შაკილ ო'ნილი: ჩემი და კობი ბრაიანტის წყვილი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
რომელ სატელევიზიო პროგრამაშიც არ უნდა გამოჩნდეს შაკილ ო'ნილი, ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა, თან არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის ვარსკვლავი უდგას გვერდით. მალე ამერიკის ერთ-ერთ საკაბელო არხზე გაჩნდება ახალი გასართობი პროგრამა, რომლის მთავარი მოქმედი პირი იქნება მხიარული შაკი...

- შაკ, გაგვიმხილეთ შთაბეჭდილებები ვარსკვლავური უქმეების შესახებ...
- მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება იმ მხიარულებისგან, რომელიც იქ სუფევდა. საითკენაც არ გაიხედავდი, ყველგან სუპერვარსკვლავს ხედავდი, ყოველდღე იმართებოდა მუსიკალური კონცერტები – მსგავსი ატრიბუტები ყოველთვის თან ახლავს კალათბურთის ამ ზეიმს. ჰიუსტონამდე მისვლა რთული არ ყოფილა, რადგან
იქვე ვცხოვრობ. ვცდილობ, ასეთ დღეებში მთელი ოჯახი შევკრიბო, ამიტომაც ნაადრევად ვზრუნავ ავიაბილეთებზე და სასტუმრო ნომრების დაჯავშნაზე.

- ამჯერად ხარჯი დიდი არ გექნებოდათ...
- რა თქმა უნდა. ნათესავებისა და მეგობრების დიდი ნაწილი სახლში მივიღე, დანარჩენები იქვე, სასტუმროში ცხოვრობდნენ. ბოლო ორი წელია, ვცდილობ, მეტი დრო გავატარო ბავშვებთან და ამ უქმეებმა ერთად ყოფნის საშუალება მოგვცა. მახსოვს, როგორ წაგვიყვანა მამამ პირველად "ყველა ვარსკვლავის მატჩზე", სადაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯულიუს ირვინგმა. ჩემს შვილებს ჯეიმსის, ბრაიანტისა და უეიდის თამაშის ყურება მოსწონთ, ამიტომაც მათ მივანიჭე ეს სიამოვნება.

- მოქმედი მოთამაშეებიდან ვინ არის თქვენი ფავორიტი?
- პირველ რიგში, ლებრონი მახსენდება. დღეს ის დაუჯერებელ თამაშს გვიჩვენებს, აკეთებს იმას, რაც ერთეულებს შეუძლიათ. ვფიქრობ, წელს ის მეოთხედ გახდება სეზონის MVP.

- ხომ არ ნერვიულობთ იმის გამო, რომ თქვენს შვილებს ლებრონის გამოსვლა უფრო მოსწონთ, ვიდრე მამის თამაში?
- არანაირი პრობლემა! მამაჩემი რაიონის საუკეთესო კალათბურთელი იყო, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა ირვინგის სიყვარულში.

- "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ხშირი ურთიერთობა გქონდათ ბრაიანტთან. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ლაპარაკობდით?
- არაფერი სერიოზული, უბრალოდ, ვიცინოდით. გეტყვით, რომ ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს ჩვენს ურთიერთობაზე. ჰგონიათ, რომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, რადგან ვერ აცნობიერებენ – კალათბურთი ბიზნესია. თქვენ ან კონცენტრირებული ხართ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ან დასახული ამოცანების გადაწყვეტაზე. მე მეორეს სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. ბუნებრივია, თითოეული მათგანი თავის თავში გუნდის ლიდერს ხედავდა და დროდადრო საკამათო სიტუაციები წარმოიშვებოდა, მაგრამ არანაირ მტრობაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

იყო ასევე გაუგებრობები მოედანზე, მაგრამ თუ საღად შეაფასებთ სიტუაციას, დაინახავთ, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე ძლიერი წყვილი ლიგის ისტორიაში.

- სერიოზული განცხადებაა...
- არგუმენტები გჭირდებათ? ჩვენ მოვიგეთ ოთხიდან სამი ფინალური სერია – მარტო ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. და ჩემთვის სულერთია ის, რომ ჩვენს შორის შუღლის დათესვას აპირებენ. კარიერაში რაიმეს შეცვლის საშუალება რომ მქონოდა, არაფერს შევცვლიდი. პრესას დრამა სჭირდება, ის ზეწოლას ახდენს მოთამაშეებზე. ამ ისტორიის დიდი ნაწილი ჟურნალისტებმა მოიგონეს, რომლებსაც მობეზრდათ "ლეიკერსის" დომინირება. დროა, მათ რაიმე ახალი მოიფიქრონ.

- სხვა თემაზე გადავიდეთ. მოგვიყევით შოუზე თქვენი მონაწილეობით, რომელიც სულ მალე დაიწყება.
- ორ მეგობართან ერთად მონაწილეობას მივიღებ სასაცილო კლიპებში, რომლებსაც ინტერნეტით გაუშვებენ. გასაგებია, რომ ასეთი შოუები მრავლადაა, მაგრამ შევეცდებით, ჩვენ განსაკუთრებულები ვიყოთ. კადრში დამეხმარება ორი კომიკოსი: გოდფრი და გერი ოუენი. მიმაჩნია, რომ სიცილი მოდუნების საუკეთესო საშუალებაა, ამიტომაც გადავწყვიტეთ კომედიური შოუს შექმნა, რომელიც საუკეთესო უნდა გახდეს გასართობ პროგრამებს შორის.

- სხვათა შორის, ზოგიერთ კომიკოსს დაეხმარეთ კარიერის მოწყობაში...
- მე გავხადე კევინ ჰარტი სახელგანთქმული. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთლიანად ჩემი დამსახურებაა, მაგრამ კარგი ტრამპლინი შევქმენით მისი კარიერისთვის, განვითარება მივეცით მის ნიჭს. ახალი შოუ მოწოდებულია, მსგავსი შესაძლებლობები შეუქმნას სხვა კომიკოსებს. ჩვენ ვგეგმავთ ტურს 25 ქალაქში და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა კომედიის მომავალი ვარსკვლავი სახლშია და თავის შანსს ელოდება.

- ტელემაყურებლებს ძალიან უყვარხართ. კამერის წინ მათთან ურთიერთობის რა სტილი გაქვთ არჩეული?
- როცა საქმე ანალიტიკამდე მიდის, თქვენ ან ლაპარაკობთ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ან სტატისტიკური მონაცემებით ხართ აღჭურვილი. მე ვლაპარაკობ გამოცდილებიდან გამომდინარე და მაყურებელს ეს მოსწონს. "NBA-ს შიგნით" – ნომერ პირველია მსგავს პროგრამებში. ვცდილობთ არა მხოლოდ მივიტანოთ ხალხამდე საინტერესო ფაქტები, არამედ გავაცინოთ ისინი. ჩვენი მაყურებელი ჭკვიანია, მას არ სჭირდება ბევრი სისულელის მოსმენა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წესიერად არ უთამაშიათ NBA-ში - მაგალითად, ასეთია ჯალენ როუზი (ყოფილი მოთამაშე, ამჟამად ESPN-ზე მუშაობს).

- მკაცრი ნათქვამია...
- მართლა ასე ვფიქრობ. შეგიძლიათ სიტყვასიტყვით დაწეროთ.

- მოდით, ნეიტრალურ თემაზე გადავიდეთ. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენი სახელობის პირველი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვით. მაშინ დროს გაუსწარით და უდიდესი პოპულარობა მოიპოვეთ. ახლა ისევ ბრუნდებით მაღაზიების ვიტრინებში. რამ გამოიწვია ეს?
- პოპულარული ხაზის განახლება – ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. ამჟამად მსხვილ ქალაქებში ბევრი მაღაზიაა, რომელიც ძალიან დიდ ფასს ადებს სპორტულ ფეხსაცმელს. ერთხელ ბავშვებმა ასეთ მაღაზიაში წამიყვანეს. იცით, რა ღირდა იქ ერთი წყვილი ფეხსაცმელი? 1500 დოლარი!

დღეს სპორტული ფეხსაცმლის წარმოებისთვის გამოიყენება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები. მარკეტინგული განყოფილება ბევრს მუშაობს ახალი მოდელის პოპულარიზაციაზე და ამისთვის ცნობილი სპორტსმენების სახელებს იყენებს.

- თუ ეს სპორტული ფეხსაცმელი გარეგნულად კარგი იქნება – ის დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს მყიდველებში.
- ასე იქნება და თუ წინასწარ გამოვაცხადებთ, რომ გამოშვებულია, მაგალითად, 80 ათასი წყვილი, მაღაზიებში პირველ დღეებში ნამდვილი საგიჟეთი იქნება. ამიტომაც, როცა ახალ მოდელზე მუშაობა შემომთავაზეს, გადავწყვიტე, რომ ეს კარგი იდეა იყო. სხვათა შორის, ჩემმა ბავშვებმა მომაწოდეს ამ იდეის რეალიზაცია. მათი მეგობრები მზად არიან, ზედმეტი ორასი დოლარი გადაიხადონ იმისთვის, რომ პირველებმა მიიღონ ეს ფეხსაცმელი.

- რა გრძნობაა 20 წლით უკან დაბრუნება?
- უცნაური ემოციები მაქვს. მადლობას ვუხდი კომპანიებს წარმოდგენილი შესაძლებლობისთვის. დიზაინერებთან მუშაობისას, ვცდილობდი, ფეხსაცმელებისთვის ფუტურისტული სახე მიმეცა. თავიდან ხელმძღვანელებს არ უნდოდათ მისი გამოშვება. დაახლოებით ასე ფიქრობდნენ: "ჩვენ არაფრის დიდებით არ გავყიდით ამ საშინელებას". დიდი დრო დაიხარჯა კამათში და მათ დასარწმუნებლად, რომ ლურჯი ფერი კარგია. და მე მართალი აღმოვჩნდი.

- საბოლოოდ, ზუსტად ის გამოვიდა, რაც გინდოდათ?
- დიახ. მაშინვე ვთქვი: "უნდა მოვიშოროთ ძველი იდეები და შევქმნათ რაიმე ახალი". ხანდახან ქუჩაში ვსეირნობ და ყურადღებას იქცევს ის, თუ რა ცუდი გემოვნების ფეხსაცმელებით დადიან ადამიანები. მინდა შევქმნა დასამახსოვრებელი მოდელები, რათა ხალხმა მათ თვალი არ მოაცილოს მაშინაც, თუ მისი ყიდვა არ სურს.

- 1993 წელს თქვენი ფეხსაცმელების რეკლამაში რამდენიმე ლეგენდა იღებდა მონაწილეობას, ისეთები, როგორებიც არიან ქარიმ აბდულ-ჯაბარი და ბილ რასელი. როგორ მოახერხეთ მათი დაყოლიება?
- მახსოვს, კოლეჯში მარკეტინგის მენეჯერმა მითხრა: "დიდი ბიჭები არასოდეს იქნებიან კომერციულად მომგებიანები". მე უნდა მომენახა ხერხი იმის გასამტკიცებლად, რომ ის ცდებოდა. გადავწყვიტე, რომ წარსულის ლეგენდებთან ერთად შევძლებთ ბევრი მყიდველის მოზიდვას. თავიდან ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ დავარწმუნე ასეთი რეკლამის აუცილებლობაში და ვფიქრობ, რისკმა გაამართლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსს" ლიდერებთან უჭირს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული