 პასი).
შ: ირვინგი (32), უეიტერსი (23), ლილარდი (18), პარსონსი (13), ბარნსი (12), კ. ტომპსონი (11), კიდ-გილკრისტი (8), უოკერი (8), ნიკოლსონი (6), ზელერი (4), დრამონდი (0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვარსკვლავური მატჩი NBA-ში - Team Shaq vs Team Chuck [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული