NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" დაცვა უნდა ისწავლოს

AutoSharing Option
"ლეიკერსმა" ბოლო ორ დღეში გამართულ მეორე მატჩში თავისი მთავარი პრობლემის შესახებ შეგვახსენა – დაცვითი მოქმედება სწრაფი გარღვევების წინააღმდეგ (ბოლო ადგილი ლიგაში ამ მაჩვენებლით) და საკუთარი სამწამიანი ზონის დაცვა (27-ე ადგილი, იმის მიუხედავად, რომ ამ გუნდში დუაიტ ჰოვარდი თამაშობს).

"ნაგეტსმა", რომელიც ამ კომპონენტებში ქულების დაგროვების მთავარი სპეციალისტია (პირველი ადგილი ორივე კომპონენტში), კარგად გამოიყენა კალიფორნიელთა ეს ორი ნაკლი. ამიტომაც კობისა და კომპანიას ვერ დაეხმარა თამაშიდან სროლების ბრწყინვალე რეალიზაცია (55 პროცენტი) და სამქულიანების გამოყენების 42 პროცენტი.

"ნაგეტსმა" სწრაფი გარღვევებით 33 ქულა დააგროვა ("ლეიკერსს"
სამი ქულა ჰქონდა), მეტოქის სამწამიანიდან კი კალიფორნიელებს 78 ქულა ჩაუგდო. ბრაიანტის მორიგი გმირობა მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ თავისი გუნდის ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეემცირებინა (სათამაშო რჩებოდა ხუთი წუთი), მაგრამ ამას კოლორადოელების მხრიდან მილერმა და იგუოდალამ უპასუხეს, ჩენდლერმა კი სირენამდე 2.25 წუთით ადრე ზუსტი სამქულიანით სხვაობა 14 ქულამდე აიყვანა. ამით მან კიდევ ერთი ნაბიჯით დააშორა "ლეიკერსი" პლეი ოფის ზონას.

* * *
თუმცა წააგო პლეი ოფის მერვე საგზურისთვის ბრძოლაში "ლეიკერსის" ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა, თანაც, თავის მოედანზე, რაც "იუტას" იშვიათად ემართება ხოლმე. თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ მთლიანად "ბოსტონის" ბრწყინვალე თამაში. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა გამარჯვებას ამ სეზონში საუკეთესო უწოდა.

თუმცა "კელტებმა" სერიოზულად გარისკეს, როცა ბოლო მეოთხედში მოდუნდნენ და "ჯაზმენებს" თანაფარდობის აღდგენის საშუალება მისცეს. რაღაც მომენტში, "სელტიქსის" რეალიზაცია ბოლო მეოთხედში 11-დან ორი ზუსტი სროლა იყო, პირსი კი ვერაფრით ახვედრებდა კალათში ბურთს. "სელტიქსი" ფონს გადიოდა საჯარიმოების სიზუსტით და დაცვაში კარგი თამაშით. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პირსს ისევ ეპოვა თამაში და "ბოსტონის" შეჩერება შეუძლებელი გახდა.

თავიდან პოლმა სირენამდე 36 წამით ადრე საშუალო სროლა გამოიყენა და თავის გუნდს უპირატესობა მოუპოვა, შემდეგ კი ოვერტაიმში პირადად მოაწყო 7:0 გაქცევა, რითაც "მწვანეებს" გამარჯვება მოუტანა.

კევინ ლავი: დაბრუნება მარტში
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ერთ-ერთი ლიდერი კევინ ლავი აგრძელებს ხელის ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს. ფორვარდმა დაზიანება იანვრის დასაწყისში მიიღო. ლავი იმედოვნებს, რომ შეძლებს მიმდინარე სეზონში დაბრუნებას და რეგულარულის ბოლო 15-20 მატჩის ჩატარებას.

"პროგრესი სახეზეა, - ამბობს ლავი. – მალე დავიწყებ მუშაობას სროლაზე. იმედია, რომ მარტში დავბრუნდები მოედანზე. დასვენებამ კი მხოლოდ სარგებლობა მომიტანა".

მიმდინარე სეზონში "მგლების" ფორვარდმა 18 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ ის 18.3 ქულითა და 14.0 მოხსნით ეხმარებოდა თავის გუნდს.

როდმანი ჩრდილოეთ კორეაში მიდის
NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, სკანდალურად ცნობილი დენის როდმანი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა და იქ მონაწილეობას მიიღებს ტელეშოუს ჩაწერაში, რომელიც HBO-ს ეთერში აპრილში გავა.

51 წლის ყოფილი კალათბურთელი დღეს ჩაფრინდება ფხენიანში. როდმანთან ერთად იქნება გუნდ "ჰარლემ გლობტროტერსის" სამი მოთამაშე, აგრეთვე გადამღები ჯგუფი. ტელევიზიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ "საკალათბურთო დიპლომატია" გაამართლებს ჩრდილოკორეელებთან ურთიერთობაში.

პოლი გაურკვევლობაშია
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა ჯერ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა, გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, რომლის მიმდინარე კონტრაქტს ამ სეზონის შემდეგ ეწურება ვადა, ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ერთ გუნდს არ დაპირებია ახალ კონტრაქტს და ჯერ არ ფიქრობს მომავალ კარიერაზე, რადგან მიმდინარე სეზონზეა კონცენტრირებული.

ოკლაჰომამ ფიშერი გაიფორმა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი მცველი დერეკ ფიშერი ისევ "ოკლაჰომას" რიგებში ჩაირიცხა. ყოფილმა ლეიკერსელმა დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

38 წლის კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრა ჩაატარა "დალასის" შემადგენლობაში, მაგრამ შემდეგ კონტრაქტის ანულირება მოითხოვა.

ფიშერი გასულ სეზონში სწორედ "ოკლაჰომას" რიგებში გამოდიოდა და გუნდთან ერთად ფინალამდე მიაღწია, სადაც "მაიამისთან" წააგო. დერეკი NBA-ს ხუთგზის ჩემპიონია "ლეიკერსის" შემადგენლობაში.

ბაინუმს ამ სეზონში ვერ ვნახავთ?
"ფილადელფიას" ცენტრმა ენდრიუ ბაინუმმა, შესაძლოა, მთლიანად გამოტოვოს NBA-ს წლევანდელი სეზონი.

გუნდის მთავარ მწვრთნელს დაგ კოლინზს ეჭვი ეპარება იმაში, რომ "ლეიკერსის" ყოფილი კალათბურთელი ამ რეგულარულისთვის მოასწრებს ოპტიმალური კონდიციების აღდგენას. და ეს იმის მიუხედავად, რომ ბაინუმმა უკვე დაიწყო ვარჯიში.

"ვარჯიშებზე ის ძალიან ჰგავდა იმ მოთამაშეს,. რომელსაც 9 თვეა, კალათბურთი არ უთამაშია, - ამბობს კოლინზი. - ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია მის დაბრუნებაზე ლაპარაკი. ენდრიუს დაგეგმილი აქვს ამ სეზონში თამაში, მაგრამ ჩემი აზრით, ამის შანსი თანდათან მცირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი და კობი ბრაიანტი კვირის მოთამაშეები არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული