NBA. "ყველა ვარსკვლავის მატჩი": შეჩერებული ლებრონი და საუკეთესო პოლი

AutoSharing Option
2013 წლის 17 თებერვალს 50 წელი შეუსრულდა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს. ასეთ დღეს NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ჩატარება სიმბოლური იყო.

პირველივე შეტევა ბლეიკ გრიფინის ბრწყინვალე დანკით დასრულდა და დასავლეთი წინ დიდი ხნით გავიდა. პირველ ნახევარში რთული იყო MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში მკაფიო ფავორიტის დასახელება. ჩამოყალიბდნენ ლიდერები ქულების მხრივ, მაგრამ ყველას ფონზე გამორჩეული იყო კრის პოლის ცხრა შედეგიანი პასი. სწორედ მისი გადაცემებით იყო განპირობებული გრიფინის შედეგიანობა.

მესამე მეოთხედი გუნდების შორეული არტილერიის დაპირისპირებად გადაიქცა, მაგრამ აქაც რთული იყო რომელიმე კალათბურთელის გამორჩევა,
რომელიც, მაგალითად, 4-5 სამქულიანს ჩააგდებდა მეოთხედში. სხვათა შორის, ლებრონმა ამ მხრივ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" რეკორდი დაამყარა - 23-ე სამქულიანი ჩააგდო და რეი ალენის შედეგი გააუმჯობესა. პირველ სამ მეოთხედში რვა ქულაზე დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ დასავლეთის უპირატესობა მაინც იგრძნობოდა. მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაიზარდა ამ გუნდის სასარგებლოდ სხვაობა 10 ქულამდე.

სხვათა შორის, გუნდებმა შესრულებული სამქულიანების რაოდენობით გააუმჯობესეს შარშანდელი რეკორდი - 71 შორეული ტყორცნა 66-ის წინააღმდეგ, მაგრამ ზუსტი სამქულიანების მიხედვით რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა, მხოლოდ განმეორდა (26).

ბოლო მეოთხედში აღმოსავლეთის რიგებში გამოირჩეოდნენ პოლ ჯორჯი და კაირი ირვინგი, რომლებმაც ერთად ექვსიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდეს და 14 ქულა დააგროვეს. დასავლეთში კი დამაჯერებლად მიდიოდა MVP-ის პირველი ტიტულისკენ კრის პოლი. ბოლო 12-წუთეულში მან 9 ქულა დააგროვა, ორჯერ სამქულიანი მოათავსა კალათში, აქედან ერთ-ერთი ნოას მხრიდან ზედმეტად აქტიური მეურვეობის მიუხედავად - ჩიკაგოელმა ცენტრმა ცხვირში იდაყვი ჩაარტყა "კლიპერსის" გამთამაშებელს.

ამასობაში ლებრონ ჯეიმსმა ოთხი სროლა ააცილა მიზანს. ასეთი უზუსტობის მიზეზი გახდა კობი ბრაიანტი, რომელიც იმ საღამოს ვერ ბრწყინავდა შედეგიანობით. სამაგიეროდ, "შავმა მამბამ" შესანიშნავი დაცვა ითამაშა ჯეიმსის წინააღმდეგ და ორჯერ დაუფარა მას. სხვათა შორის, ლებრონმა თამაშიდან 38.9 პროცენტის სიზუსტით ისროლა, არადა, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთ მატჩში ჰქონდა 40-ზე ნაკლები პროცენტი.

მატჩის ბოლოს იყო ტაიმ-აუტები და დაძაბული დასასრული, მაგრამ 25 წამით ადრე, "მინუს ხუთზე" პოლ ჯორჯის აცილებული სამქულიანის შემდეგ, შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. დასავლეთმა ზედიზედ მესამედ დაამარცხა აღმოსავლეთი. MVP 20 ქულითა და 15 შედეგიანი პასით კრის პოლი გახდა. ის პირველი გამთამაშებელია ალენ აივერსონის (2004) შემდეგ, ვინც ეს საპატიო ჯილდო მოიგო. პოლი დღემდე უყვართ ნიუ ორლეანში - 2014 წლის "ყველა ვარსკვლავის უქმეების" დედაქალაქში.

დასავლეთი-აღმოსავლეთი 143:138
31:26, 38:39, 39:39, 35:34
დ: დურანტი (30+6 მოხსნა), პოლი (20+15 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (19), ჰარდენი (15+6 მოხსნა), უესტბრუკი (14), პარკერი (13+5 პასი), ჰოვარდი (9+7 მოხსნა), ბრაიანტი (9+8 პასი), ლი (6), რენდოლფი (6+5 მოხსნა), დანკანი (2), ოლდრიჯი (0).
ა: ენტონი (26+12 მოხსნა), უეიდი (21+7 პასი), ჯეიმსი (19+5 პასი), ჯორჯი (17), ირვინგი (15), დენგი (10), ნოა (8+10 მოხსნა), ჩენდლერი (7+8 მოხსნა), ჰოლიდეი (6), ბოში (6), ლოპესი (3+5 მოხსნა), გარნეტი (0).

VideoSportall.Ge
NBA ALL-STAR - EAST-WEST 138:143 (მიმოხილვა)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. "ყველა ვარსკვლავის უქმეები": შოუ ჰიუსტონში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული