სან ანტონიო
2007 წელს მოგებული ჩემპიონობის შემდეგ, "სპურსი" თანდათან რეგრესის გზას დაადგა. გუნდი ყოველ წელს ცდილობს შემადგენლობის გადახალისებას, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. შარშან ჯეფერსონმა, მაკდაესმა და ბლეირმა "სან ანტონიო" კონფერენციის ფინალში ვერ გაიყვანეს, მაგრამ მთავარი მიზეზი ლიდერთა ჯანმრთელობაშია. ტიმ დანკანი, ტონი პარკერი და
წელს კლუბის მთავარი შენაძენი გახდა ტიაგო სპლიტერი, რომელმაც, როგორც იქნა, გაბედა NBA-ში გადასვლა. "სპურსს" ამ გარიგებით დიდი სარგებლობა ექნება. ტეხასელებმა იპოვნეს კალათბურთელი, რომელიც დიდი სამუშაოსგან გამოანთავისუფლებს ტიმ დანკანს და ვეტერან ლიდერს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
ლიდერთა "ხანდაზმულ" ასაკს თუ გავითვალისწინებთ, "სან ანტონიოსგან" რეგულარულში დიდ გმირობებს არ უნდა ველოდოთ. გუნდი შარშანდელი "ბოსტონის" ტაქტიკას აირჩევს, ჩემპიონატში ძალებს დაზოგავს და პლეი ოფში შეეცდება ბოლომდე დახარჯვას.
არ არის გამორიცხული ტრეიდი ტონი პარკერის მონაწილეობით. მისი დუბლიორი ჯორჯ ჰილი სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ამის წყალობით კლუბის მენეჯმენტმა ფრანგის სანაცვლოდ, შესაძლოა, სხვა ამპლუის კარგი მოთამაშე მიიღოს.
ყოველი სეზონის წინ "სან ანტონიოს" ფავორიტთა რიცხვს მიაკუთვნებენ, თუმცა ბოლო დროს ეს მხოლოდ "ხმაურიანი" სახელის გამო კეთდებოდა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დანკანის ეპოქა დასასრულს უახლოვდება და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა არ მოისურვებს მეხუთე ტიტულის გარეშე პენსიაში გასვლას.
დალასი
შარშან "მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა პირველად სცადა გუნდის თამაში მთლიანად დირკ ნოვიცკიზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. კლუბმა ტრეიდი განახორციელა "ვაშინგტონთან" და ბრენდონ ჰეივუდითა და კერონ ბატლერით გააძლიერა შემადგენლობა. ამის შემდეგ "დალასზე", როგორც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთადერთ ალტერნატივაზე დაიწყეს ლაპარაკი. მაგრამ ყველაფერი მორიგი კრახით დასრულდა. რიკ კარლაილი ათასგვარ სქემას ხაზავდა, მაგრამ კვლავინდებურად ყველაფერი მაინც დირკზე იყო დამოკიდებული. გერმანელი მარტო თამაშობდა რეგულარულშიც და პლეი ოფშიც და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა - "დალასი" პლეი ოფის პირველივე რაუნდში დამარცხა "სან ანტონიასთან".
ზაფხულში გუნდის მთავარი ამოცანა ნოვიცკის შენარჩუნება იყო, თუმცა დირკს სხვაგან წასვლა არც უფიქრია. კლუბმა, როგორც იქნა, მოიშორა მაღალხელფასიანი ერიკ დამპიე, მის ადგილზე აყვანილ ტაისონ ჩენდლერსაც არ აქვს დაბალი ჯამაგირი - 12 მილიონი, მაგრამ ამ უკანასკნელს გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
საერთო ჯამში, "დალასს" კარგი შემადგენლობა ჰყავს, რომლითაც შესაძლებელია მინიმუმ კონფერენციის ფინალში გასვლა. მაგრამ ამდენი წარუმატებლობების შემდეგ, ბევრს აღარ სჯერა "კოვბოების" წარმატების. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რიკ კარლაილის მუშაობაზე, რომელმაც ნოვიცკიზე დამოკიდებულების სინდრომი უნდა მოუხსნას კლუბს. თუ ამას ვერ შეძლებს და თან შედეგიც არ იქნება, შესაძლოა, დიდი ტრეიდიც ვიხილოთ...
ნიუ ორლეანი
შარშანდელი სეზონი ამ გუნდისთვის კოშმარული იყო - პლეი ოფის მიღმა დარჩენა, კრის პოლის მუდმივი ტრავმები, სტოიაკოვიჩისა და ოკაფორის ჩავარდნა, სამწვრთნელო პრობლემები და გენერალური მენეჯერის შეცვლა. ამ ყველაფერმა "ჰორნეტსი" იქამდე მიიყვანა, რომ გუნდმა მხოლოდ 37 მატჩი მოიგო.
ამ ჩავარდნის შემდეგ გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა პოლმა ულიტამტუმი წამოაყენა - თუ შემადგენლობა არ გაძლიერდებოდა, გამთამაშებელი უფრო ამბიციურ კლუბში გადავიდოდა. ამიტომაც ახალმა გენერალურმა მენეჯერმა დელ დემპსიმ და მთავარმა მწვრთნელმა მონტი უილიამსმა ყველანაირად სცადეს ვარსკვლავის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა დიდი გასაქანი არ ჰქონდათ სტოიაკოვიჩისა და ოკაფორის მაღალი ხელფასების გამო (ორივე ერთად წელიწადში 25 მილიონს იღებს). "ნიუ ორლეანი" გამოეთხოვა ლიგის ერთ-ერთი უნიჭიერესს ფლეიმეიკერს დარენ კოლისონს, მაგრამ მათ პოლი ჰყავთ და ამაზე არც უნდა ინაღვლონ. სამაგიეროდ, გუნდმა ტრევორ არიზას სახით კარგი მცველი მიიღო.
ასევე გააძლიერებს გუნდს მარკო ბელინელი, თუმცა სერიოზული დანაკლისიც არის პერსპექტიული მარკუს ტორნტონის სახით და ჯერ უცნობია, ვინ ითამაშებს სასტარტოში შემტევი მცველის ადგილზე. საერთო ჯამში, გუნდი უფრო გაძლიერდა, ვიდრე დასუსტდა. ამ შემადგენლობის მიხედვით, "ჰორნეტს" ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი უნდა ჰქონდეს სამქულიანებში, თუ რა თქმა უნდა, სტოიაკოვიჩი შარშანდელივით 200 შორეულ ტყორცნას არ ააცილებს.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კრის პოლის ჯანმრთელობაზე - მის გარეშე გუნდი პრაქტიკულად გამთამაშებლის გარეშე დარჩება. მოსაგვარებელია ფარქვეშ თამაში - შარშან "ჰორნეტსი" 25-ე ადგილზე იყო მოხსნების რაოდენობით. ამაში დამნაშავე ოკაფორის ცუდი თამაში იყო და ახლა ამ ცენტრისგან მწვრთნელები პროგრესს ელიან.
"ნიუ ორლეანი" ურთულესი დივიზიონის წევრია და თითქოს პრობლემატური უნდა იყოს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს გუნდი იმითაც არის ცნობილი, რომ მის მიმართ პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთული იყო.
ჰიუსტონი
ტრეისი მაკგრეიდის მასშტაბური ტრეიდით "ჰიუსტონმა" დაგვანახა, რომ გუნდმა გარდაქმნის გზა აირჩია. თუმცა ბევრი ვერ შეურიგდა კარლ ლენდრის გაშვებას და ფიზიკურად სუსტ კევინ მარტინზე აქცენტის გაკეთებას.
წელს დრაფტზე გუნდმა მე-14 ნომრად პატრიკ პატერსონი აირჩია. მწვრთნელ რიკ ადელმანს უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა და ეჭვი არავის ეპარება, რომ გამოცდილი სპეციალისტი აათამაშებს ახალგაზრდა კალათბურთელს. სხვა შენაძენებიდან აღსანიშნავია ბრედ მილერი. ადელმანისა და ბრედის გზა ერთხელ გადაიკვეთა "საკრამენტოში", ამიტომაც ყველა დარწმუნებულია, რომ მილერი იაო მინის კარგი დუბლიორი გახდება, უბრალოდ ვეტერანის სამსახურისთვის "ჰიუსტონს" იმაზე მეტი თანხის გაღება დასჭირდა, ვიდრე ამას ბრედი იმსახურებდა.
დანაკარგებიდან აღსანიშნავია ტრევორ არიზა, რომელიც აშკარად არ გამოადგა "როკეტს". მის ადგილს ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი - ჩეიზ ბადინგერი დაიკავებს.
ყოველი სეზონის წინ "ჰიუსტონისგან" ექსპერტები და გულშემატკივრები ბევრს ელიან, მაგრამ ტეხასელებს მუდმივად იღბალზე წუწუნი უწევთ. ახლაც, წესით "რაკეტებმა" იოლად უნდა შეაღწიონ პლეი ოფში, თუნდაც იაოს შეზღუდულიი სათამაშო დროის ფონზე. მაგრამ ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩინელი და გუნდის მეორე ლიდერი კევინ მარტინი ტრავმას არ მიიღებენ. ერთ-ერთის მწყობრიდან გამოსვლა ხაზს გადაუსვამს ჰიუსტონელთა საპლეიოფო იმედებს.
მემფისი
ზაფხულში კლუბის მენეჯმენტის მთავარი "მიღწევა" იყო რუდი გეისთან გაფორმებული მაქსიმალური კონტრაქტი. თუმცა ეს საკამათო გადაწყვეტილებაა: ერთის მხრივ, ის ახალგაზრდაა და ქულებსაც საკმარისად აგროვებს, მაგრამ გეის ნაკლი ისაა, რომ არ უყვარს სხვებთან ქულების გაყოფა. კიდევ ერთი სიახლეა "ბოსტონიდან" ტონი ალენის გადაბირება, რომელიც გუნდის "მეექვსე ნომერი" გახდება და დაცვას გააძლიერებს.
იმის გამო, რომ შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა, კლუბის ხელმძღვანელობის იმედები არსებული კადრების პროგრესს ემყარება - "მემფისს" ჯერაც ახალგაზრდა კალათბურთელები ჰყავს. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნა დიდი რისკია, მით უმეტეს, რომ გუნდის ლიდერ ზაკ რენდოლფს ასაკიც ემატება და სტაბილურობითაც ვერ დაიკვეხნის. მან ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააღალატოს თავისი გუნდი მოედნის ფარგლებს გარეთ.
"მემფისს" მომავალი სეზონის ბოლოს ორ მაღალ კალათბურთელთან - რენდოლფთან და მარკ გასოლთან კონტრაქტის გაფორმება უწევს. ამ დუეტს გეიზე ნაკლები მადა არ ექნება და ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობას 25-30 მილიონის გამოყოფა. შესაბამისად, გაჭირდება მაიოსა და კონლის შენარჩუნება. შესაბამასად, უნდა ვივარაუდოთ, რომ "დათვები" ტრეიდების ბაზარზე იაქტიურებენ. პირველ რიგში, დღის წესრიგში იქნება რენდოლფის ტრეიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"