რეალურად, მატჩში ინტრიგა მეორე ტაიმიდან მოყოლებული არ ყოფილა. ამ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ "ბულზს" სერიოზული პრობლემები აქვს შეტევაში. გუნდს არაფერი გამოსდიოდა სამწამიანში და საშუალო და შორეული ტყორცნების სიზუსტის პროცენტიც კატასტროფულად დაბალი ჰქონდა. მთელი მატჩის განმავლობაში, "ხარებმა" სამწამიანის გარედან მხოლოდ ცხრა ბურთი
"ბულზის" შეტევა ძალიან ძლიერ დაცვას გადაეყარა. ფარქვეშ ბრძოლაში "ჰიტმა" მხოლოდ სამი მოხსნით ნაკლები დააგროვა ნოას, გიბსონისა და ბუზერის სამეულის წინააღმდეგ, გარდა ამისა, სტუმრებმა სეზონის რეკორდი დაამყარეს, როცა "ჩიკაგოს" 26 შეცდომა დააშვებინეს. ეს ყველაფერი "ხარებს" 24 გაშვებულ ქულად დაუჯდათ.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, "ჰიტმა" "ჩიკაგო", ძირითადად, დაცვის ხარჯზე დაამარცხა. "მაიამის" უკვე სამი წელია არ გაუშვია 67 ქულა (2010 წელს, "ჰიუსტონმა" ჩააგდო 66 ქულა). თუმცა პირველი მეოთხედის მსვლელობისას რთული იყო იმის თქმა, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა. მაგრამ "ჩიკაგომ", რომელმაც ბოლო შვიდ მატჩში ხუთი წააგო, მეორე მეოთხედში პრესინგს ვერ გაუძლო და თან 9 შეცდომა დააგროვა. დიდი შესვენებისთვის ტიბოდოს გუნდის აქტივში 17 შეცდომა იყო – უფრო მეტი, ვიდრე თამაშიდან რეალიზებული ტყოცნების რაოდენობა. ამის შემდეგ, "მაიამი" კარგად აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას და მასპინძლებმა ამას ვერც ერთი გაქცევით ვერ უპასუხეს. ოდნავი გამოცოცხლება შეინიშნებოდა მესამე მეოთხედის შუაში, როცა "ბულზის" ჩამორჩენა ერთნიშნა გახდა, მაგრამ იქვე საქმეში ჩაერთო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ზედიზედ ოთხი შეტევა ზუსტი ტყორცნით დაასრულა. მთელი მატჩის განმავლობაში, "მეფემ" 13-დან ცხრა ტყორცნა მოათავსა კალათში. 9-მატჩიან მოგებათა სერიაში მისი თამაშიდან სროლების სიზუსტე 67 პროცენტს უდრის (მათ შორის, სამქულიანები – 47 პროცენტი). ზედიზედ 17 შეხვედრაა, ლებრონი 20-ზე მეტ ქულასა და 10-ზე მეტ მოსხნას აგროვებს.
* * *
ინტრიგა არც დღის მეორე მატჩში ყოფილა, რადგან "სან ანტონიომ" სტუმრად მიწასთან გაასწორა "კლიპერსი" ბრწყინვალედ ორგანიზებული დაცვისა და კარგად დაყენებული შეტევის წყალობით. უკვე პირველ მეოთხედში გამოიკვეთა ფავორიტი. ტონი პარკერი, ლებრონ ჯეიმსის მსგავსად, ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება. ბოლო ხუთ მატჩში მესამედ ფრანგმა მინიმუმ 30 ქულა დააგროვა, მისმა გუნდმა კი ბოლო 17 მატჩში მეთექვსმეტედ მოიგო, ამასთან ზედიზედ ხუთჯერ და შეწყვიტა "კლიპერსის" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
პარკერმა მთლიანად აჯობა "ოლ სტარტის" MVP-ს კრის პოლს, რომელმაც თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო. ფაქტობრივად, მატჩში ბრძოლა არ ყოფილა. სტუმრებმა პირველ ტაიმში თამაშიდან სროლების 63 პროცენტი გამოიყენეს და მათმა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია. შემდეგ სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა. "კლიპერსის" შემადგენლობაში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც თავისიანებს აიყოლიებდა და თამაშში გარდატეხის შეტანას ეცდებოდა. როგორც ვთქვით, პოლს თამაში არ წაუვიდა, გრიფინი ფარქვეშ ბრძოლისას სერიოზულად შეავიწროვეს, კროუფორდმა და ბარნსმა კი ჩვეული სტატისტიკა დააფიქსირეს, მაგრამ გუნდის თამაში ვერ გამოაცოცხლეს.
ჩიკაგო-მაიამი 67:86
22:22, 13:23, 19:20, 13:21
ჩ: რობინსონი (14), ბუზერი (12+11 მოხსნა), ნოა (11+8 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა).
მ: ჯეიმსი (26+12 მოხსნა+7 პასი), უეიდი (17+8 მოხსნა+5 პასი), ბოში (12), ალენი (11).
კლიპერსი-სან ანტონიო 90:116
21:34, 22:24, 21:34, 26:24
კ: ბარნსი (18+6 მოხსნა), გრიფინი (17+8 მოხსნა), კროუფორდი (15+6 პასი), ბატლერი (11).
ს-ა: პარკერი (31+7 პასი), გრინი (15+7 პასი), სპლიტერი (10), ჯინობილი (10).
მოკრძალებული დედლაინი
სატრანსფერო ბაზრის ბოლოს დღეს ყველა მოუთმენლად ელოდა. ბევრი ჭორი დადიოდა მოსალოდნელი გარიგებების შესახებ, მაგალითად, კევინ გარნეტის წასვლაზე "ბოსტონიდან". როგორც წერდნენ, ვეტერანზე პრეტენზიას აცხადებდა "კლიპერსი". თუმცა საქმეში ჩაერია NBA-ის ხელმძღვანელობა და ტრანსფერი არ შედგა.
მოსალოდნელი იყო ცენტრ დუაიტ ჰოვარდის გაცვლა, რომელიც ჯერ ვერ მოერგო "ლეიკერსს". ამასთან, "სუპერმენს" დაძაბული ურთიერთობა აქვს კალიფორნიული კლუბის ლეგენდასთან კობი ბრაიანტთან. თუმცა ჰოვარდს არ მოუწია ჩემოდნების ჩალაგება.
თითქმის დარწმუნებით ლაპარაკობდნენ ჯოშ სმიტის "ატლანტადან" წასვლის შესახებ, რადგან ის ამ სეზონის შემდეგ შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება. მაგრამ "ატლანტამ" არ მოისურვა ამ კალათბურთელის სხვა გუნდში გაშვება და სმიტი სეზონის ბოლომდე დაიტოვა.
საბოლოოდ, დედლაინი საკმაოდ მოკრძალებული გამოვიდა. ასე მაგალითად, "მილუოკიმ" მცველები ბენო უდრიხი და დორონ ლემბი, აგრეთვე ფორვარდი ტობიას ჰარისი "ორლანდოს" გაუცვალა მცველებში - ჯეი ჯეი რედიკში და ისმაიო სმიტში, ასევე ცენტრ გუსტავო აიონში. ამ გარიგებეში წამყვანი ფიგურები, ბუნებრივია, უდრიხი და რედიკი არიან.
"ტორონტომ" "ფინიქსში" გაუშვა ცენტრი ჰამედ ჰადადი და სანაცვლოდ მიიღო გამთამაშებელი სებასტიან ტელფეირი. მიმდინარე სეზონში ტელფეირი 6 ქულას, 1.5 მოხსნასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
"შარლოტმა" ჰაკიმ უორიკი გაიმეტა და მას ფორვარდი ჯოშ მაკრობერტსი ამჯობინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში უორიკის სტატისტიკა 6.9 ქულა და 3.2 მოხსნაა, მაკრობერტსისა - 3.8 ქულა და 3.3 მოხსნა.
თავის მხრივ, "ნიუ იორკმა" "ოკლაჰომას" მისცა მცველი რონი ბრიუერი, სანაცვლოდ კი მიიღო მომავალი დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება. ამ გარიგებით "ნიუ იორკმა" შემადგენლობაში გაანთავისუფლა ადგილი კენიონ მარტინისთვის, რომელმაც უახლოეს დღეებში უნდა გააფორმოს კონტრაქტი "ნიქსთან". 35 წლის ფორვარდი, რომელმაც გასული სეზონი "კლიპერსში" გაატარა, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
"ბოსტონმა" მცველი ლეანდრო ბარბოზა და ცენტრი ჯეისონ კოლინზი "ვაშინგტონს" გაუცვალა მცველ ჯორდან კროუფორდში. ბარბოზა, რომლის კონტრაქტი 2013 წლის ივლისამდეა ძალაში, სეზონის დარჩენის ნაწილს გამოტოვებს მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. რაც შეეხება 24 წლის კროუფორდს, ის ამ სეზონში 13.2 ქულას, 3.1 მოხსნასა და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
კლეიზასთვის კარიერა დასრულდა?
"ტორონტო რეპტორზის"ლიტველი ფორვარდი ლინას კლეიზა, შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ გავიდეს მოედანზე.
ამ ინფორმაციას ლიტვური პრესა ავრცელებს და გვახსენებს, რომ კლეიზას გასული წლის დეკემბრიდან არ მოუღია მონაწილეობა ოფიციალურ მატჩებში. როგორც ირწმუნებიან, მუხლის მორიგი ტრავმის შემდეგ, კალათბურთელი ვერ მოასწრებს აღდგენას NBA-ის მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე. უფრო მეტიც, ამ მომენტისთვის გაურკვეველია 28 წლის ლიტველის მომავალი კარიერის ბედი.
უფრო ადრე, კლეიზა ამტკიცებდა, რომ მიმდინარე სეზონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ლიტვის ნაკრების რიგებში ჯერ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე, შემდეგ კი ოლიმპიადაზე გამოსვლამ გამოიწვია. ასეთი დაძაბული გრაფიკის გამო, ტორონტოელმა გასულ ზაფხულს სათანადოდ დასვენება ვერ შეძლო. მაგრამ სულ სხვა ინფორმაცია აქვთ ჟურნალისტებს. ისინი წერენ, რომ არც ისე წარმატებული იყო ოპერაცია, რომელიც კლეიზამ 2011 წელს ტრავმირებულ მუხლზე გადაიტანა. იქედან მოყოლებული, ლიტველი სრული დატვირთვით ვეღარ თამაშობს.
არ არის გამორიცხული, ლიტველს კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა მოუწიოს. შესაბამისად, თითქმის გამორიცხულია კლეიზას თამაში 2013 წლის ევრობასკეტზე.
ლინასმა წლევანდელ სეზონში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.4 ქულა და 2.6 მოხსნა დააგროვა.
კირილენკომ დაადასტურა: ევრობასკეტზე არ ითამაშებს
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთის ნაკრების ლიდერი, "მინესოტას" ფორვარდი ანდერი კირილენკო არ ითამაშებს წელს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ამის შესახებ კალათბურთელმა ოფიციალურად გამოაცხადა.
"არ მინდოდა დიდი ხნით დაძაბულობაში დამეტოვებინეთ. მნიშვნელოვანი იყო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მალე შეეტყო ყველას - მწვრთნელებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს... ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა. მით უმეტეს, რომ ნაკრებში ახლა სხვა ლიდერთა დრო დგება. ესენი არიან: შვედი, კარასიოვი და სხვები. თან დღევანდელ ვეტერანებს - ხრიაპას, მონიასა და ფრიძონს ჯერ არ უთქვამთ საბოლოო სიტყვა.
ფედერაციის ხელმძღვანელობას უკვე გამოვუცხადე, რომ უახლოეს ევრობასკეტზე არ ვითამაშებ და ნაკრების თემას ერთ-ორ წელიწადში დავუბრუნდები", - განაცხადა კირილენკომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლებრონი: მინდა, ყველა დროის საუკეთესო ვიყო